×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

თავდაპირველად ის გაიცნეს როგორც “ბუშტებიანი გოგოს” მხატვარი… გოგოსი, რომელიც ბუშტებით ხელში, სადღაც მიფრინავდა და ათას რამეზე ოცნებობდა… მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ახალგაზრდა მხატვარ ირაკლი კუნჭულიას უკვე ყველა ცნობს თავისი ხელწერით და ნახატებით, რომელზედაც საღებავების სიუხვე და სიჭრელე მაშინვე იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

“თავისუფლება ჩემთვის არის  ჩემს თავთან ყოფნა. იმას ვაკეთებ, იმას ვხატავ რაც მინდა.ეს  დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვხვდები, რომ ამ დროს ვარ ყველაზე თავისუფალი, იმიტომ რომ იმ სამყაროს ვქმნი ტილოზე, რომელიც ჩემია  და ჩემგან მიდის, ჩემი ემოცია იდება…” – ასე გვიყვება ამბავს თავისუფლებაზე ირაკლი, რომელიც ახლა “აიპრესის” სტუმარია.

ირაკლი, როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. თქვენი ნახატები ძალიან ფერადი და ჭრელია. ხშირია საბავშვო თემატიკა, კოსმონავტები, თვითფრინავები, ბუშტები.  ხომ არ ხატავთ იმას, რაზეც ბავშვობაში გიოცნებიათ და გიფიქრიათ?

ბავშვობაში მინდოდა მფრინავი გამოვსულიყავი. ერთ დღესაც დავხატე ასეთი კომპოზიცია, გოგო ბუშტებით ხელში. ჩემს გოგოს “მეოცნებე” დავარქვი.შემდეგ ბევრი სერია დავხატე, ყველა სხვადასხვა, არცერთი არ ჰგავდა ერთმანეთს. ახლა ვფიქრობ სხვა თემატიკაზე გადავიდე, რადგან  სულ ახლის ძიებაში ვარ.

გამოდის, თქვენი სავიზიტო ბარათი იყო მეოცნებე გოგო ბუშტებით ხელში

ასე გამოვიდა. არ მინდა, რომ რაღაც კონკრეტულთან ვასოცირდებოდე, მინდა ყველაფერი გავაკეთო და ბევრს ვმუშაობ. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ბევრი მიცნობს, როგორც ბუშტებიანი გოგონას ავტორს.

ყველა მხატვარს აქვს თავისი გამორჩეული სტილი და დეტალი, ცნობენ უკვე თქვენს ხელწერას?

რა თქმა უნდა, ყველა მხატვარს აქვს თავისი ხედვა, ხელწერა. იყო შემთხვევა, როდესაც ნამუშევრებზე უთქვამთ, -ეს ხომ შენი ნახატიაო.

და რაც მთავარია, ნამუშევრებზე არ გენანებათ საღებავი, ისეთი დატვირთული და უხვი ფერები გაქვთ…

საღებავი არ მენანება, რა თქმა უნდა. ზოგადად ზეთის საღებავი ისეთია, თითქოს გელაპარაკება ხატვის დროს, რაღაცებს მთხოვს – გამასუქე, გამახდუნე, ფერი მომიმატე. ფერწერა იგივე ფერთან თამაშია.

ფერებთან მიდგომაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მხატვარი თავის პიროვნებიდან  გამომდინარე  უნდა ხატავდეს.

არიან მხატვრები, რომლებიც თავიანთ ნახატებს არ ყიდიან, სხვათა შორის ძალიან კარგი მხატვრები. გულწრფელად გეტყვით, მე მათი არ მესმის და არც “სახლში გამოკეტილი” ნახატების მომხრე ვარ. არის ასეთი მოსაზრება, რომ ნახატები, რომლებიც გასაყიდად კეთდება,  გულიანად და ემოციურად არ იქმნება. თქვენს ნახატებზე ამას ვერ ვიტყვი. სინამდვილეში თქვენ როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს?

ბოლო დროს, ყველა ვინც ფუნჯით ხაზს გაავლებს, მხატვარს ირქმევს სახელად. ჩემთვის სიტყვა  „მხატვარი“,  სულ სხვა რამეს ნიშნავს. როცა გასაყიდად მუშაობ, ის ემოცია და შემოქმედება ალბათ არ არის. მორგებული ხარ სხვის ინტერესზე.  სხვას  რაც მოეწონება ის უნდა დახატო და  შენს ემოციას ვერ გადმოსცემ. მთავარია, თვითონ მხატვარს მოსწონდეს რასაც ხატავს და მერე ალბათ, სხვასაც მოეწონება. არ არსებობს ისეთი ნახატი, რომელსაც მომწონებელი არ ჰყავს. როგორიც არ უნდა  იყოს, ვიღაცას აუცილებლად მოეწონება.

ყოფილა ნახატი, რომელიც არ მოგწონებია და გადაგიხატავს თავიდან?

ძალიან ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა.  მაგალითად,ერთი ჩემი მეგობარი, რომელთანაც ერთად ვმუშაობ, არცერთ ნახატს არ გადახატავს თავიდან, ყველას ინახავს. მე კი, თუ ოდნავ რამე არ მომეწონა, შემიძლება  ასჯერ შევცვალო. იყო შემთხვევა სხვას მოსწონებია და გამიჩუქებია კიდეც. მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

ჩემი აზრით მხატვრობა, მხოლოდ შემოქმედებითი ნაწილი არ არის, ეს არის პროფესია, პასუხისმგებლობა ადამიანის წინაშე, რომელმაც ეს ნახატები უნდა აიღოს, თავის სახლში დაკიდოს და უყუროს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ვინმე დარჩენილა უკმაყოფილო, ან შენ გაბრაზებულხარ  ურთიერთობის ფორმაზე?

ერთი შემთხვევა მახსენდება… მომიტანეს ნამუშევარი, იქნებ ეს შემიცვალო, კომპოზიცია გადამიკეთოო. ძალიან  გავბრაზდი. როგორ შეიძლება ეს მხატვარს მოსთხოვო, მაშინ შენ აიღე ფუნჯი და შენ თვითონ დახატე. ბუნებრივია, ყველა მხატვარს აქვს შეკვეთა და არასდროს ვიღებ ისეთ შეკვეთებს, სადაც შეიძლება მიმითითონ, თუ როგორ უნდა დავხატო. შეიძლება მითხრან კომპოზიცია ასეთი უნდა იყოსო და შემდეგ მე თვითონ ვაწყობ. როდესც ვინმე ჩაერევა შემოქმედებით პროცესში, კარგი ნამუშევარი არ გამოდის.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს შეუძენია ჩემი ნახატი და მეორეს მოსდომებია ზუსტად ისეთივე, მაგრამ ზუსტად იგივე არ გამოდის, ცოტა რაღაცეები აუცილებლად შეიცვლება.

როგორ ამბობენ, მხატვრები ყველაზე თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ ბევრ რამეს. არსებობს თუ არა  „წითელი ხაზები“, რომელიც  მხატვარმა  არ უნდა გადაკვეთოს?

მხატვარმა ის უნდა აკეთო, რაც შენ გაგიხარდება, მაგრამ არის რაღაცეები, მაგალითად რეალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის მიუღებელია. საკუთარ ნახატებზე, რომ  აქციას აცხადებ  და ამას აკეთებ მუდმივად, ჩემთვის ეს არის წითელი ხაზი. რატომ უნდა აკადრო საკუთარ თავს და შენს ნამუშევარს ასეთი რაღაცა. ასეთი მიდგომები, ჩემთვის არის წითელი ხაზი. ნამუშევრების მუდმივად აქციაში დადებას, არ სჯობს უკვე ფასდაკლებული შესთავაზო მყიდველს?

ასევე, წარმოუდგენელია ჩემთვის მხატვას როგორ უნდა უთხრა ეს ასე დამიხატეო,მხატვარს არ უნდა აკადრო ასეთი რამ. რატომღაც მხატვრებს  გაჭირვებულებად აღიქვამენ. ეს არ არის სწორი.

თუ არიან, ან იყვნენ შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც  ვერასდროს  დაივიწყებ იმის გამო, რომ შენს შემოქმედებაში ძალიან დიდი ბიძგი და სტიმული მოგცეს?

ცხადია, არიან ასეთი ადამიანები. მე 90-იან წლების თაობის წარმომადგენელი ვარ და მაშინ სკოლაში ისწავლებოდა ხატვა. გაჭირვების პერიოდი იყო, აკრილზე საერთოდ ლაპარაკი არაა, ზეთიც თითქმის არ იშოვებოდა და გუაში იყო ძირითადად. სკოლის მასწავლებლებმა მომცეს ბიძგი და მაშინ მივხდი, რომ ხატვა კარგად გამომდიოდა ვიდრე სხვა რამ და ეს უნდა მეკეთებინა.

არის ასეთი ძალიან მაგარი პედაგოგი, ბეჟან შველიძე, რომლის  სახელოსნოში გავიზარდე სანამ აკადემიაში ჩავაბარებდი. ეს ადამიანი არის ჩემთვის მისაბაძი. ძალიან თავისუფალი იყო თავის ნამუშევრებში, ახლაც კი, 92 წლისაა და ასე მუშაობს. დიდ ემოციებს იწვევდა ჩემში. თან ის მომწონდა, რომ ჩემს მუშაობაში არ ერეოდა. მისი ოსტატობით ძალიან გაოცებული ვიყავი.

ამის შემდეგ რაღაც პერიოდი გავიდა და  შემთხვევით, გალერეაში გავიცანი ერთი ადამიანი, კახა კაკაბაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს  შემოქმედად შედგომაში. იმ პერიოდში ვიყავი ჩვეულებრივი, აკადემიადამთავებული მხატვარი. ცოტ-ცოტას ვმუშაობდი. მას გალერეაში ერთი ჩემი ნახატი ძალიან მოეწონა. შემომთავაზა წავსულიყავი მასთან სახელოსნოში და იქ მემუმუშავა. ამ ადამიანმა მართლაც მომცა დიდი ბიძგი. იმ დროს შემიწყო ხელი, როდესაც ძალიან მჭირდებოდა დახმარება და  მისი მადლიერი ვარ და ვიქნები მთელი ცხოვრება. ის რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდი. იმ დროს მითხრა, რომ ძალიან ბევრი უნდა მემუშავა, როდესაც არაფერს ვაკეთებდი.

როდის მიხვდი, რომ ხატავდი და არ ერთობოდი? რომელმა ნახატმა მიგახვედრა ეს?

ასე ვერ დავკონკრეტდები. როდესაც ყველაფრისგან გავთავისუფლდი, მივხვდი, რომ მიბაძვით არ უნდა დამეხატა, ჩემი უნდა მქონოდა, ეს იყო ზუსტად გადამწყვეტი ჩემს შემოქმედებაში. იმ სახელოსნოში დავიწყე ჩემი თავის რეალიზება. მერე შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი მეგობარი ირაკლი ჩიქოვანი, მოგვიანებით შემოგვემატა ბექა სვირავა და უკვე მე-6 წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვმუშაობთ. დავაარსეთ საქართველოში პირველი ღია სახელოსნო, სადაც მსურველებს, ნახატის შეძენასთან ერთად, შეუძლიათ გაეცნონ მხატვარს, თავალი ადევნონ მის მუშაობას.

ძალიან ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა თავისუფლება, რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?

თავისუფლება ჩემთვის არის  ჩემს თავთან ყოფნა. იმას ვაკეთებ, იმას ვხატავ რაც მინდა.ეს  დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვხვდები, რომ ამ დროს ვარ ყველაზე თავისუფალი, იმიტომ რომ იმ სამყაროს ვქმნი ტილოზე, რომელიც ჩემია  და ჩემგან მიდის, ჩემი ემოცია იდება. ზუსტად იმ ნახატებში, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს, იგრძნობა ჩემი თავი. მაგალითად ძველი თბილისის ქუჩებს ჩემეულად ვხედავ.  რომ შეადარო, ვერ იპოვი ისეთ ქუჩას, როგორიც ჩემს ნახატებშია, იმიტომ რომ ჩემი ინტერპრეტაციით მაქვს გაკეთებული. მაგრამ ასეთი ქუჩა სინამდვილეში არსებობს.

თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული გარემოებების გამო, შეგეზღუდა ეს თავისუფლება?

პანდემიის დროს, ზოგი მხატვარი გაჩერდა, ვერ ახერხებდა მუშაობას. მე პირიქით, სტიმული მომეცა. მარტო მოვდიოდი საელოსნოში.

თუ გაბრაზებულხარ ისე, რომ დაგიდია ფუნჯი და გითქვამს – არ დავხატავ!

არა, ასეთი რამ არ ყოფილა ნამდვილად.სულ ვმუშაობ, მინდა ბევრი ნამუშევარი შევქმნა. ადამიანებს ჩემი ნახატები მიაქვთ და ვგრძნობ, რომ მათ რაღაცით ვახარებ. ეს  დიდი სტიმულია ჩემთვის. რატომ უნდა შეინახო ნახატები, როდესაც ამით შეიძლება ბევრი გაახარო. კიდებენ სახლში და უყურებენ ყოველდღე, ეს დიდი სიხარულია ჩემთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის როლი და თანადგომა შემოქმედისთვის?

ოჯახის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან, სტუდენტობის პერიოდში, დედა ძალიან მეხმარებოდა. დედა იყო ყველაფერი ჩემთვის, ბევრ რაღაცაში შემიწყო ხელი. მან მომცა საშუალება რომ მესწავლა. ყველაფერმა ამან შედეგი გამოიღო და მხატვარი გავხდი, რაც ძალიან მიხარია.

ხშირად ვხვდები თქვენს დედას გალერეაში. თქვენს ნახატებს ათვალიერებს ხოლმე და უყურებს რა დახატე, როგორ დახატე.

კი, დედა  დიდი გულშემატკივარია ჩემი. თუ რამე არ მოსწონს, მეუბნება.

ახალგაზრდა მხატვრებში კონკურენცია არის ძალიან დიდი. გარკვეული გარემოებების გამო, ამ სფეროში ხომ არ დაჩაგრულხართ?

არ მგონია მხატვრები ერთმანეთის კონკურენტები ვიყოთ, რადგან ყველა სხვადასხვა რამეს ვაკეთებთ. თვითონ მხატვარმაც არ უნდა ჩათვალოს, რომ კონკურენტი ჰყავს. ამ სფეროში შემფასებელიც სხვადასხვაა, ზოგს ის მოსწონს, ზოგს – ეს.

თუმცა, მოდი შევთანხმდეთ, რომ მხატვარს იღბალი სჭირდება. მე მგონი, თქვენ ძალიან იღბლიანი მხატვარი ხართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა თქვენს ნახატებზე. მინახავს მხატვრები, რომლებიც კარგად ხატავენ, თუმცა, ასეთი მოთხოვნა, როგორიც თქვენს ნახატებზეა ნამდვილად არ აქვთ.

შეიძლება ეს გარემოება იღბალთანაც დავაკავშიროთ, მაგრამ იღბალზე  ჩემი მოსაზრება გამაჩნია. სულ ვმუშაობ და შრომას თავისი შედეგი მოაქვს, მე ასე ვთვლი. შრომა რომ გიფასდება, ამაზე კარგი არაფერია. თუ არ იშრომე, გაჩერებული ხარ, მხრებჩამოყრილი, მუზის მომლოდინე…  რა მუზას ელოდები, დაჯექი იმუშავე და მუზა თავისით მოვა. იღბალიც ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ იმუშავე, არაფერი იქნება.

„ბუშტებიან მეოცნებე ქალებზე“ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა, ბუშტებიანი მეოცნებე ქალების გარდა გყავს შიშველი ქალები კატებით…

კი მყავს შიშველი ქალები, შავი კატებით. რომ ვთქვა ეს რამეს უკავშირდება თქო, სიმართლე არ იქნება.  საერთოდ, კონკრეტული ადამიანები არ დამიხატავს არასდროს, მხოლოდ ჩემი შვილი მყავს დახატული, პატარა სკეჩები გავაკეთეთ. არ მიყვარს ხოლმე ვინმეს დახატვა, ასე მგონია მისი ხასიათი ჩემზე გადმოდის და ამიტომ არავის ვხატავ. უარს ვამბობ მსგავს შემოთავაზებაზე.

ყველა ქალი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. არცერთი ჰგავს ერთმანეთს.

გამოდის,  ფანტაზიას არ უჩივით…

შეიძლება ასე ითქვას.

თქვენი შემოქმედების ყველაზე მთავარი პროექტი რა არის, რომელსაც გეგმავთ და თვლით, რომ მომავალში აუცილებლად უნდა გააკეთო?

რაღაც იდეები მაქვს. ახლახან გავაკეთე მფრინავების სერია და დავარქვი „საბავშვო ომები“. ჩემი მეგობრის დახმარებით გავაკეთე რკინის ჩარჩოები, ტილოზე მოცემული ნახატი გადის ჩარჩოს გარეთ, თითქოს ჩარჩოებიდან გავდივარ, რაც თავისუფლებასთან ასოცირდება. აწი რასაც გავაკეთებ ეს იქნება ფრენასთან დაკავშირებული და ეს  იქნება  არა ბუშტები, არამედ სხვა რამ.

ერთი სიტყვით, ჩარჩოდან გასული სიმაღლეების დაპყრობაზე ხარ გადასული…

ასეთი იდეა მაქვს, მაგრამ რამდენად შევძლებ და რამდენად გამოვალ ამ ჩარჩოებიდან ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად ხატავთ, არის რაღაც ჩარჩოები, საიდანაც ვერ გამოდიხართ?

შებოჭილობა არაფერში არ მაქვს.

თუ ყოფილა ისეთი მხატვარი, ქართველი ან უცხოელი, რომელზეც გითქვამთ, ერთი წუთით ეს მამყოფაო?

სხვათა შორის, ერთხელ მქონდა ასეთი შეგრძნება. ვანგოგის ახალი ტილო ვნახე და ვინატრე ერთი საათი ამ კაცის ფიქრებში მამყოფა მეთქი. ის რომ ხედავდა, იმის დანახვა სხვას არ შეუძლია, იმდენად ღრმა იყო მისი  სიყვარული ფერწერისადმი.

თქვენ რას ხედავთ, როცა ხატავთ?

ნახატს რომ ვიწყებ, ალბათ 90% არ ვიცი რას დავხატავ, უბრალოდ ვიწყებ და თითქოს ტილო თვითონ მეუბნება რა უნდა გამოვიდეს, საით უნდა წავიდე. შემდეგ რაღაცას დაინახავ შიგნით, გამოწევ, გადაწევ და  საბოლოოდ გამოდის ნამუშევარი.

პირველ რიგში, საკუთარ თავთან მინდა ვიყო კმაყოფილი ჩემი ნამუშევრებით. ჩემი მეგობრები, რომლებთანაც სახელოსნოში ერთად ვმუშაობთ, რაღაცნაირად ერთმანეთზე გადაბმულები ვართ მთელი ჩვენი შემოქმედებით და ძალიან მახარებს თვითონ ეს პროცესი.

ხშირად ხვდებით ცხოვრებაში უმადურ ადამიანებს?

უმადური ადამიანები ჩემგან შორს არიან

ყველაზე მეტად რა გაბრაზებს ურთიერთობებში?

ყოვედღიურ ცხოვრებაში რაც მაბრაზებს ეს არის  უსამათლობის განცდა.

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე, წყარო ipress.ge, 2021-06-01


კომენტარები