×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

გიგო გაბაშვილის უცნობი ფოტოხელოვნება

ცნობილი ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის შემოქმედებას საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ხელოვანი ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. მისი ფოტოხელოვნება ისეთივე მნიშვნელოვანი და გამორჩეულია, როგორც მხატვრობა. 

გიგო გაბაშვილი 1862 წელს დაიბადა, იგი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებლად მიიჩნევა. 1886 წელს მხატვარი პეტერბურგის სკოლაში  ჩაირიცხა და წარმატებით განაგრძო სწავლა. მან პეტერბურგშივე გაიცნო ილია ჭავჭავაძე, რომელიც მისი ჩანახატებით აღფრთოვანდა და გაზეთ „ივერიაში“ ახალგაზრდა მხატვრის წარმატების შესახებ სტატიები დაბეჭდა.  სწორედ ილიას დახმარებით  გიგომ პირველი ფოტოაპარატი შეიძინა. 1888 წელს მან   პეტერბურგში სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა და სამშობლოში წარმატებული ხელოვანის სახელით დაბრუნდა. ხელოვანი მთელი ცხოვრების განმავლობაში  ახალი ინფორმაციების მიღებასა და საკუთარი ნამუშევრების დახვეწას ცდილობდა. ის განათლებას უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მისი ნამუშევრები მე-19 საუკუნის რუსული და ევროპული რეალიზმის ფერწერის ძირითად პრინციპებს იზიარებს და ძალიან მნიშვნელოვანია  ჩვენი ქვეყნისთვის.

ფოტოების გადაღება, რომლებმაც ჩვენამდე შუშის ნეგატივების სახით მოაღწია, გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო, მან მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის სახეები გააცოცხლა, უმეტესად ნატურალისტური, შიშველი ქალები, სამარყანდის, ხევსურეთისა და ძველი თბილისის ელემენტებით გადაიღო. არაჩვეულებრივი შუქჩრდილები, ხასიათის საოცარი გამოხატულება, შიშველი სხეული და ძალიან თანამედროვე ნარატივი ხელოვანის ნიჭიერებასა და განსაკუთრებულ ხედვას უსვამს ხაზს.

გაბაშვილი ხშირად სტუდიურ, ხელოვნურად დადგმულ ფოტოებს იღებდა. შავ-თეთრ ფოტოებში მთავარ როლს შუქჩრდილები თამაშობს, განათებული სხეულები, რომლებსაც მზის სხივები ეცემა და ჩაბნელებული უკანა ფონი. ხელოვანი ხშირად ფონს ფირების ერთმანეთზე გადადებით აბნელებდა და მისტიკურ, თეატრალიზებულ განწყობას ქმნიდა. არაჩვეულებრივი გემოვნებით, სისადავითა და სწორად დასმული აქცენტებით გადაღებული ფოტოსურათები ნამდვილად წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველზე, რომელსაც დრამატული განწყობა ეუფლება.

გიგო გაბაშვილი თავისი ნამუშევრებით ფერწერასა და ფოტოგრაფიას შორის სიმბიოზურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ფრთებით წარმოდგენილი ქალები, შიშველი სხეულები, რომლებიც თითქოს ჰაერში ლივლივებენ მისი ფერწერის დამახასიათებელი ელემენტებია, რომელიც ავტორის ფოტოხელოვნებაშიც ვლინდება. გიგო გაბაშვილს არაჩვეულებრივ ფოტოგრაფად განათება აქცევს, რომელიც მის მიერ გადაღებულ ყოველ სურათში შესანიშნავად აისახება და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

გაბაშვილი, როგორც ფოტოგრაფი, საზოგადოებამ საკმაოდ გვიან გაიცნო, თუმცა მისი დამსახურება, როგორც მხატვრის, ყოველთვის ძალიან დიდი იყო. იგი არის შემოქმედი, რომელიც ხელოვნების ორივე მედიუმს არაჩვეულებრივად ფლობს და გამორჩეულ, ინდივიდუალურ სტილს წარმოგვიდგენს.

რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში 

 

ქართული ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში გიგო გაბაშვილი (1862-1936) რეალისტური ფერწერის ფუძემდებლად არის აღიარებული. თუმცა მისი  ფოტოარქივის გასაჯაროვების შემდეგ გაბაშვილმა განსაკუთრებული ადგილი ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაშიც დაიკავა.

იმ შემოქმედებით სივრცეში,  სადაც საბჭოთა იდეოლოგიური დოგმები და მკაცრი პურიტანული განწყობები დომინირებდა მე-20 საუკუნის 20-იანი და 30-იან წლებში , გიგო გაბაშვილი  -  აღიარებული რეალისტი მხატვარი - თათამამი და დახვეწილი ეროტიზმით გაჯერებული არტისტული ექსპერიმენტების ავტორად გვევლინება. გაბაშვილის გარდა შიშველ სხეულებზე შესრულებული ამ მასშტაბისა და რაოდენობის ეტიუდები ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას, მითუმეტეს, საბჭოთა პერიოდში,უბრალოდ არ შემოუნახავს. 

საბჭოთა რეალობამ პარტიული იდეოლოგის პროპაგანდის ზეწოლით,ფაქტიურად, ხელოვნების ყველა დარგის, მათ შორის ვიზუალური ხელოვნების “ასფიქსია“ მოახდინა. ამგვარ გარემოში პროგრესული, ეპოქის შესატყვისიდა გულრწფელი შემოქმედების ადგილი აღარ დარჩა.

 

     


© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი II. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

საბჭოთა კავშირის ყველაზე მძვინვარე პერიოდის - მისი პირველი ათწლეულების ნამდვილი ტერორის ფონზე,  როდესაც განსხვავებულად ხედვა, აზროვნება, ცხოვრების წესი და მისწრაფები სასტიკად ისჯებოდა, გიგო გაბაშვილის “არაკანონიკური“ ფოტოგრაფიასაბჭოთადოგმების, „კანონიკურად" დაშვებული სიუჟეტების, ერთფეროვნებისა და ბანალურობის წინააღმდეგ ამბოხად შეიძლება განხილული იყოს.

გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფიული  მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი  ნაწილი   მის სახელოსნოში შექმნილი ფოტოების დიდი სერიაა - ეტიუდიები - ექსპერიმენტები შიშველ  სხეულზე.

 

© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი III. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

როგორც ნატურალისტი და კომპოზიციის ჭეშმარიტი ოსტატი, გიგო გაბაშვილი თავდაპირველად ფერწერული ტილოების შესაქმნელად იყენებს ფოტოგრაფიის შესაძლებლობებს. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ევროპელ მხატვრებში ფოტოგრაფიის გამოგონების პირველი წლებიდანვე. საქართველოში იმ მხატვრებს შორის, ვინც აქტიურად იყენებდა ფოტოებს მუშაობისას სხვებთან ერთად ნიკო ფიროსმანიც იყო. თუმცა სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ნამუშევრებს იყენებენ ხატვისას, გიგო გაბაშვილი თვითონ იღებს, თვითონ არის ფოტოგრაფი.
 

 



© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი IV და V. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფია, ისევე როგორც ფერწერა სავსეა რელიგიური და მითოლოგიური ქვეტექსტებით და სიმბოლიკით, ისევე როგორც ალეგორიებით და ფანტაზიებით. თუმცა გაბაშვილის ფერწერა “კანონიკურია“. მაშინ როდესაც ფოტოგრაფია, როგორც ვიზუალური პრაქტიკა, გიგო გაბაშვილს დოგმებისგან  თავისუფალი ექსპერიმენტული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. აქ გაბაშვილი ცენზურისგან და, მეტიც, თვითცენზურისგან თავისუფლდება. მისი ფოტოები ეპოქისთვის და რეჟიმისთვის უჩვეულო ეროტიკული სიმძაფრით გამოირჩევა  და დიდი ფერმწერის, სოც რეალიზმის ფუძემდებლის დაფარულ და უაღრესად მომხიბლავ მისწრაფებს ააშკარავებს. 
 

შიშველი სხეულზე მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების გარდა, გაბაშვილის არქივი შუააზიაში - ბუხარასა და სამარყანდში, ისევე როგორც  საქართველოში, ქართლის მთიანეთში და თუშ-ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის ამსახველ ფოტო მასალასაც აერთიანებს.  

მხატვრის ფოტო არქივი, რომელიც 684 ნეგატივს აერთაინებს, 1936 წელს, მისივე ანდერძის თანახმად, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სადაც დღემდე ინახება.  მხატვრის გარდაცვალებიდან  ნახევარ საუკუნეზე მეტი მისი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ფართო პუბლიკისთვის უცნობი იყო. და მხოლოდ ფოტოების ნაწილის პირველი საჯარო გამოფენის და წიგნის პუბლიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი ქართულ ფერწერაში  რეალიზმის ფუძემდებლის - გიგო გაბაშვილის -  თამამი და პიკანტური ფოტოგრაფიული ექსპერიმენტები.    




© გიგო გაბაშვილი. ნატურმორტი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

სტატიის ავტორი წყარო: ირინე შავლაძე hammockmagazine.ge, 2021-05-25


კომენტარები