×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

“ერთი წუთით ყურადღება!

აქამდე ჩვენ საქმე გვქონდა მხოლოდ მოცულობასთან, შავ თეთრ ნახატში მოცულობითი მხარე ეს არის უნივერსალური შუქის და ჩრდილის შეფარდება. იმისათვის, რომ სურათი სწორად იქნას აგებული, საჭიროა წინასწარ განვსაზღვროთ და გავიაზროთ, რომ ზუსტად იყოს განაწილებული ჩრდილი და შუქი.”

ამ ფრაზით იწყება გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის საოცარი ფილმი “ათოვდა ზამთრის ბაღებს“, რომლის დამდგმელი მხატვარი ყველასთვის ცნობილი და გამორჩეულად ნიჭიერი ნოდარ ბადურაშვილია.

ჰოდა, ერთი წუთით ყურადღება! ჩვენი რუბრიკის “ამბები ადამიანებზე” დღევანდელი სტუმარი სწორედ ნოდარ ბადურაშვილზეა, მხატვარზე, რომლის საოცარი ნახატებიც “ათოვდა ზამთრის ბაღებს”.

რუბრიკას კი “აიპრესი”, გალერეა “არტ ქორნერი” და ონლაინ გალერეა “არტ რუმსი წარმოგიდგენთ

ნოდარ ბადურაშვილზე, როგორც „ლევკასის დიდოსტატზე“ და ამ გამორჩეული ტექნიკის უბადლო შემსრულებელზე, მოგვიანებით ვრცელ ვიდეორეპორტაჟს და ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოგიყვებით და გაჩვენებთ როგორ იქმნება ტილოზე “სამოთხის ბაღი”  “ჟამი ბროწეულისა”, “ზღაპარი”, “ნარცისი”, “პეპლების დამჭერი” და….”ბახუსი”.

“ასე მგონია ისევ 25 წლის ვარ, ახლა ვიწყებ ყველაფერს. სარკეში ჩახედვა არ მინდა, იმიტომ კი არა, რომ არ მომწონს ჩემი თავი, არა, უბრალოდ, ვერ ვცნობ…“ – ასე იწყებს ამბის მოყოლას ჩვენი სტუმარი.

 ნოდარ ბადურაშვილი: მგონია, რომ ახალგაზრდა ვარ სულ. შიგნით ახალგაზრდა ვარ, და თითქოს წინ მაქვს გზა, რომელსაც დავძლევ, ან შევქმნი ახალს. ჩემს თავს იმით ვათამამებ ხოლმე, რომ ეტყობა არ მითქვამს ჯერ არაფერი, ჯერ კიდევ სათქმელი მაქვს გადმოსაცემი და იმედი მაქვს,  მაცდის დრო, ღმერთი, განგება.

ჩემი ვითარება და პოლიტიკა არის ჩემი შემოქმედება და შემოქმედება არის დროის გარეშე. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ დრო არსებობს. დრო არ არსებობს. მეშინია ხალხის, მიყვარს ხალხი, გავურბივარ და მათთვის ვქმნი. ადამიანებისთვის ვქმნი. ვისაც უნდა მოვიდეს საურთიერთობოდ, დამელაპარაკოს, მე ყოველთვის მზად ვარ…

მინდა ადამიანი, ხალხი თავისუფალი იყოს, სილაღე იგრძნოს, არ იყოს სიმძიმე მასში, მაგრამ არა ზედაპირული სილაღე. ძიების პროცესი არის სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე. მე კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ გზაში ვარ, ჯერ ბებერი არ ვარ, ახალგაზრდა ბიჭი ვარ, სასაცილო ბიჭი.”

დიახ, ნოდარ ბადურაშვილი მარად ახალგაზრდაა და მისი არტი კი “უბერებელი”…

ნოდარ ბადურაშვილის და ფილმის სიყვარული დიდი ხსნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ „შერეკილებიდან“ და „ვერის უბნის მელოდიებიდან“. ამაზე მან ნიკა წულუკიძესთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა

ნოდარ ბადურაშვილი: ძალიან მიყვარდა კინო. გამნათებლად ვმუშაობდი ჯერ კიდევ შენგელაიას ფილმებზე, “შერეკილები” და “ვერისუბნის” მელოდიები , მაშინ ვაბარებდი აკადემიაში. დიმა თაყაიშვილი იყო ჩემი რეჟისორი. 5 ფილმი გადავიღე, აქედან ერთი იყო მნიშვნელოვანი. დანარჩენს არაუშავდა, მერე დავანებე თავი, ჩავთალე, რომ  თუ ნიჭიერი კაცი ხარ, ინდივიდუალურად უნდა იმუშავო. რეჟისორია მთავარი კინოში. მხატვრობაში კი, ჩემს შემოქმედებაში,  მხატვარიც, რეჟისორიც, მსახიობიც, ქორეოგრაფიც და ყველაფერი მე ვარ. ჩემზეა დამოკიდებილი ყველაფერი.

 ნოდარი უცნაური მხატვარია… ალბათ იმიტომ, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი უცნაურია… ის არასდროს ელოდება დიდებას და პატივს… მისი დიდება უდიდებულესობა მუზაა, პატივი კი რიფითი ადამიანების სიყვარული…

“მგონია, როდესაც შეაქებ ადამიანს ის დუნდება. მთელი ცხოვრება ძირითადად, არავის არ შევუქივარ მაგრამ მე ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. 70 წლის ვსრულდები, გამოფენის გაკეთებას  ვაპირებ ძალიან მალე, ჩემი მეგობარი გალერეა “არტ ქორნერი” მეხმარება ძალიან საუკეთესო პირობები რომ მქონდეს… ვფიქრობ, შრომა დამიფასდება…

ერთი წუთითაც არ გავჩერებულვარ, არ დავლოდებირვარ იმას, რომ  წარმატება მექნება, რაღაც გაიყიდება. თუ ამაზე იფიქრე გამოდის, ვაჭრუკანა ხარ. კომერცია რაღაც ყალიბში გსვამს და ხდები ერთჯერადი მხატვარი. ერთი მიმართულებით მიდიხარ. მთელი ცხოვრება იმას ვფიქრობდი, მრავალფეროვანი ვყოფილიყავი.

ძალიან დიდი სითბოთი ყველასთვის საყვარელ თემო გოცაძეს იხსენებს… როდესაც თანამოაზრე მხატვრებზე ეკითხები, პირველად ბატონ თემოზე გიყვება…

ნოდარ ბადურაშვილი: მხატვრის სახლში, სახელოსნოს დირექტორი იყო მაშინ თემო გოცაძე. მაშინ დავანებე კინოს თავი და 6 წელი ვიყავი ამ სახელოსნოში. ბევრი საინტერესო სურათი შევქმენი. მერაბ აბრამიშვილი ჩემი მეგობარი იყო, მე ვაზიარე ლევკასის ამ ტექნოლოგიას, მერაბი გენიალური მხატვარი იყო…

მაშინ მითხრა მერაბმა, ნოდარ, მოდი შენც გააკეთე, ამ საქმეში ვიყოთო, მე ვუთხარი: დამანებე თავი, მე ზეთში უნდა ვიმუშავო თქო…

ნოდარის ზეთში ნამუშევრები არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცნობილია და ნამდვილი ფერთა ზეიმია… მაგრამ, ამ ყველაფრის მიღმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი – მისი, როგორც ადამიანის როლი ამ ცხოვრებაში. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ 22 წელია ბატონი ნოდარი ბავშვთა თავშესაფარში მუშაობს ხატვის პედაგოგად…

ნოდარ ბადურაშვილი: 22 წელია ვმუშაობ ბავშვთა თავშეფარში ხატვის პედაგოგად. არაფერს ვასწავლი, ჩვენ ერთად ვერთობით, ვხატავთ, განმუხტვის გაკვეთილები გვაქვს. იქ არ არის ვალდებულება ვასწავლო აკადემიური ხატვა. ეს არის ჩემი თავისუფლება. არ გაპატიებს ბავშვი, თუ რამე არ იცი. თუ შეგამჩნიეს, რომ რაღაც არ შეგიძლია, ეგრევე გეტყვის და რომ ხედავს ესეც შეგიძლია და ისიც, მოგყვება, შენია თავიდან ბოლომდე. კვირაში ორჯერ ვატარებ გაკვეთილს. არ არის ვალდებული ბავშვი მოვიდეს და დაჯდეს გაკვეთილზე, თუ უნდათ მოდიან და ყოველთვის ხვდებათ ახალი ფურცელი, ახალი საღებავი. ძველ ფურცელზე არ ხატავენ…

ამ ბავშვებიდან ბოშა გოგო მარტინამ თავისი ლამაზი და შემოქმედებითი გზა იპოვა გერმანიაში… იქ გააგრძელა სწავლა და მხატვარი დადგა… ნოდარმა კი თავის საყვარელ ბავშვებთან ერთად ორჯერ აიღო გრან-პრი ნიუ იორკში, გაეროს შტაბ ბინაში.

ნოდარ ბადურაშვილი: მიკვირს ხოლმე მხატვრები ერთი დ აიგივეს რომ  აკეთებენ. მაშინ პრინტები იყიდეთ , რაღად გინდათ მსგასი სურათის დახატვა. ჩვენი გალერეის პლიუსი ის არის, რომ მაძლევენ თავისუფლებას, შემიძლია, როგორც მინდა ისე გავგიჟდე ეს ბებერი კაცი.

ზოგი მხატვარი გარეგნულად მეამბოხეა, ნახატში კი ისეთი ნაზი და უსუსურია… მგონია მხატვარმა ტილოზე უნდა გამოხატოს მეამბოხე სული.

დღეს ინსტსლაციებს რომ აკეთებენ, მიმაჩნია, რომ ამ პატარა სამყაროში, საქართველოში ამის კეთება  არარენტაბელურია. დამნახავი აღარ ჰყავს. შეიძლება დიდ ქვეყნებში აფასებენ, მაგრამ აქ ფუნქცია არ აქვს. არ მესმის ეთრთჯერადი ნამუშევრის გაკეთება, რომელიც უნდა დაშალო და წაიღო. ან თეატრში უნდა იყოს, ან კინოში. ან ვერ ვიგებ, ან რაღაცას ჩამოვრჩი, ან ეგენი აფრენენ… ან მე ვაფრენ, არც მაგას გამოვრიცხავ… ისე, კი, უნდა გააფრინო, ისე არ შეიძლება…

ზამთარი, კარქი საქეიფო ადგილი, ჭიქა ღვინო და მეარღნე ნოდარ ბადურაშვილის თემატიკაში ხშირად გვხვდება…  ” ბახუსის” თემა ცხოვრებაშიც უყვარს, ოღონდ ზომიერად, ნახატს რომ მოუხდეს, ისე…

ნოდარ ბადურაშვილი: თითქოს მუდმივად ვსვამ, მაგრამ არა ისე, რომ დავთვრე, ვიღლები და სტიმულს მაძლევს ერთი, ორი ჭიქა ღვინო. არაყი აშტერებს. ღვინო თანაბრად მიდის, გამოგზაურებს. დიდი ენერგიაა საჭირო  ნახატების შესაქმნელად. გუშინ მაგალითად, უშველებელი სურათი დავხატე. მაგალითად ფიროსმანი, რომ იწყებდა ხატვას,  ბავშვივით იმ წუთში ამთავრებდა, მისი ნახატები არ  არის ნაწვალევი სურათები.

მხატვარი ამბობს, რომ “ძალით ფიროსმანობა”  სულ  მოგონილი ამბავია…

ნოდარ ბადურაშვილი: ძალით ფიროსმანობა რომ დაიწყო, სისულელეა… ფიროსმანი იყო ერთადერთი და მორჩა! საკუთარი ბიოგრაფია უნდა გქონდეს. ბიოგრაფია არ მიძებნია, თვითონ მოდის ის ამბავი, ის შემთხვევითობა. არ ვარ მაძიებელი  ეფექტების და რაღაც ზღაპრების.

მენანება ის დრო, როდესაც არაფერს ვაკეთებ. ყოველდღე ვმუშაობ, ახლა მითუმეტეს. ეს  სუნთქვასავითაა,  რომ არ დავხატო მოვკვდები. მხატვრობა ჩემთვის სუნთქვაა…

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე

სტატიის ავტორი , 2022-03-16


კომენტარები