დიდი მხატვარი და საოცარი ფერმწერი, რომელიც 22 წელია მიუსაფარ ბავშვებს უანგაროდ ასწავლის – ნოდარ ბადუშვილის ჯადოსნური ფერთა გამა
“ერთი წუთით ყურადღება!
აქამდე ჩვენ საქმე გვქონდა მხოლოდ მოცულობასთან, შავ თეთრ ნახატში მოცულობითი მხარე ეს არის უნივერსალური შუქის და ჩრდილის შეფარდება. იმისათვის, რომ სურათი სწორად იქნას აგებული, საჭიროა წინასწარ განვსაზღვროთ და გავიაზროთ, რომ ზუსტად იყოს განაწილებული ჩრდილი და შუქი.”
ამ ფრაზით იწყება გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის საოცარი ფილმი “ათოვდა ზამთრის ბაღებს“, რომლის დამდგმელი მხატვარი ყველასთვის ცნობილი და გამორჩეულად ნიჭიერი ნოდარ ბადურაშვილია.
ჰოდა, ერთი წუთით ყურადღება! ჩვენი რუბრიკის “ამბები ადამიანებზე” დღევანდელი სტუმარი სწორედ ნოდარ ბადურაშვილზეა, მხატვარზე, რომლის საოცარი ნახატებიც “ათოვდა ზამთრის ბაღებს”.
რუბრიკას კი “აიპრესი”, გალერეა “არტ ქორნერი” და ონლაინ გალერეა “არტ რუმსი წარმოგიდგენთ
ნოდარ ბადურაშვილზე, როგორც „ლევკასის დიდოსტატზე“ და ამ გამორჩეული ტექნიკის უბადლო შემსრულებელზე, მოგვიანებით ვრცელ ვიდეორეპორტაჟს და ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მანამდე კი მოგიყვებით და გაჩვენებთ როგორ იქმნება ტილოზე “სამოთხის ბაღი” “ჟამი ბროწეულისა”, “ზღაპარი”, “ნარცისი”, “პეპლების დამჭერი” და….”ბახუსი”.
“ასე მგონია ისევ 25 წლის ვარ, ახლა ვიწყებ ყველაფერს. სარკეში ჩახედვა არ მინდა, იმიტომ კი არა, რომ არ მომწონს ჩემი თავი, არა, უბრალოდ, ვერ ვცნობ…“ – ასე იწყებს ამბის მოყოლას ჩვენი სტუმარი.
ნოდარ ბადურაშვილი: მგონია, რომ ახალგაზრდა ვარ სულ. შიგნით ახალგაზრდა ვარ, და თითქოს წინ მაქვს გზა, რომელსაც დავძლევ, ან შევქმნი ახალს. ჩემს თავს იმით ვათამამებ ხოლმე, რომ ეტყობა არ მითქვამს ჯერ არაფერი, ჯერ კიდევ სათქმელი მაქვს გადმოსაცემი და იმედი მაქვს, მაცდის დრო, ღმერთი, განგება.
ჩემი ვითარება და პოლიტიკა არის ჩემი შემოქმედება და შემოქმედება არის დროის გარეშე. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ დრო არსებობს. დრო არ არსებობს. მეშინია ხალხის, მიყვარს ხალხი, გავურბივარ და მათთვის ვქმნი. ადამიანებისთვის ვქმნი. ვისაც უნდა მოვიდეს საურთიერთობოდ, დამელაპარაკოს, მე ყოველთვის მზად ვარ…
მინდა ადამიანი, ხალხი თავისუფალი იყოს, სილაღე იგრძნოს, არ იყოს სიმძიმე მასში, მაგრამ არა ზედაპირული სილაღე. ძიების პროცესი არის სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე. მე კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ გზაში ვარ, ჯერ ბებერი არ ვარ, ახალგაზრდა ბიჭი ვარ, სასაცილო ბიჭი.”
დიახ, ნოდარ ბადურაშვილი მარად ახალგაზრდაა და მისი არტი კი “უბერებელი”…
ნოდარ ბადურაშვილის და ფილმის სიყვარული დიდი ხსნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ „შერეკილებიდან“ და „ვერის უბნის მელოდიებიდან“. ამაზე მან ნიკა წულუკიძესთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა
ნოდარ ბადურაშვილი: ძალიან მიყვარდა კინო. გამნათებლად ვმუშაობდი ჯერ კიდევ შენგელაიას ფილმებზე, “შერეკილები” და “ვერისუბნის” მელოდიები , მაშინ ვაბარებდი აკადემიაში. დიმა თაყაიშვილი იყო ჩემი რეჟისორი. 5 ფილმი გადავიღე, აქედან ერთი იყო მნიშვნელოვანი. დანარჩენს არაუშავდა, მერე დავანებე თავი, ჩავთალე, რომ თუ ნიჭიერი კაცი ხარ, ინდივიდუალურად უნდა იმუშავო. რეჟისორია მთავარი კინოში. მხატვრობაში კი, ჩემს შემოქმედებაში, მხატვარიც, რეჟისორიც, მსახიობიც, ქორეოგრაფიც და ყველაფერი მე ვარ. ჩემზეა დამოკიდებილი ყველაფერი.
ნოდარი უცნაური მხატვარია… ალბათ იმიტომ, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი უცნაურია… ის არასდროს ელოდება დიდებას და პატივს… მისი დიდება უდიდებულესობა მუზაა, პატივი კი რიფითი ადამიანების სიყვარული…
“მგონია, როდესაც შეაქებ ადამიანს ის დუნდება. მთელი ცხოვრება ძირითადად, არავის არ შევუქივარ მაგრამ მე ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. 70 წლის ვსრულდები, გამოფენის გაკეთებას ვაპირებ ძალიან მალე, ჩემი მეგობარი გალერეა “არტ ქორნერი” მეხმარება ძალიან საუკეთესო პირობები რომ მქონდეს… ვფიქრობ, შრომა დამიფასდება…
ერთი წუთითაც არ გავჩერებულვარ, არ დავლოდებირვარ იმას, რომ წარმატება მექნება, რაღაც გაიყიდება. თუ ამაზე იფიქრე გამოდის, ვაჭრუკანა ხარ. კომერცია რაღაც ყალიბში გსვამს და ხდები ერთჯერადი მხატვარი. ერთი მიმართულებით მიდიხარ. მთელი ცხოვრება იმას ვფიქრობდი, მრავალფეროვანი ვყოფილიყავი.
ძალიან დიდი სითბოთი ყველასთვის საყვარელ თემო გოცაძეს იხსენებს… როდესაც თანამოაზრე მხატვრებზე ეკითხები, პირველად ბატონ თემოზე გიყვება…
ნოდარ ბადურაშვილი: მხატვრის სახლში, სახელოსნოს დირექტორი იყო მაშინ თემო გოცაძე. მაშინ დავანებე კინოს თავი და 6 წელი ვიყავი ამ სახელოსნოში. ბევრი საინტერესო სურათი შევქმენი. მერაბ აბრამიშვილი ჩემი მეგობარი იყო, მე ვაზიარე ლევკასის ამ ტექნოლოგიას, მერაბი გენიალური მხატვარი იყო…
მაშინ მითხრა მერაბმა, ნოდარ, მოდი შენც გააკეთე, ამ საქმეში ვიყოთო, მე ვუთხარი: დამანებე თავი, მე ზეთში უნდა ვიმუშავო თქო…
ნოდარის ზეთში ნამუშევრები არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცნობილია და ნამდვილი ფერთა ზეიმია… მაგრამ, ამ ყველაფრის მიღმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი – მისი, როგორც ადამიანის როლი ამ ცხოვრებაში. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ 22 წელია ბატონი ნოდარი ბავშვთა თავშესაფარში მუშაობს ხატვის პედაგოგად…
ნოდარ ბადურაშვილი: 22 წელია ვმუშაობ ბავშვთა თავშეფარში ხატვის პედაგოგად. არაფერს ვასწავლი, ჩვენ ერთად ვერთობით, ვხატავთ, განმუხტვის გაკვეთილები გვაქვს. იქ არ არის ვალდებულება ვასწავლო აკადემიური ხატვა. ეს არის ჩემი თავისუფლება. არ გაპატიებს ბავშვი, თუ რამე არ იცი. თუ შეგამჩნიეს, რომ რაღაც არ შეგიძლია, ეგრევე გეტყვის და რომ ხედავს ესეც შეგიძლია და ისიც, მოგყვება, შენია თავიდან ბოლომდე. კვირაში ორჯერ ვატარებ გაკვეთილს. არ არის ვალდებული ბავშვი მოვიდეს და დაჯდეს გაკვეთილზე, თუ უნდათ მოდიან და ყოველთვის ხვდებათ ახალი ფურცელი, ახალი საღებავი. ძველ ფურცელზე არ ხატავენ…
ამ ბავშვებიდან ბოშა გოგო მარტინამ თავისი ლამაზი და შემოქმედებითი გზა იპოვა გერმანიაში… იქ გააგრძელა სწავლა და მხატვარი დადგა… ნოდარმა კი თავის საყვარელ ბავშვებთან ერთად ორჯერ აიღო გრან-პრი ნიუ იორკში, გაეროს შტაბ ბინაში.
ნოდარ ბადურაშვილი: მიკვირს ხოლმე მხატვრები ერთი დ აიგივეს რომ აკეთებენ. მაშინ პრინტები იყიდეთ , რაღად გინდათ მსგასი სურათის დახატვა. ჩვენი გალერეის პლიუსი ის არის, რომ მაძლევენ თავისუფლებას, შემიძლია, როგორც მინდა ისე გავგიჟდე ეს ბებერი კაცი.
ზოგი მხატვარი გარეგნულად მეამბოხეა, ნახატში კი ისეთი ნაზი და უსუსურია… მგონია მხატვარმა ტილოზე უნდა გამოხატოს მეამბოხე სული.
დღეს ინსტსლაციებს რომ აკეთებენ, მიმაჩნია, რომ ამ პატარა სამყაროში, საქართველოში ამის კეთება არარენტაბელურია. დამნახავი აღარ ჰყავს. შეიძლება დიდ ქვეყნებში აფასებენ, მაგრამ აქ ფუნქცია არ აქვს. არ მესმის ეთრთჯერადი ნამუშევრის გაკეთება, რომელიც უნდა დაშალო და წაიღო. ან თეატრში უნდა იყოს, ან კინოში. ან ვერ ვიგებ, ან რაღაცას ჩამოვრჩი, ან ეგენი აფრენენ… ან მე ვაფრენ, არც მაგას გამოვრიცხავ… ისე, კი, უნდა გააფრინო, ისე არ შეიძლება…
ზამთარი, კარქი საქეიფო ადგილი, ჭიქა ღვინო და მეარღნე ნოდარ ბადურაშვილის თემატიკაში ხშირად გვხვდება… ” ბახუსის” თემა ცხოვრებაშიც უყვარს, ოღონდ ზომიერად, ნახატს რომ მოუხდეს, ისე…
ნოდარ ბადურაშვილი: თითქოს მუდმივად ვსვამ, მაგრამ არა ისე, რომ დავთვრე, ვიღლები და სტიმულს მაძლევს ერთი, ორი ჭიქა ღვინო. არაყი აშტერებს. ღვინო თანაბრად მიდის, გამოგზაურებს. დიდი ენერგიაა საჭირო ნახატების შესაქმნელად. გუშინ მაგალითად, უშველებელი სურათი დავხატე. მაგალითად ფიროსმანი, რომ იწყებდა ხატვას, ბავშვივით იმ წუთში ამთავრებდა, მისი ნახატები არ არის ნაწვალევი სურათები.
მხატვარი ამბობს, რომ “ძალით ფიროსმანობა” სულ მოგონილი ამბავია…
ნოდარ ბადურაშვილი: ძალით ფიროსმანობა რომ დაიწყო, სისულელეა… ფიროსმანი იყო ერთადერთი და მორჩა! საკუთარი ბიოგრაფია უნდა გქონდეს. ბიოგრაფია არ მიძებნია, თვითონ მოდის ის ამბავი, ის შემთხვევითობა. არ ვარ მაძიებელი ეფექტების და რაღაც ზღაპრების.
მენანება ის დრო, როდესაც არაფერს ვაკეთებ. ყოველდღე ვმუშაობ, ახლა მითუმეტეს. ეს სუნთქვასავითაა, რომ არ დავხატო მოვკვდები. მხატვრობა ჩემთვის სუნთქვაა…
ავტორი: თამარ ლეფსვერიძე
სტატიის ავტორი:
2022-03-16
სრულად ნახვა
90-იანების გაჭვარტლული ლამპები და ბავშვობის ფერადი ზამთრები თბილისში – დათო ურუშაძის ფერთა გამა
ყველა ამბავი იწყება ბავშვობიდან… ეს ამბავიც, რომელზეც ახლა გიამბობთ, ბავშვობიდან დაიწყო ყველასთვის საყვარელი მხატვრის და ბევრი ცნობილი მხატვრის მასწავლებლის, დათიკო ურუშაძის სახელოსნოში…
“ტელესკოლის” ხატვის მასწავლებელი ანი გოგორიშვილი იხსენებს: მეცხრე კლასის შემდეგ ნიკოლაძის სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც მასწავლიდნენ – დათიკო ურუშაძე, ქრისტინე შერმადინი, ცისია ელისაშვილი და სხვები. დათიკო ურუშაძე ლექციის დროს გალაქტიონის ლექსებს გვიკითხავდა, დღემდე გონებაში მაქვს ჩარჩენილი მისი ლექციები…
დიდი დათიკოს რჩევები და მის სახელოსნოში გატარებული დღეები გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი შვილიშვილის, უმცროსი დათო ურუშაძისთვისაც, რომლის შემოქმედებასაც დღეს წარმოგიდგენთ.
“ჩემი ბავშვობა იყო მხიარული და ლაღი. დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუასთან დავიწყეთ ხშირად სიარული, ბიძას დავყავდით. პირველად რომ შევაბიჯე ბაბუას სახელოსნოში, ლამაზ სივრცეში ნანხმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც შაბათი დღე თენდებოდა, ერთი სული გვქონდა, ბაბუასთან წავსულიყავით, კიდევ მენახა ეს ყველაფერი და რაც შეიძლება მეტხანს დავრჩენილიყავით. იქ ბევრი საინტერესო მხატვრის ნამუშევრებს ვეზირე. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და სადღაც 15 წლის ასაკიდან გადავწყვიტე, შემეღო კარი ხელოვნების სივრცეში.
ჩემს ქუჩაზე აღმოვჩინე, რომ თურმე არსებობდა სამხატვრო სტუდია. იმ დროს ბაბუა უკვე გარდაცვლილი იყო, 2000 წელს დაიღუპა. როდესაც შევაღე სახელოსნოს კარი და დავინახე მოლბერტი, გავიფირე, – ეს არის ჩემი საქმე. იქიდან დაიწყო ჩემი მონაწილეობა ხელოვნებაში. ამაში დიდი როლი ბაბუამ, დათიკომ ითამაშა…” – ასე იხსენებს დათოკოსთან გატარებულ წლებს დათო ურუშაძე..
მისი ნახატების დიდი ნაწილიც სწორედ იმ დროს, 90-იანი წლების თბილისს, თბილისურ ზამთარს და რთულ, მაგრამ მაინც ბედნიერ ბავშვობას ასახავს…
როგორც დათო გვიყვება, დათიკოს სახელოსნოში ნამდვილი საოცრება ტრიალებდა…
დათო ურუშაძე: კარებს რომ შეაღებდი, ერთ კუთხეში იდო ძველებური ხაპები, გურიის ვარიატში მოწყობილი, ცოტა იქეთ იმერლების კუთხე იყო, მოშორებით ყარაჩოღელების ტაბლა იდო. აქეთ ბერძნული ქანდაკებები, წმინდა გიორგის ქანდაკება, დანტე ალიგიერი, ვენერას ტორსი, მოკლედ, გარეთ გამოსვლა არ მოგინდებოდა. სახლში მოსულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზღაპრული სამყაროდან, რეალურ სამყაროში დავბრუნდი…
მაშინ, რეალურ სამყაროში, ჭვარტლიანი ლამპების ხანა იდგა, თუმცა სირთულეების მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობები პეწს არ კარგავდა..
90-იანი წლების ჭვარტლიანი ლამპები, რომელიც დათომ თავის შემოქმედებაში გადაიტანა, სულ მალე, ცალკე სერიად გამოვა…
დათიკო ურუშაძესთან გატარებულმა წლებმა მაინც თავისი ქნა და დათო ურუშაძემ აკადემიის კარი შეაღო.. დიდ აუდიტორიაში კი მას დიდი თემო გოცაძე დახვდა…
როგორც დათო გვიყვება, თემოსთან გატარებულმა წლებმა და მასთან ურთიერთობამ, მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა…
“თემო გოცაძე ჩემთვის არის ადამიანობის მისაბაძი მაგალითი… გამორჩეულია არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ ადამიანურ ურთიერთობაშიც… მასთან ერთად გატარებულმა წლებმა ძალიან ბევრი რამ მომცა არა მხოლოდ მე, არამედ აკადემიის ძალიან ბევრ სტუდენტს…
“ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი არჩილ კორძაია დაგვპატიჟა თავის სახელოსნოში. რომ შევაღეთ კარი, უზარმაზარი სურათები დახვდა. პირდაღებული ვისხედით, რა უნდა გვეთქვა, რა გველაპარაკა არ ვიცოდით. სულელი ბავშვივით დავდიოდი და ვათვალიერებდი ყველაფერს… არასდროს დამავიწყდება ქალბატონი მარინას შეხვედრაც, ისე მიგვიღო, თითქოს ძალიან ახლობლები ვიყავით…
დათო ურუშაძე: ბატონი თემოს შემდეგ იყვნენ მხატვრები გივი თოიძე, გოგი წერეთელი, რომლებმაც ძალიან დიდი სტიმული მომცეს. ერთხელ მახსოვს, სამების საგამოფენო დარბაზში იმართებოდა გამოფენა. მითხრეს შენი ნამუშევარი მოიტანეო. დახატული მქონდა იესოს ნათლობა იორდანეს მდინარეზე. მითხრეს ამას ვერ გამოვფენთო, გული მეტკინასავით და ავიტანე ზემოთ, ჩემს მეგობრებთან… შემოდის გოგი წერეთელი, – ვა ეს ნახატი ვისიაო, ბატონო გოგი ჩემია-თქო. აქ რატომ დადევიო? უბრალოდ ქვემოთ გამოფენას აკეთებენ და დამიწუნეს-მეთქი. გინდა ახლავე ჩავიდეთ, გამოგყვები და ვეტყვი, რომ ეს ნახატი იმსახურებს გამოფენასო? არა ბატონო გოგი არაა საჭირო-მეთქი.
გული არ დაგწყდეს, შენს ხელოვნებას გაყევიო. მან ამ სიტყვებით მომცა ძალიან დიდი სტიმული. აკადემიაში ჩემი პედაგოგები იყვნენ ასევე გიორგი ჩაჩანიძე, ალფრედ ეპიტაშვილი, უაღერესად განათლებული ადამიანები. ერთხელ შევეკითხე, რა არის პერსპექტივა-მეთქი და მითხრა , წერტილს ხომ ხედავ, აი ეს არის პერსპექტივაო.
კითხვაზე – საბოლოოდ რომელი წერტილი აიღე, რა გახდა შენი პერსპექტივა და მიმართულება მხატვრობაში? – დათო ამბობს, რომ ეს წერტილი ფერწერა გახდა…
“რა თქმა უნდა, ფერწერა. რომელიც არის ჩემი სულის გამომხატველი. ამაში უფრო გამოვხატავ იმ ყველაფერს რაც ადამიანის გულს ათბობს და აღვიძებს. კი გრაფიკაშიც შეიძლება ყველაფერი გადმოსცე ორი მონახაზით, თუნდაც ჩანახატით, მაგრამ ფერით გადმოცემულში სულ სხვა სიძლიერე და ენერგიაა.”
თუმცა, მთავარი ამბავი, რასაც დათო ურუშაძის გამოფენაზე ნახავთ უახლოეს მომავალში, 90-იანი წლების ზამთრის თბილისი და გამჭვარტლული ლამპები იქნება..
ვიცი, რომ ახლა მუშაობ 90-იანი წლების თემებზე, თავისი გამჭვარტლული ლამპებით, მცივანა და მძიმე, თუმცა ხალისიანი ბავშვობით, ამაზე მინდა ვისაუბროთ…
გეტყვით ახლაეს იდეა როგორ მოვიდა _ ვიჯექი ჩემთვის, რაღაც პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი და შემთხვევით ზამთრის ფორმა მოვხაზე, შემდეგ დავიწყე ემოციის გაკეთება ზამთრის თემაზე, მერე რომ დავფიქრდი, რასთან შეიძლებოდა ეს დამეკავშირებინა, გადავწყვიტე ჩემი ბავშვობის სითბო გამომეხატა, მძიმე და თბილი მოგონებებით…
დათო ურუშაძე: იყო გაჭირვება, უშუქობა, მაგრამ ბუნდოვან ლამპის შუქზე ზოგი ლექსებს კითხულობდა, ზოგი ჭადრაკს თამაშობდა, ზოგი კარტს. ავიღე ეს თემა და გადმოვეცი ისე, როგორც მე მინდოდა. ერთი ტილო მაქვს გაკეთებული, გაჭვარტლული ლამპები და ოქროსფერი უკან. ეს ოქროსფერი არის იმ სითბოს სულიერი გადმოცემა, რაც ბავშვობაში გავიარეთ.
დათო ურუშაძის ზამთრები ფერადია, თან ზამთარია, თან თბილა, თან რთული პერიოდია, მაგრამ ყველა ბავშვი მაინც ბედნიერია – ესეც 90-იანი წლების თემატიკაა…
დათო ურუშაძე: რა თქმა უნდა, 90 -იანებია, იმ პერიოდისაა. ერთხელ, კარგად მახსოვს შემოვედი სახლში, შუქი არ იყო როგორც ყოველთვის, ლამპა ანთია. ზუსტად 10 წუთში შემორბის ჩემი ძმა, რა ხდება მეთქი, გარეთ რამხელა თოვლი დევსო. გავგიჟდით კინაღამ, 10 წუთში მუხლებამდე თოვლი მოსულა. რომ დავიწყეთ გუნდაობა, დილამდე ვერ შემოგვიყვანეს მშობლებმა, ისეთ დღეში ვიყავით. ეს თბილი განცდები მაქვს ასახული ძირითადად ნახატებში. სიცივეში სითბო არის ჩემთვის უძვირფასესი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა.
რაც შეეხება გეგმებს, გეგმები ბევრი აქვს…
“ჩემი თავისგან ვითხოვ უფრო მეტს, ვიდრე სხვისგან. ალბათ დადგება დრო, როცა ჩემი ნამუშევრებიც გამოიფინება. პერსონალურ გამოფენაზეც ვფიქრობ, უბრალოდ თავი გავაცნო ადამიანებს, ყველას აზრს მოვუსმენ.
სტატიის ავტორია თამარ ლეფსვერიძე - Ipress.ge
სტატიის ავტორი:
თამარ ლეფსვერიძე
2021-12-14
სრულად ნახვა
პეტრე ოცხელი
არსებობენ ხელოვანები, რომლებიც მოვლენათა ჯაჭვში არიან ჩაბმულნი და ისტორიკოსებს შეუძლიათ ისინი დაინახონ ზოგად სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ სურათში.
თუმცა არსებობს ბევრად რთული და ხანდახან ამოუცნობი შემთხვევებიც. როცა ერთი თვალის შევლებით აშკარაა, რომ ისტორია და, მასთან ერთად, მხატვრის ბიოგრაფია გავლენიანი არ არის იმ ხელოვნებაზე, რომელსაც ავტორი ქმნის. როცა ეს ხელოვნება თავისთავად სულ სხვა ამბავს გვიყვება და თავად ქმნის ავტორს. როცა არ მუშაობს ლოგიკური ანალიზი და რჩება მხოლოდ მის ხელოვნებაში აღმოჩენილი მოულოდნელობებით გაოცებული და კითხვის ნიშნებით. ასე ხდება პეტრე ოცხელის შემთხვევაში.
ქართული მოდერნიზმი - ალბათ ის სიტყვათშეთანხმებაა, რომელსაც მეოცე საუკუნის სახელოვნებო მოვლენებს შორის ჩვენთვის ყველაზე დიდი ნოსტალგია, სიამაყე და იქნებ სევდაც ახლავს და ამას თავისი მკაფიო მიზეზები აქვს. რუსეთის იმპერიიდან გამოთავისუფლებული დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური ორიენტირის არჩევის ერთგვარი საილუსტრაციო აქტი გახლდათ სახელწმიფოს ხელშეწყობით ევროპაში ხელოვანების გაგზავნა.მათ დასავლურ კულტურასთან ყველაზე ახლო კავშირი გააბეს, ვიდრე ეს ოდესმე მანამდე მომხდარა.
მოდერნიზმმა იარსება მხოლოდ მცირე ერთობაში, მხოლოდ მცირე დროით. გაგრძელების გარეშე. ისე როგორც ქვეყანამ თავისუფლების, სუვერენიტეტის გარეშე, ოკუპანტთან ერთად. ამ ერთობის შემოქმედებით პროცესებში ევროპულობას ვხედავთ ხოლმე თემებში, გადაწყეტის ფორმებში, მეტ-ნაკლები თავისუფალი ძიების პროცესში და მუდმივად პარალელებს ვაკეთებთ, იმის გასარკვევად, თუ რომელი ევროპული ტენდენცია ან მოვლენა გახდა მიზეზი თუნდაც შალვა ქიქოძის მძაფრი, ფატალური, დინამიკური მხატვრობის; კაკაბაძის რაციონალურ-ანალიტიკური სერია-პროექტების, ან ლადო გუდიაშვილის ფანტაზიების შეთხზვის დროს.
მაგრამ რამ იქონია გავლენა პეტრე ოცხელზე, რომელიც ევროპაში არ გაუგზავნიათ? რა ნახა და როდის ოცხელმა? რამ გამოიწვია მისი ორიგინალური, ყველაზე თავისუფალი და ყველაზე მძაფრად ინდივიდუალური ხელწერის მქონე მხატვრის ფორმირებაზე საბჭოთა კავშირის ფარგლებში (1927-1937წწ.)? ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხები ჯერ არ გაგვიცია. არც შეგვისწავლია სათანადოდ.
პეტრე ოცხელი ჯერ ისევ ახალი თემაა. ისე როგორც ყველაფერი, რასაც საბჭოთა კავშირის რეპრესიებმა ტაბუ დაადო და ახლა ხელახლაა აღმოსაჩენი.
30 წლის პეტრე ოცხელი 1937 წელს დახვრიტეს, როგორც კონტრრევოლუციის მცდელობაში ეჭვმიტანილი. გამოძიების, მყარი არგუმენტების და მტკიცებულებების გარეშე. სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვში თანამშრომლობდა ანალოგიური ბრალდების მქონე სხვა ხელოვანებთან.
ოცხელის ბიოგრაფიაში პოლიტიკური აქტივიზმი გამოვლენილი არ არის, მაგრამ ეს კომპონენტი აუცილებელი არ არის, დახვრეტის მიზეზის გასაგებად. საკმარისი მიზეზია მისი ხელოვნება, რომელიც უკვე 1930-იანი წლებიდან, სტალინის მიერ გამოცხადებული იდეოლოგიის და ხელოვნებისთვის უკვე მკაცრად განსაზღვრული ფუნქციის, თემების და ფორმების მოთხოვნებს საერთოდ არ სცნობს.
პეტრე ოცხელთან ახლოსაც არ მოდის ამ პერიოდში ერთადერთი მისაღები სახელოვნებო მეთოდი - სოციალისტური რეალიზმი. ოცხელის ხელოვნება ვერ დაემორჩილებოდა ვერც ერთ მეთოდსა და სტილს, რადგანაც თავად გააჩნდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მისი პირადი მეთოდიც, სტილიც და სახეც.
ოცხელის მხატვრობა ცალკე მოვლენაა, რომელსაც ვერ ვუძებნით საზღვარს ფანტაზიაში, ორიგინალობაში, ემოციურობაში, ანდა ხაზის, ტიპაჟის, სილუეტის და კომპოზიციური აგების ოსტატობაში. ყველაფერი თანაარსებობს ერთად. ოსტატობა, სიზუსტე და მოულოდნელი თავისუფლება მხატვრული ფორმების ძიებაში. პეტრე ოცხელზე ხშირად გაიგონებთ, რომ ის იყო გამორჩეული, თავისთავად გენიალური ნიჭის მქონე ავტორი. ასეც არის. მაგრამ შეუძლებელია არ დავინახოთ მის მხატვრობაში მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების მოდერნიზმის და რუსული ავანგარდის ფუნდამენტური ტენდენციების კვალი.
ყოველი მისი მცირე ესკიზი მტკიცებულებაა იმისა, რომ ავტორი უაღრესად განათლებულია, ბევრი რამ აქვს ნანახი. გავარჯიშებულია მისი თვალიცა და შეგრძნებაც. მისი ნიჭიერება სწორედ ცოდნის და ინფორმაციის ინტერპრეტაციაში ვლინდება. ოცხელის მთავარი მიღწევა სწორედ ამაშია: ყოველი ავანგარდისტული სტილის თვისებებსა და ენას იყენებს იმისთვის, რომ საკუთარ ხედვას, ფანტაზიას ხორცი შეასხას. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მისი ავტორობით შემქნილი სუფთა კუბისტური, სტილი-მოდერნის ან მხოლოდ კონსტრუქტივისტული ნამუშევრები. ჩვენ გვაქვს ოცხელის ხელოვნება, როგორც ოცხელის სტილი, სადაც ჩამოთვლილი მიმართულებები ქმნიან სინთეზს, ახალი ჰარმონიისთვის.
ამბობენ, რომ განმსაზღვრელი უნდა გამხდარიყო ბავშვობის წლები მოსკოვში. შეძლებული ოჯახის ყურადღება შვილების განათლებისადმი. თეატრალურ წარმოდგენებზე ბავშვის დასწრება. რის შემდეგაც, თურმე, სახლში ხატავდა ნანახს და თავისებურ ინტერპრეტაციებს ახდენდა ჩანახატებში. ასევე გავლენიანი იქნებოდა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ მარჯანიშვილი და სტანისლავსკი. ჩვენ კი დავამატებთ, რომ გავლენიანი იყო დრო რომელშიც ცხოვრობდა. წინააღმდეგობები. მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები იყო ყველაზე დიდი კულტურული გარდატეხის დრო. ხმაურიანი ჭიდილის. როცა განსაკუთრებული ღირებულების ხდება ინდივიდის და ხელოვანის თავისუფლება და თეატრი ამ თავისუფლების ბოლო თავშესაფარი ხდება. მაშინაც კი, როცა დრამატურგიული ნაწარმოები იდეოლოგიას პასუხობს, ოცხელის სცენოგრაფია ქმნის შემოქმედების და აზროვნების თავისუფლების სივრცეს. შესაბამისად, მისი ნამუშევრები არასდროს ყოფილა მხოლოდ ამა თუ იმ დრამატურგიული ნაწარმოების ილუსტრაცია, მისი მხატვრობა იყო პარალელური ამბავი, ნიშნების, ხასიათის, ექსცენტრიზმის, ორიგინალობის გამოვლენის სცენა. სადაც ყველაფერი მოძრავია, ყველაფერს აქვს გამორჩეული ხასიათი, სულიერსაც და უსულოსაც.
საბჭოთა კავშირში რეპრესიების და ტერორის რამდენიმე ტალღა არსებობდა. ხან კლასობრივი ნიშნით, ხან პოლიტიკური, ხან აბსოლუტურად ბუნდოვანი ნიშნით, ან სულაც უმიზეზოდ. როცა ძალაუფლება წარმოსადგენ მასშტაბს სცდება, ლოგიკა, ალბათ, ადგილს უთმობს მხოლოდ ვნებებს. მაგრამ 30-იანი წლების რეპრესიების დროს ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო გააზრებული. მკაფიოდ გამოვლინდა ვინ იყვნენ ახალშობილი სისტემის მტრები. ტოტალური ძალაუფლების მქონე ხელისუფლების მთავარ სამიზნეს მისი რიტორიკისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები წარმადგენდნენ. ისინი იყვნენ საფრთხე ხელისუფლებისთვის, რომელიც ძალაუფლებას იკრებდა საზოგადოების მორჩლებით. ვისაც ახასიათებდა თვისებები, რომელიც ხელს შეუშლიდა მორჩილებაში, ისინი უნდა გარიდებოდნენ მასებს. ვინც ვერ იქნებოდა მშვიდი წინასწარ დადგენილ საზღვრებსა და წესებში, აღარ უნდა ყოფილიყვნენ საერთოდ. 30-იან წლებში ფიზიკურად და მორალურად გაანადგურეს ის ხელოვანები და მეცნიერები, რომლებიც 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას თანაუგრძნობდნენ და ისინიც, რომლებსაც პოლიტიური პროცესები არ აინტერესებდათ, მაგრამ ერთგულნი დარჩნენ ერთადერთის - ხელოვნების და აზროვების მთავარი და აუცილებელი
P.S. თიბისი ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ლაბორატორიაში პეტრე ოცხელის ესკიზების რესტავრაცია განხორციელდა. ესენია ესკიზები, რომლებიც არქივიდან ჯერ არასდროს გამოუტანიათ. თუმცა ეს არ არის ყველაზე საინტერესო. ამ ესკიზების უმეტესობა ისეთია, რომლებსაც მხატვარი ქმნიდა პერსონაჟზე ფიქრის დროს. ვიდრე საბოლოო სახეს დაინახავდა და შექმნიდა. ჩანახატები და სამუშაო ვერსიები - ძიების პროცესი.
ექსპოზიცია, რომელსაც თიბისი გალერეა 30 ნოემბრიდან შემოგვთავაზებს, დაგვანახვებს არა იმ ოცხელს, რომელსაც თეატრის მაყურებელი სცენაზე ხედავდა, არამედ ოცხელს სახელოსნოში, ან უბრალოდ, ფიქრის მდგომარეობაში.
სტატიის ავტორი:
სოფო კილასონია, წყარო: helloblog.ge
2021-06-23
სრულად ნახვა
შალვა ქიქოძე
XX საუკუნის 10-20-იანი წლების საქართველოში ავანგარდული ხელოვნების არსებობას, ერთხმად აღიარებენ როგორც ქართველი, ისე ევროპელი ხელოვნებათმცოდნე-კულტუროლოგები (ლ.მაგაროტო, მ.მარცადური, ჯ.ბოულტი, ტ.ნიკოლსკაია და სხვ.). ქართული მოდერნიზმის ნიშნები ინერციით 1930-იანი წლების ქართულ კულტურასაც გადაჰყვა, ვიდრე საბჭოთა სახელმწიფოს იდეოლოგიური მანქანა, თავისი რეპრესიული რეჟიმის გზით, იძულებითი წესით არ მოაშთობდა ხელოვანთა თავისუფალი ნების გამოვლინებას.
პარიზი, კარუსელი, 1920 წელი.
მართლაც, როდესაც ისეთი ქართველი მხატვრების შემოქმედებას ეცნობი, როგორებიც დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ირაკლი გამრეკელი და კიდევ მრავალი სხვა, უაღრესად სარწმუნო ხდება ის ფაქტი, რომ XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული მოდერნიზმი, ერთიანი ევროპული ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთ საინტერესო და ანგარიშგასაწევ განშტოებას წარმოადგენს.
ამ ეპოქის მხატვრებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს შალვა ქიქოძეს, რომლის სიცოცხლეც (1895-1921) ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. საბედისწერო ავადმყოფობამ 27 წლის ნიჭიერი შემოქმედის სიცოცხლე სამშობლოსგან შორს, გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში შეიწირა.
დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე, პარიზი, 1920 წელი.
შალვა ქიქოძე დაიბადა 1894 წლის 27 მაისს ბუნების სილამაზით გამორჩეული გურიის სოფელ ბახვში (ოზურგეთის რაიონი), სადაც მას დედის ავადმყოფობის გამო, ძირითადად ბებია ზრდიდა. ამიტომაა გამზრდელი ბებიისადმი ისეთი სითბოთი გამსჭვალული მხატვრის მიერ გერმანიიდან მოწერილი ერთ-ერთი ბოლო წერილი:
"ჩემო ბებიკო, როგორ მენატრები რომ იცოდე. ყველაფერს მირჩევნია ახლა შენთან პატარა სასადილო მაგიდასთან დამსვა - ერთი ბოთლი მაჭარი, პატარა წიწილა შემწვარი, ცხელი მჭადი, პატარა კვერი ყველით, ბავშვობაში რომ მიკეთებდი....შენ ვერ წარმოიდგენ ბებიკო, როგორ ძვირფასია ჩემთვის ბახვის ყოველი კუნჭული. აქაური ცხოვრება უფლებას არ მაძლევს, რომ ხშირად ვიფიქრო ამაზე, მაგრამ როდესაც დავფიქრდები, მზადა ვარ მთელი ევროპა თავისი "მაშინებით" და სწავლით ვანაცვალო ჩემს პატარა ბაღს, ეზოს, ჭიშკარს, ნალიას, ქათმებს, გოჭებს და ვინ მოსთვლის. შენ ჩემო ბებიკო, ჩემი ნაზი სიყვარული. იცოცხლე და იყავ ჯანმრთელად. შენი შალვა.“
(1921 წელი)
ქართველი სტიპენდიატები პარიზში, ლუქსემბურდის ბაღი, 1920 წელი.
მხატვრის ბიძაშვილის, მწერალ გერონტი ქიქოძის მოგონებით:
„შალვა ქიქოძემ ხატვა თითქმის ლაპარაკთან ერთად დაიწყო, ის ფანქრით ხატავდა ყველაფერს, რასაც შეეძლო შთაბეჭდილება მოეხდინა ამ პატრიარქალურ გარემოში აღზრდილ ბავშვზე... იგი ჯერ კიდევ სამი წლის იყო, როდესაც მარჯვენა ხელზე დამბლა დაეცა და იძულებული გახდა მარცხენა ხელით ეხატა.“
თუმცა ამ ფიზიკურ ნაკლს მხატვრის თანამედროვეთა გადმოცემით, მის შესანიშნავ გარეგნობაზე დიდად არ უმოქმედია.
ავტოპორტრეტი ულვაშებით, 1918 წელი.
„შალვა ქიქოძე მკვირცხლი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, უაღრესად განათლებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ახალგაზრდა იყო“
- იგონებდა მხატვრის მეგობარი ლადო გუდიაშვილი.
კოლეგიის რეგისტრატორის და ერთხანს სოფლის მასწავლებლის გერასიმე ქიქოძის ოჯახი მალე თბილისში გადადის საცხოვრებლად, სადაც 1902 წელს შალვა სასწავლებლად შედის ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ბავშვობიდან ხატვისკენ მიდრეკილი შემოქმედი სასწავლებლის კედლებში ქმნის გრაფიკულ ჩანახატებს და კარიკატურებს.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი, შალვა ქიქოძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც თავდაპირველად მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ხოლო მას შემდეგ რაც იგრძნო, რომ იურისპრუდენციის დაუფლებაზე მეტად მხატვრობა ხიბლავდა, პროფესიული წვრთნისთვის მოსკოვის „ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების“ სასწავლებელში შევიდა.
უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში სწავლასთან ერთად, მხატვარი აქტიურად იყო ჩაბმული მოსკოვის სათეატრო ცხოვრებაში, კერძოდ იყო ჟურნალ „Рампа и Жизнь“-ს ერთ-ერთი ილუსტრატორი და ნიკიტა ბალიევის თეატრ-კაბარე „ღამურას“ ფარდის მხატვრული გაფორმების ავტორი.
მოსკოვის დრამატული თეატრის რეჟისორი კ.ზაგანოვი, შარჟი ჟურნალში : „Рампа и Жизнь“, მოსკოვი, 1916 წელი.
საზაფხულო არდადეგებზე მხატვარი ხშირად ჩამოდის სამშობლოში. ერთ-ერთი ასეთი ჩამოსვლისას, იგი არა მხოლოდ გაწევრიანდა 1916 წელს დიმიტრი შევარდნაძის მიერ ტფილისში დაარსებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში“, არამედ მისი აქტიური წევრიც გახდა. მან „საზოგადოების“ 1916 წლის ისტორიულ სხდომაზე, რომელზეც ნიკო ფიროსმანაშვილი იყო მიწვეული, იაკობ ნიკოლაძესა და ალექსანდრე მრევლიშვილთან ერთად, ნიკო ფიროსმანის ორი გრაფიკული პორტრეტული ჩანახატი შეასრულა; ასევე, მონაწილეობა მიიღო ნაბახტევის კედლის მხატვრობის გადარჩენისა და ფრესკების ასლების დამზადების მიზნით, „საზოგადოების“ მიერ მოწყობილ სამეცნიერო-სამხატვრო ექსპედიციაში.
ლადო გუდიაშვილი, 1920 წელი.
დავით კაკაბაძე, 1919 წელი.
მოსკოვის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1918 წელს ტფილისში დაბრუნებული შალვა ქიქოძე აგრძელებს თანამშრომლობას თეატრთან. ის გიორგი ჯაბადარის თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში აფორმებს სპექტაკლებს (ე. ბრიეს „სარწმუნოება“, გ.ჰაუპტმანის „ჰანელე“, ე.როსტანის „თეთრი ვახშამი“ და დ.ჯაკოსის „ვითა ფოთლები“).
ამავე დროს, მხატვარი „Chalico“-ს ფსევდონიმით მეგობრულ შარჟებს და კარიკატურებს აქვეყნებს იმდროინდელ ქართულ პერიოდულ გამოცემებში. შალვა ქიქოძემ ფეხით შემოიარა საქართველოს მთა-ბარი და ამ მოგზაურობის შედეგად, შეასრულა როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული პეიზაჟური მხატვრობის საინტერესო ნიმუშები. ამ პერიოდს განეკუთვნება ასევე, მხატვრის რამდენიმე ავტოპორტრეტი და ახლობელთა პორტრეტული გალერეა.
შალვა ქიქოძის ადრეული პერიოდის შემოქმედებიდან აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ილუსტრაციები წიგნებისათვის (ხალხური თქმულებები - „ამირანი“ და „ეთერიანი“, ლეო ქიაჩელის საბავშვო მოთხრობები - „მეგობრები“ და „ნატვრის-თვალი“).
ისტორიულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებთან დაკავშირებული შალვა ქიქოძის მიერ შექმნილი პოლიტიკური ხასიათის გრაფიკული ჩანახატები და მეგობრული შარჟები, რომლებიც ამიერკავკასიის სეიმის მონაწილეებს, თუ საქართველოს დამფუძნებელი კრების, მენშევიკური მთავრობის ლიდერებს ასახავენ. ამავე პერიოდს განეკუთვნება მხატვრის საპროგრამო ხასიათის ფერწერული ტილო „ქართველი ქალი“.
პარიზი, ქალაქის ხედი, 1920 წელი.
შალვა ქიქოძე, პროფესიული სრულყოფისთვის დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ფინანსური შემწეობით და „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ ძალისხმევით გაემგზავრა საფრანგეთში, მხატვარ-სტიპენდიატთა პირველ ნაკადში, დავით კაკაბაძესთან და ლადო გუდიაშვილთან ერთად. პარიზში ის აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას აგრძელებს. ფაქტობრივად, პარიზში შეიქმნა მხატვრის გამორჩეული ქმნილებები ფერწერასა და გრაფიკაში, რომლებიც გამოიფინა ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად, „ლა ლიკორნის“ გალერეასა და „დამოუკიდებელთა სალონში“. ქართველი მხატვრების აღნიშნული გამოფენები ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.
1919 წლის მაისის ქართველ მხატვართა გამოფენა, დიდების ტაძარი
აღსანიშნავია, რომ მხატვარს პარიზში ვასო ყუშიტაშვილის რეკომენდაციით შეუსრულებია რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვეთა, რომელიც ცნობილ ფრანგულ თეატრებს: „ოდეონს“, „ატელიეს“ და „ძველი სამტრედეს“(Theatre de v’eux colombiere) თეატრს უკავშირდება. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, ამ სცენოგრაფიული დაკვეთების ხასიათი და მათი ადგილსამყოფელი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის) ფონდებში დაცულია შალვა ქიქოძის მიერ, დაკვეთით შესრულებული ჩინელი ახალგაზრდა კაცის ფერწერული პორტრეტი და მშვენიერი ესპანელი ქალბატონის შალვა ქიქოძისეული პორტრეტის ფოტო.
ჩინელის პორტრეტი, 1921 წელი.
სწორედ, ამ პორტრეტების შესრულების შედეგად აღებული ჰონორარით გაემგზავრა შალვა ქიქოძე გერმანიაში. სამშობლოში დაბრუნებამდე, მხატვარს განზრახული ჰქონდა ევროპის სხვა ქვეყნების მონახულებაც, მაგრამ მისმა ბედისწერამ სამწუხაროდ, სხვაგვარად განსაჯა. გერმანიაში მოგზაურობის დროს, მხატვარი შეუძლოდ გახდა, თავი იჩინა ორგანიზმში დაბუდებულმა, იმდროისათვის უკურნებელმა სენმა - ჭლექმა. გერმანიაში მყოფმა ქართველობამ, ის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მის მიმართ გერმანელი ექიმების მიერ გამოჩენილი დიდი ყურადღების მიუხედავად, შალვა ქიქოძე გარდაიცვალა.
მხატვრის უახლოესი ნათესავის, ბიძინა რამიშვილის და იქაური ქართველობის ძალისხმევით, შალვა ქიქოძე ფრაიბურგის სასაფლაოზე დაკრძალეს. ასე შეწყდა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის სისხლსავსე შემოქმედებითი ძიებები. მხატვრის მეგობრების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ბიძინა რამიშვილის და მამის, გერასიმე ქიქოძის ძალისხმევით მხატვრის მემკვიდრეობა პარიზიდან სამშობლოში ჩამოვიდა.
შალვა ქიქოძე 1920 წელს თავის დას, მსახიობ ანეტა ქიქოძეს ქართული თეატრის ბედზე დაფიქრებულს, პარიზიდან სწერს:
„ყოველი ხელოვნება, ყოველი ერი იქმნება ეროვნულ ჩარჩოებში, მხოლოდ ეროვნულ ფარგლებში აღმოცენებულ ფორმას ეძლევა საერთაშორისო მნიშვნელობა“.
ხევსურეთი, 1920 წელი.
ამ სიტყვების ერთგულების დასტურად მხატვარმა პარიზში შექმნა ფერწერული ტილოების სერია, რომლებშიც წარმოსახვით, საქართველოს რეგიონები ასახა ( „გურია“, „გურული ქალი“, „ქალ-ვაჟი“, „აჭარა“, „ხევსურეთი“, „ დღეობა“). ამ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს ეროვნული მხატვრული ფორმის ე.წ. „მხატვრული ქართულობის“ ის ძიებები, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების მხატვართა თაობის შემოქმედებას მაგისტრალურ ხაზად გასდევს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ეროვნული შუასაუკუნეების მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების სინთეზს ნოვატორულ ხედვასთან.
დღეობა, 1920 წელი.
„მე არ ვიცი მხატვრობაზე დიდი ფილოსოფია“ იტყვის შალვა ქიქოძე საფრანგეთიდან სამშობლოში დისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში და ჩვენც მისი შემოქმედების რეტროსპექციაში განხილვით, ოდნავადაც ეჭვი არ გვეპარება იმ ფილოსოფიურ სიღრმეში და იმ უდიდეს პასუხისმგებლობაში, რომლითაც ახალგაზრდა მხატვარი თითოეული თავისი ნაწარმოების შექმნის პროცესს უდგებოდა.
ის, რომ XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული მოდერნიზმი ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ საინტერესო განშტოებას წარმოადგენს, კარგად ჩანს შალვა ქიქოძის არა მხოლოდ შემოქმედებაში, არამედ სამშობლოში მის მიერ გამოგზავნილი ბარათების შინაარსშიც.
მხატვართა ყავახანა პარიზში, 1920 წელი.
მხატვრის პარიზულ პეიზაჟებს, რომლებშიც პლენერულ ძიებებთან ერთად, უცხო გარემოში მოხვედრილი მხატვრის მარტოსულობის განცდაა აღბეჭდილი ( „პარიზის გარეუბანი“, „ნავები სენაზე“) პარიზული ცხოვრების სცენების მხატვრისეული კრიტიკული შეფასება ცვლის ( „კაფეში“, „ლუქსემბურგის ბაღი“).
ლუქსემბურგის ბაღი,1920 წელი.
შალვა ქიქოძის ფერწერული ტილოების: „ სამი მხატვარი“ და „რესტორანში“ მრავალფიგურიან კომპოზიციურ სქემებში, მხატვარი აქტიურად ათავსებს პარიზში მყოფ მხატვარ-სტიპენდიატების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშილის და საკუთარ თავის პორტრეტულ გამოსახულებებს, ორივე შემთხვევაში შიშველი „ნიუების“ გარემოცვაში.
ამ ნაწარმოებებმა თვალნათლივ წარმოაჩინა შალვა ქიქოძის მიერ ფრიდრიხ ნიცშესა და ზიგმუნდ ფროიდის ფილოსოფიურ მოძღვრებათა საზრისის საინტერესო შემოქმედებითი ინტერპრეტაციები, დაფუძნებული ადამიანის არაცნობიერში არსებულ, ბინარული ოპოზიციების გამოვლენაზე (აპოლონიურ-დიონისიური „ სამი მხატვარი“ და ეროსი-თანატოსი „რესტორანში“).
სამი მხატვარი,1920 წელი.
აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ეროვნული მხატვრული ფორმის შექმნის ძალისხმევით ჯერ კიდევ სამშობლოში დაწყებულ და შემდეგ პარიზში დაგვირგვინებულ საქართველოს რეგიონების მოგონებებით შთაგონებულ ნაწარმოებებში, გარდა გერმანული ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი მხატვრული გამოსახვის ფორმებისა (უტრირება-დეფორმაციის სახით), ჩანს კარლ იუნგისეული კოლექტიურ არაცნობიერში დალექილი ტრადიციული მითოლოგემები - ეროვნული არქეტიპული წარმოდგენების სახით განსხეულებული („ამირანის“ ილუსტრაციები, „ქართველი ქალი“, „გურია“, „გურული ქალი“, „ქალ-ვაჟი“, „დღეობა“, „ხევსურეთი“).
ევროპული მოდერნიზმის ძლიერ საყრდენად მიჩნეული კიდევ ერთი ფილოსოფოსის ანრი ბერგსონის მხატვრისეული ინტერპრეტაცია შეგვიძლია ამოვიკითხოთ შალვა ქიქოძის სრულიად გამორჩეულ ფერწერულ ტილოებზე: „აჭარა“ და „უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად“.
ფერწერულ ტილოზე „აჭარა“, სადაც სხვადასხვა ფერის მბრუნავი ფანტომებიდან ორი ჩადროსანი აჭარელი ქალის იდუმალებით მოცული თვალები შემოგვცქერის, სიცოცხლისკენ სწრაფვის ის ძლიერი ძალა იგრძნობა, რომელსაც მატერიის დემატერიალიზებულად წარმოჩენა შეუძლია. ამ წრე-ბრუნვაში მოხვედრილი შალვა ქიქოძისეული შემოქმედებითი ინტუიცია კი, თავის მხრივ, თითქოს დროის ყოველგვარ დაბრკოლებას სძლევს და წარსულს, მის თანადროულ აწმყოსთან აკავშირებს.
აჭარა, 1921 წელი.
მხატვრის პარიზული პერიოდის შემოქმედებაში აგრეთვე საინტერესოდ აისახა, მოდერნიზმისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტენდენცია - გამოვლენილი ნეოპრიმიტივიზმის მიმდინარეობაში - შალვა ქიქოძე პარიზში ქმნის ფერწერული ნაწარმოებების სერიას, საერთო სახელწოდებით „ტიკინების ცხოვრებიდან“. ამ სერიიდან მხოლოდ სამი შემორჩა და მათ განზრახ გამარტივებულ მხატვრულ ფორმებში, საოცრად გულწრფელი, ადამიანური უშუალო განცდების გადატანა სათამაშოების ხელოვნურ სამყაროში ხდება („პირველი შეხვედრა“, „კოცნა“, „ქორწილი“).
კოცნა II, სერიიდან „ტიკინების ცხოვრება, 1920 წელი.
„მე ჩემი მეორე ბუნება მაინტერესებს, რომელიც ხანდახან გამოიყურება ხოლმე. მე ის უფრო მიყვარს: ის მეორე ბუნება“
- წერდა შალვა ქიქოძე თავის დას 1921 წელს პარიზიდან.
უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად, 1920 წელი.
ამ პერიოდს განეკუთვნება მხატვრის სრულიად უჩვეულო ავტოპორტრეტი „უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად“, რომელშიც შალვა ქიქოძემ ჭეშმარიტი შემოქმედისთვის დამახასიათებელი ძლიერი ინტუიციით იწინასწარმეტყველა თავისი მოახლოებული აღსასრული.
მან გემის კოფოზე საკუთარი თავის გამოსახვით, უცნაურ „თანამეინახეებთან“ - მეფისტოფელთან და ჩონჩხთან - გულზე დაბნეული ჭლექის სიმბოლო - გვირილათი, თითქოს ჩვენს თვალწინ გრიგოლ რობაქიძის მიერ ქართული მოდერნიზმის მისამართით თქმული „სხვადყოფნის მისტერია“ გაითამაშა.
სტატიის ავტორი:
ირინე აბესაძე, წყარო: helloblog.ge
2021-06-23
სრულად ნახვა
ძმები ზდანევიჩები
ახლანდელ ბაქრაძის ქუჩაზე, წითელი აგურით ნაგებ სამსართულიან სახლში, წლების წინ XIX საუკუნის ტფილისური ხელოვნების უდიდესი ქომაგები, კირილ და ილია ზდანევიჩები ცხოვრობდნენ. „კირპიჩნი პერეულოკის“ სახლი იყო საწყისი წერტილი, სადაც დაიბადა და განხორციელდა უამრავი ნოვატორული იდეა; მას ბევრი უცხოელი და კიდევ უფრო მეტი ტფილისელი ახსოვს, ისინი ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების სანახავად მოდიოდნენ ხოლმე...
კირილ და ილია ზდანევიჩების წინაპრები 1831 წლის რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ ვარშავის აჯანყების შემდეგ კავკასიაში გადმოასახლეს. მათი მამა - მიხაილ ზდანევიჩი თბილისის გიმნაზიაში ფრანგულს ასწავლიდა, დედა კი თავადის ქალი - ვალენტინა გამყრელიძე - პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე გახლდათ. ვალენტინა მდიდარი პოლონელის, დლუჟანსკის ქალიშვილი ყოფილა, მას 40 წლისას გაუგია, რომ მშობლებს ჩვილობისას გაეშვილებინათ და სინამდვილეში გაღარიბებული აზნაურის - როსტომ გამყრელიძის ქალიშვილი ყოფილა.
კირილ ზდანევიჩი 1892 წლის 16 ნოემბერს დაიბადა. 8 წლიდან სწავლობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 15 წლის კირილი დეიდაშვილთან ერთად წერდა მოთხრობებს და თავად აფორმებდა ნახატებით. ეს იყო კალის ჯარისკაცის თავგადასავალი, რომელმაც ფაბრიკიდან ტფილისის მაღაზიაში ამოყო თავი. ზოგადად, რვეულებსა და ჩანაწერებს დიდი ადგილი უჭირავს ძმების ცხოვრებაში, რადგან დედამ ისინი ადრეული წლებიდანვე მიაჩვია დღიურების წერას.
1913 წელს კირილ ზდანევიჩი პარიზში ფერწერის შესასწავლად მიემგზავრება. ალექსანდრე არხიპენკოს სახელოსნოში მუშაობისა და საკმარისი ნახატების დაგროვების შემდეგ იმართება მისი ნახატების პირველი გამოფენა, რომელსაც პაბლო პიკასოც დაესწრო და კედელზე სამახსოვრო წარწერა - „5+ პიკასო“ დაუტოვა.
„ფერწერა ნატურის კოპირების ხელოვნება არ არის. ხელოვნებაა ულამაზესი სახით განალაგო ტილოზე ფერები“, - წერდა კირილ ზდანევიჩი. მართლაც, მის კომპოზიციებში შემთხვევითი არაფერია, განსაკუთრებით - მრავალფეროვანი პალიტრა - და თითოეული დეტალი საბოლოო ფორმირებამდე დიდ გზას გადის ხელოვანის ხელში. ის იყო გაბედული მხატვარი, ნოვატორული სულისკვეთებითა და სავსე თავისუფლების იდეით. მისთვის დამახასიათებელი მეტაფორიზმი იდეალურად ერწყმის ფერადოვან პეიზაჟებს, რომლებშიც იშვიათად თუ გაიელვებს დრამატიზმი. მართალია, საზოგადოება მას დაზგური ფორმატის მხატვრად მიიჩნევს, მაინც უნდა ითქვას, რომ ხელოვანის შემოქმედება აერთიანებს ისეთ მიმდინარეობებს, როგორიცაა: ფუტურიზმი, აკადემიზმი, კუბიზმი, იმპრესიონიზმი, პრივიტივიზმი...
„მენშევიზმის დროინდელ ჩემს ბიოგრაფიაში ორ შემოქმედებით მოვლენას გამოვყოფ: პირველი - კლუბ რესტორან „არგონავტების ნავის“ მოხატულობა, შესრულებული მატისისა და ვან დონგენის სტილით, ლამაზად და ფერადოვნად“ - „არგონავტების ნავი“ იყო ბოჰემური ტიპის თეატრ-სტუდია, რომლის კედლებიც კირილ ზდანევიჩთან ერთად ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს. მსგავსი ადგილები ტფილისის ავანგარდული ხელოვნების ცენტრს წარმოადგენდა, აქ თავს იყრიდნენ მოდერნისტები და იმართებოდა ლექციები, გამოფენები, კონცერტები და სხვა. „არგონავტების ნავის“ მსგავსად, მისი მოხატული უნდა იყოს თბილისის სხვა კაფეებიც: „ფარშევანგის კუდი“ და „ქიმერიონი“, მოსკოვში კი - რესტორანი „არაგვი“. სამწუხაროდ, „ფარშევანგის კუდის“ მოხატულობა დღეს დაკარგულად ითვლება.
კირილ ზდანევიჩი თეატრში გამოჩენილ რეჟისორთან, კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა და აღტაცებული იყო მასთან თანამშრომლობით, წერდა, ოცნებები ამიხდაო. მისთვის დამახასიათებელ, პიესის თემატიკასთან შესაბამის ფერადოვან დეკორაციებს ქმნიდა პეტრე ოცხელთან ერთად.
1949 წელს რეპრესირებული კირილ ზდანევიჩი 15 წლით გადაასახლეს ვორკუტაში, თუმცა თბილისში 1958 წელს ავადმყოფი დაბრუნდა. გადასახლების წლებს ის დიდი სინანულით იხსენებდა და ფიქრობდა, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრად უფრო ღირებულ საქმეს გააკეთებდა სამშობლოში: „აშკარაა ამ წლების განმავლობაში შემეძლო ფერწერაში რაიმე შთამბეჭდავი, მონუმენტური შემექმნა, რაღაც „უსახლკარო ზანგების მარშის“ მსგავსი“. კირილ ზდანევიჩი 1969 წელს თბილისში გარდაიცვალა.
„დავიბადე სამი კბილით, თანაც, წარმოუდგენლად ლამაზი. დედაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მეორე შვილი გოგო ჰყოლოდა, დღიურშიც ასე ჩაწერა: დაიბადა გოგონა, დავარქვი - ილია, ამიტომ დიდხანს გრძელი კაბებით მატარებდნენ. გიმნაზიაშიც ქალის ტანსაცმლით მიმიყვანეს, საქმეში სკოლის ინსპექტორი ჩაერია, მშობლები იძულებულები გახდნენ შარვალი ეყიდათ ჩემთვის. პროტესტის ნიშნად უკუღმა სიარული დავიწყე, ეს ამბავი კატასტროფით დამთავრდა - დავეცი, თუმცა არ მოვკვდი“, - წერს თავის დღიურში ილია ზდანევიჩი, ლიტერატურული ავანგარდის ერთ-ერთი ლიდერი, დიზაინერი, მკვლევარი, პოეტი, ნიკო ფიროსმანაშვილის პირველი ბიოგრაფი, რომელიც ამ დაცემამ არ მოკლა, თუმცა სამუდამოდ ხეიბარი დარჩა. მას იცნობდნენ ილიაზდის ფსევდონიმით, რომელიც, როგორც თვითონ ამბობდა, შთაგონებული იყო ეპიკური ნაწარმოებით „ილიადა“.
ილია ზდანევიჩი დაიბადა 1894 წლის 20 აპრილს, დაამთავრა თბილისის I ვაჟთა გიმნაზია და 1911 წელს სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. ავანგარდისტულ წრეებთან დაახლოებული ილიაზდი სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში კითხულობს მოხსენებებს ფუტურიზმზე. იმავე წელს არდადეგებზე ჩამოსულმა ილიამ, კირილმა და მხატვარმა ლე-დანტიუმ აღმოაჩინეს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები და დაიწყეს მათი შეგროვება.
„ჩვენ მოვძებნეთ მხატვარი; მივედით სახლთან მალაკნების ქუჩაზე. აქ მიგვითითეს ნიკოზე, რომელიც ტროტუარზე იდგა. ის ფუნჯით აკეთებდა წარწერას: „მოლოჩნაია“. შემობრუნდა ჩვენკენ, დიდი ღირსებით მოგვესალმა და გააგრძელა საქმიანობა, ხანდახან რეპლიკებით ჩაერთობოდა ხოლმე საუბარში. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან იდგა მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში და რბილი ფეტრის შლაპით, ტანმაღალი, მშვიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ მის ქმედებაში გარკვეული სიმწარე გამოსჭვიოდა“. - წერდა ილია თავის დღიურში.
1921 წლის ოქტომბერში ის გაემგზავრა პარიზში, სადაც მიხეილ ლარიონოვის ხელშეწყობით გაეცნო რუს ხელოვანებს, აგრეთვე - პაბლო პიკასოს, რობერტ და სონია დელონეებს, ტრისტან ტრაზას, პოლ ელუარს და ბევრ დადაისტს. სწორედ პარიზში ჩატარებულ ერთ-ერთ კონფერენციაზე, 1922 წელს, გამოყენა პირველად ფსევდონიმი „ილიაზდი“. ამ ამბიდან 5 წელში არტისტმა მუშაობა დაიწყო კოკო შანელთან მხატვრად. ფაბრიკაში მუშაობის პერიოდში, ქართული ტექნიკის გამოყენებით, ქსოვის ახლებური მანერა შექმნა და მალევე დანიშნეს ფაბრიკის დირექტორად.
შანელის სახლში აღმოჩენილია წიგნი „აფატი“, რომელიც ილია ზდანევიჩის მიერ რუსულად დაწერილი ლექსების კრებულია და საკუთარი ავტოგრაფით მიუძღვნა 5 ცნობილ ადამიანს, მათ შორის - პაბლო პიკასოსაც. მეხუთე ეგზემპლარი კოკო შანელს ერგო და ამიტომაც აქ გვხვდება დიზაინერისადმი მიძღვნილი ერთი განსაკუთრებული ლექსი; წიგნის ილუსტრაციები ეკუთვნის პიკასოს. შანელს ერთი ჩვევა ჰქონია: საყვარელ წიგნს „C“ სიმბოლოთი აღნიშნავდა ხოლმე და ილიაზდის „აფატიც“ ამ წიგნების მოკლე სიაშია. შანელისა და ილია ზდანევიჩის ახლო მეგობრობაზე მეტყველებს ისიც, რომ კოკო შანელი იყო ილიაზდის შვილის - მიშელის ნათლია. განსაკუთრებული იყო პიკასოსა და ილიაზდის მეობრობაც. ილიაზდი იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის წიგნისთვისაც პიკასო ასრულებდა ბეჭდურ გრაფიკას, თანაც ილიას მითითებებით. თბილისელმა არტისტმა წარუდგინა პიკასოს ნიკო ფიროსმანი და მოხიბლულ მხატვარს უნახავი ნიკო ისე დაუხატავს, როგორც ილიაზდმა აღუწერა. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ფოტოგრაფ ლე მილერის დაჭერილი კადრი ორი კარგი მეგობრის გულითად ემოციებს აღწერს.
„ძვირფასო ილია! ხვალ, 4 საათზე მე უკან მივემგზავრები ტფილისში. მე ვფიქრობდი, რომ შენ უკან გამომიგზავნიდი ვიზას და მე წამოვიდოდი შენთან და ერთად ვიმუშავებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საქმე უნდა გადავდოთ. მე ვიმუშავებ ტფილისში პარიზისთვის. როდესაც ასე თუ ისე მოეწყობი, გამომიგზავნე ვიზა ტფილისში. გკოცნი მაგრად, შენი კირილე“ - ასე წერდა კირილ ზდანევიჩი 1922 წელს ძმას. სამწუხაროდ, ძმების შეხვედრა მხოლოდ 45 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მიუხედავად წლების განშორებისა, ძმებს შორის მჭიდრო სულიერი კავშირი და სითბო ყოველთვის არსებობდა. ორივენი ცალ-ცალკე თავიანთ დიდ ცხოვრებას ერთი იდეის ირგვლივ აშენებენ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან ემსახურებოდნენ მას. ილია ზდანევიჩის შემოქმედება, როგორც პოეტის, არტისტის, ქართული და სომხური ეკლესიების მკვლევრის (ის იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოსწავლე), ვერ დაიტევს რამდენიმე ფურცელს. დღეს დასავლეთში ის აღიარებულია XX საუკუნის უდიდეს გამომცემლად. ილიაზდი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ქართული ხელოვნება გაეტანა საზღვრებს გარეთ და მაქსიმალურად შორს მიეწვდინა ამბავი ტფილისური ავანგარდის არაჩვეულებრივ წარმომადგენლებზე.
სტატიის ავტორი:
ანი დიდიშვილი; წყარო: hammockmagazine.ge
2021-06-08
სრულად ნახვა
ირაკლი კუნჭულია - ახალგაზრდა ქართველი მხატვარი
თავდაპირველად ის გაიცნეს როგორც “ბუშტებიანი გოგოს” მხატვარი… გოგოსი, რომელიც ბუშტებით ხელში, სადღაც მიფრინავდა და ათას რამეზე ოცნებობდა… მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ახალგაზრდა მხატვარ ირაკლი კუნჭულიას უკვე ყველა ცნობს თავისი ხელწერით და ნახატებით, რომელზედაც საღებავების სიუხვე და სიჭრელე მაშინვე იქცევს საზოგადოების ყურადღებას.
“თავისუფლება ჩემთვის არის ჩემს თავთან ყოფნა. იმას ვაკეთებ, იმას ვხატავ რაც მინდა.ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვხვდები, რომ ამ დროს ვარ ყველაზე თავისუფალი, იმიტომ რომ იმ სამყაროს ვქმნი ტილოზე, რომელიც ჩემია და ჩემგან მიდის, ჩემი ემოცია იდება…” – ასე გვიყვება ამბავს თავისუფლებაზე ირაკლი, რომელიც ახლა “აიპრესის” სტუმარია.
ირაკლი, როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. თქვენი ნახატები ძალიან ფერადი და ჭრელია. ხშირია საბავშვო თემატიკა, კოსმონავტები, თვითფრინავები, ბუშტები. ხომ არ ხატავთ იმას, რაზეც ბავშვობაში გიოცნებიათ და გიფიქრიათ?
ბავშვობაში მინდოდა მფრინავი გამოვსულიყავი. ერთ დღესაც დავხატე ასეთი კომპოზიცია, გოგო ბუშტებით ხელში. ჩემს გოგოს “მეოცნებე” დავარქვი.შემდეგ ბევრი სერია დავხატე, ყველა სხვადასხვა, არცერთი არ ჰგავდა ერთმანეთს. ახლა ვფიქრობ სხვა თემატიკაზე გადავიდე, რადგან სულ ახლის ძიებაში ვარ.
გამოდის, თქვენი სავიზიტო ბარათი იყო “მეოცნებე გოგო ბუშტებით ხელში”
ასე გამოვიდა. არ მინდა, რომ რაღაც კონკრეტულთან ვასოცირდებოდე, მინდა ყველაფერი გავაკეთო და ბევრს ვმუშაობ. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ბევრი მიცნობს, როგორც ბუშტებიანი გოგონას ავტორს.
ყველა მხატვარს აქვს თავისი გამორჩეული სტილი და დეტალი, ცნობენ უკვე თქვენს ხელწერას?
რა თქმა უნდა, ყველა მხატვარს აქვს თავისი ხედვა, ხელწერა. იყო შემთხვევა, როდესაც ნამუშევრებზე უთქვამთ, -ეს ხომ შენი ნახატიაო.
და რაც მთავარია, ნამუშევრებზე არ გენანებათ საღებავი, ისეთი დატვირთული და უხვი ფერები გაქვთ…
საღებავი არ მენანება, რა თქმა უნდა. ზოგადად ზეთის საღებავი ისეთია, თითქოს გელაპარაკება ხატვის დროს, რაღაცებს მთხოვს – გამასუქე, გამახდუნე, ფერი მომიმატე. ფერწერა იგივე ფერთან თამაშია.
ფერებთან მიდგომაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მხატვარი თავის პიროვნებიდან გამომდინარე უნდა ხატავდეს.
არიან მხატვრები, რომლებიც თავიანთ ნახატებს არ ყიდიან, სხვათა შორის ძალიან კარგი მხატვრები. გულწრფელად გეტყვით, მე მათი არ მესმის და არც “სახლში გამოკეტილი” ნახატების მომხრე ვარ. არის ასეთი მოსაზრება, რომ ნახატები, რომლებიც გასაყიდად კეთდება, გულიანად და ემოციურად არ იქმნება. თქვენს ნახატებზე ამას ვერ ვიტყვი. სინამდვილეში თქვენ როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს?
ბოლო დროს, ყველა ვინც ფუნჯით ხაზს გაავლებს, მხატვარს ირქმევს სახელად. ჩემთვის სიტყვა „მხატვარი“, სულ სხვა რამეს ნიშნავს. როცა გასაყიდად მუშაობ, ის ემოცია და შემოქმედება ალბათ არ არის. მორგებული ხარ სხვის ინტერესზე. სხვას რაც მოეწონება ის უნდა დახატო და შენს ემოციას ვერ გადმოსცემ. მთავარია, თვითონ მხატვარს მოსწონდეს რასაც ხატავს და მერე ალბათ, სხვასაც მოეწონება. არ არსებობს ისეთი ნახატი, რომელსაც მომწონებელი არ ჰყავს. როგორიც არ უნდა იყოს, ვიღაცას აუცილებლად მოეწონება.
ყოფილა ნახატი, რომელიც არ მოგწონებია და გადაგიხატავს თავიდან?
ძალიან ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მაგალითად,ერთი ჩემი მეგობარი, რომელთანაც ერთად ვმუშაობ, არცერთ ნახატს არ გადახატავს თავიდან, ყველას ინახავს. მე კი, თუ ოდნავ რამე არ მომეწონა, შემიძლება ასჯერ შევცვალო. იყო შემთხვევა სხვას მოსწონებია და გამიჩუქებია კიდეც. მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
ჩემი აზრით მხატვრობა, მხოლოდ შემოქმედებითი ნაწილი არ არის, ეს არის პროფესია, პასუხისმგებლობა ადამიანის წინაშე, რომელმაც ეს ნახატები უნდა აიღოს, თავის სახლში დაკიდოს და უყუროს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ვინმე დარჩენილა უკმაყოფილო, ან შენ გაბრაზებულხარ ურთიერთობის ფორმაზე?
ერთი შემთხვევა მახსენდება… მომიტანეს ნამუშევარი, იქნებ ეს შემიცვალო, კომპოზიცია გადამიკეთოო. ძალიან გავბრაზდი. როგორ შეიძლება ეს მხატვარს მოსთხოვო, მაშინ შენ აიღე ფუნჯი და შენ თვითონ დახატე. ბუნებრივია, ყველა მხატვარს აქვს შეკვეთა და არასდროს ვიღებ ისეთ შეკვეთებს, სადაც შეიძლება მიმითითონ, თუ როგორ უნდა დავხატო. შეიძლება მითხრან კომპოზიცია ასეთი უნდა იყოსო და შემდეგ მე თვითონ ვაწყობ. როდესც ვინმე ჩაერევა შემოქმედებით პროცესში, კარგი ნამუშევარი არ გამოდის.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს შეუძენია ჩემი ნახატი და მეორეს მოსდომებია ზუსტად ისეთივე, მაგრამ ზუსტად იგივე არ გამოდის, ცოტა რაღაცეები აუცილებლად შეიცვლება.
როგორ ამბობენ, მხატვრები ყველაზე თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ ბევრ რამეს. არსებობს თუ არა „წითელი ხაზები“, რომელიც მხატვარმა არ უნდა გადაკვეთოს?
მხატვარმა ის უნდა აკეთო, რაც შენ გაგიხარდება, მაგრამ არის რაღაცეები, მაგალითად რეალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის მიუღებელია. საკუთარ ნახატებზე, რომ აქციას აცხადებ და ამას აკეთებ მუდმივად, ჩემთვის ეს არის წითელი ხაზი. რატომ უნდა აკადრო საკუთარ თავს და შენს ნამუშევარს ასეთი რაღაცა. ასეთი მიდგომები, ჩემთვის არის წითელი ხაზი. ნამუშევრების მუდმივად აქციაში დადებას, არ სჯობს უკვე ფასდაკლებული შესთავაზო მყიდველს?
ასევე, წარმოუდგენელია ჩემთვის მხატვას როგორ უნდა უთხრა ეს ასე დამიხატეო,მხატვარს არ უნდა აკადრო ასეთი რამ. რატომღაც მხატვრებს გაჭირვებულებად აღიქვამენ. ეს არ არის სწორი.
თუ არიან, ან იყვნენ შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვერასდროს დაივიწყებ იმის გამო, რომ შენს შემოქმედებაში ძალიან დიდი ბიძგი და სტიმული მოგცეს?
ცხადია, არიან ასეთი ადამიანები. მე 90-იან წლების თაობის წარმომადგენელი ვარ და მაშინ სკოლაში ისწავლებოდა ხატვა. გაჭირვების პერიოდი იყო, აკრილზე საერთოდ ლაპარაკი არაა, ზეთიც თითქმის არ იშოვებოდა და გუაში იყო ძირითადად. სკოლის მასწავლებლებმა მომცეს ბიძგი და მაშინ მივხდი, რომ ხატვა კარგად გამომდიოდა ვიდრე სხვა რამ და ეს უნდა მეკეთებინა.
არის ასეთი ძალიან მაგარი პედაგოგი, ბეჟან შველიძე, რომლის სახელოსნოში გავიზარდე სანამ აკადემიაში ჩავაბარებდი. ეს ადამიანი არის ჩემთვის მისაბაძი. ძალიან თავისუფალი იყო თავის ნამუშევრებში, ახლაც კი, 92 წლისაა და ასე მუშაობს. დიდ ემოციებს იწვევდა ჩემში. თან ის მომწონდა, რომ ჩემს მუშაობაში არ ერეოდა. მისი ოსტატობით ძალიან გაოცებული ვიყავი.
ამის შემდეგ რაღაც პერიოდი გავიდა და შემთხვევით, გალერეაში გავიცანი ერთი ადამიანი, კახა კაკაბაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შემოქმედად შედგომაში. იმ პერიოდში ვიყავი ჩვეულებრივი, აკადემიადამთავებული მხატვარი. ცოტ-ცოტას ვმუშაობდი. მას გალერეაში ერთი ჩემი ნახატი ძალიან მოეწონა. შემომთავაზა წავსულიყავი მასთან სახელოსნოში და იქ მემუმუშავა. ამ ადამიანმა მართლაც მომცა დიდი ბიძგი. იმ დროს შემიწყო ხელი, როდესაც ძალიან მჭირდებოდა დახმარება და მისი მადლიერი ვარ და ვიქნები მთელი ცხოვრება. ის რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდი. იმ დროს მითხრა, რომ ძალიან ბევრი უნდა მემუშავა, როდესაც არაფერს ვაკეთებდი.
როდის მიხვდი, რომ ხატავდი და არ ერთობოდი? რომელმა ნახატმა მიგახვედრა ეს?
ასე ვერ დავკონკრეტდები. როდესაც ყველაფრისგან გავთავისუფლდი, მივხვდი, რომ მიბაძვით არ უნდა დამეხატა, ჩემი უნდა მქონოდა, ეს იყო ზუსტად გადამწყვეტი ჩემს შემოქმედებაში. იმ სახელოსნოში დავიწყე ჩემი თავის რეალიზება. მერე შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი მეგობარი ირაკლი ჩიქოვანი, მოგვიანებით შემოგვემატა ბექა სვირავა და უკვე მე-6 წელია ერთად მოვდივართ, ერთად ვმუშაობთ. დავაარსეთ საქართველოში პირველი ღია სახელოსნო, სადაც მსურველებს, ნახატის შეძენასთან ერთად, შეუძლიათ გაეცნონ მხატვარს, თავალი ადევნონ მის მუშაობას.
ძალიან ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა თავისუფლება, რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება?
თავისუფლება ჩემთვის არის ჩემს თავთან ყოფნა. იმას ვაკეთებ, იმას ვხატავ რაც მინდა.ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვხვდები, რომ ამ დროს ვარ ყველაზე თავისუფალი, იმიტომ რომ იმ სამყაროს ვქმნი ტილოზე, რომელიც ჩემია და ჩემგან მიდის, ჩემი ემოცია იდება. ზუსტად იმ ნახატებში, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს, იგრძნობა ჩემი თავი. მაგალითად ძველი თბილისის ქუჩებს ჩემეულად ვხედავ. რომ შეადარო, ვერ იპოვი ისეთ ქუჩას, როგორიც ჩემს ნახატებშია, იმიტომ რომ ჩემი ინტერპრეტაციით მაქვს გაკეთებული. მაგრამ ასეთი ქუჩა სინამდვილეში არსებობს.
თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული გარემოებების გამო, შეგეზღუდა ეს თავისუფლება?
პანდემიის დროს, ზოგი მხატვარი გაჩერდა, ვერ ახერხებდა მუშაობას. მე პირიქით, სტიმული მომეცა. მარტო მოვდიოდი საელოსნოში.
თუ გაბრაზებულხარ ისე, რომ დაგიდია ფუნჯი და გითქვამს – არ დავხატავ!
არა, ასეთი რამ არ ყოფილა ნამდვილად.სულ ვმუშაობ, მინდა ბევრი ნამუშევარი შევქმნა. ადამიანებს ჩემი ნახატები მიაქვთ და ვგრძნობ, რომ მათ რაღაცით ვახარებ. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. რატომ უნდა შეინახო ნახატები, როდესაც ამით შეიძლება ბევრი გაახარო. კიდებენ სახლში და უყურებენ ყოველდღე, ეს დიდი სიხარულია ჩემთვის.
რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის როლი და თანადგომა შემოქმედისთვის?
ოჯახის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან, სტუდენტობის პერიოდში, დედა ძალიან მეხმარებოდა. დედა იყო ყველაფერი ჩემთვის, ბევრ რაღაცაში შემიწყო ხელი. მან მომცა საშუალება რომ მესწავლა. ყველაფერმა ამან შედეგი გამოიღო და მხატვარი გავხდი, რაც ძალიან მიხარია.
ხშირად ვხვდები თქვენს დედას გალერეაში. თქვენს ნახატებს ათვალიერებს ხოლმე და უყურებს რა დახატე, როგორ დახატე.
კი, დედა დიდი გულშემატკივარია ჩემი. თუ რამე არ მოსწონს, მეუბნება.
ახალგაზრდა მხატვრებში კონკურენცია არის ძალიან დიდი. გარკვეული გარემოებების გამო, ამ სფეროში ხომ არ დაჩაგრულხართ?
არ მგონია მხატვრები ერთმანეთის კონკურენტები ვიყოთ, რადგან ყველა სხვადასხვა რამეს ვაკეთებთ. თვითონ მხატვარმაც არ უნდა ჩათვალოს, რომ კონკურენტი ჰყავს. ამ სფეროში შემფასებელიც სხვადასხვაა, ზოგს ის მოსწონს, ზოგს – ეს.
თუმცა, მოდი შევთანხმდეთ, რომ მხატვარს იღბალი სჭირდება. მე მგონი, თქვენ ძალიან იღბლიანი მხატვარი ხართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა თქვენს ნახატებზე. მინახავს მხატვრები, რომლებიც კარგად ხატავენ, თუმცა, ასეთი მოთხოვნა, როგორიც თქვენს ნახატებზეა ნამდვილად არ აქვთ.
შეიძლება ეს გარემოება იღბალთანაც დავაკავშიროთ, მაგრამ იღბალზე ჩემი მოსაზრება გამაჩნია. სულ ვმუშაობ და შრომას თავისი შედეგი მოაქვს, მე ასე ვთვლი. შრომა რომ გიფასდება, ამაზე კარგი არაფერია. თუ არ იშრომე, გაჩერებული ხარ, მხრებჩამოყრილი, მუზის მომლოდინე… რა მუზას ელოდები, დაჯექი იმუშავე და მუზა თავისით მოვა. იღბალიც ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ იმუშავე, არაფერი იქნება.
„ბუშტებიან მეოცნებე ქალებზე“ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა, ბუშტებიანი მეოცნებე ქალების გარდა გყავს შიშველი ქალები კატებით…
კი მყავს შიშველი ქალები, შავი კატებით. რომ ვთქვა ეს რამეს უკავშირდება თქო, სიმართლე არ იქნება. საერთოდ, კონკრეტული ადამიანები არ დამიხატავს არასდროს, მხოლოდ ჩემი შვილი მყავს დახატული, პატარა სკეჩები გავაკეთეთ. არ მიყვარს ხოლმე ვინმეს დახატვა, ასე მგონია მისი ხასიათი ჩემზე გადმოდის და ამიტომ არავის ვხატავ. უარს ვამბობ მსგავს შემოთავაზებაზე.
ყველა ქალი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. არცერთი ჰგავს ერთმანეთს.
გამოდის, ფანტაზიას არ უჩივით…
შეიძლება ასე ითქვას.
თქვენი შემოქმედების ყველაზე მთავარი პროექტი რა არის, რომელსაც გეგმავთ და თვლით, რომ მომავალში აუცილებლად უნდა გააკეთო?
რაღაც იდეები მაქვს. ახლახან გავაკეთე მფრინავების სერია და დავარქვი „საბავშვო ომები“. ჩემი მეგობრის დახმარებით გავაკეთე რკინის ჩარჩოები, ტილოზე მოცემული ნახატი გადის ჩარჩოს გარეთ, თითქოს ჩარჩოებიდან გავდივარ, რაც თავისუფლებასთან ასოცირდება. აწი რასაც გავაკეთებ ეს იქნება ფრენასთან დაკავშირებული და ეს იქნება არა ბუშტები, არამედ სხვა რამ.
ერთი სიტყვით, ჩარჩოდან გასული სიმაღლეების დაპყრობაზე ხარ გადასული…
ასეთი იდეა მაქვს, მაგრამ რამდენად შევძლებ და რამდენად გამოვალ ამ ჩარჩოებიდან ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად ხატავთ, არის რაღაც ჩარჩოები, საიდანაც ვერ გამოდიხართ?
შებოჭილობა არაფერში არ მაქვს.
თუ ყოფილა ისეთი მხატვარი, ქართველი ან უცხოელი, რომელზეც გითქვამთ, ერთი წუთით ეს მამყოფაო?
სხვათა შორის, ერთხელ მქონდა ასეთი შეგრძნება. ვანგოგის ახალი ტილო ვნახე და ვინატრე ერთი საათი ამ კაცის ფიქრებში მამყოფა მეთქი. ის რომ ხედავდა, იმის დანახვა სხვას არ შეუძლია, იმდენად ღრმა იყო მისი სიყვარული ფერწერისადმი.
თქვენ რას ხედავთ, როცა ხატავთ?
ნახატს რომ ვიწყებ, ალბათ 90% არ ვიცი რას დავხატავ, უბრალოდ ვიწყებ და თითქოს ტილო თვითონ მეუბნება რა უნდა გამოვიდეს, საით უნდა წავიდე. შემდეგ რაღაცას დაინახავ შიგნით, გამოწევ, გადაწევ და საბოლოოდ გამოდის ნამუშევარი.
პირველ რიგში, საკუთარ თავთან მინდა ვიყო კმაყოფილი ჩემი ნამუშევრებით. ჩემი მეგობრები, რომლებთანაც სახელოსნოში ერთად ვმუშაობთ, რაღაცნაირად ერთმანეთზე გადაბმულები ვართ მთელი ჩვენი შემოქმედებით და ძალიან მახარებს თვითონ ეს პროცესი.
ხშირად ხვდებით ცხოვრებაში უმადურ ადამიანებს?
უმადური ადამიანები ჩემგან შორს არიან
ყველაზე მეტად რა გაბრაზებს ურთიერთობებში?
ყოვედღიურ ცხოვრებაში რაც მაბრაზებს ეს არის უსამათლობის განცდა.
სტატიის ავტორი:
თამარ ლეფსვერიძე, წყარო ipress.ge
2021-06-01
სრულად ნახვა
ელენე ახვლედიანი
ელიჩკა - ასე ეძახდნენ ახლობლები ელენე ახვლედიანს,იმდენი ადამიანისთვის იყო ახლობელი, რომ სახელის ეს მოფერებითი ფორმა მთელ თბილისს მოედო.
ელენე ახვლედიანი ძალიან რთული ცხოვრებით ცხოვრებდა.ეს იყო მუდმივი სრულყოფის გზა ხელოვნებაში, ბრძოლა ტრაფარეტულ აღქმასა და თუნდაც კეთილ გავლენებთან.
მშვენიერების აღქმა და იმავდროულად ნებისმიერი დეტალის ინტელექტუალურ ჭრილში დანახვა, ყველაზე ამბიციური მოთხოვნის თავისთავად დაფიქსირება- ეს ეხლენე ახვლედიანის სამყაროა იყო. სინათლითა და სიკეთით აღფრთოვანება, სამყაროს სიყვარული, კაცთმოყვარეობა მის ცხოვრებაში ჟღერდა როგორც განუმეორებელი სიმფონია, როგორც მუსიკა,რომელსაც ასეთი გატაცებით ეზიარებოდა ხოლმე. მის არსებაშიც მუსიკაც კი ფერებად გარდაიქმნებოდა.ფერი გახდა მისთვის ყველაფერი!
ბიოგრაფია
ელენე ახვლედიანი დაიბადა 1898 წლის 18 აპრილს, თელავში. იგი იყო ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. ელენე იზრდებოდა თელავში, ვახვახიანთ ციხე-კოშკებით დამშვენებული რომანტიულ უბანში.უაღრესად მგრძნობიარე და გონებაგახსნილი გოგონა ხატვის ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა.როგორც ამბობდნენ,არ დარჩენილა თელავში ბორცვი და კორდი,ელენე ახვლედიანს რომ არ დაეხატა.
1906-1907 წლებში ელენეს ოჯახი საცხოვრებლად თვილისში გადმოვიდნენ.თბილისში ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს.1918 წელს მან ხატვის მოკლევადიანი პედაგოგიური კურსებიც გაიარა და პედაგოგიური კვალიფიკაცია მიენიჭა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ,1922 წელს, ელენე ახვლედიანი თბილისში ახლადაარსებულ სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში იწყებს სწავლას.ცოტა ხანში ელენემ გიგო გაბაშვილის სტიპენდია მიიღო და სასწავლებლად პარიზში გაუშვეს.ის ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობდა. სასწაულის განცდა ჯერ კიდევ იტალიაში დაეუფლა.წელიწად-ნახევარში იტალიაში იცხოვრა.თურმე მონუსხული დადიოდა რომში.
1924 წელს ელენე ახვლედიანი პარიზში ჩავიდა,ქალაქში,სადაც, როგორც ამბობდნენ,ყველაზე უკეთ ისინჯებოდა მხატვრობის გულისცემა.
პარიზი
ამ პერიოდში პარიზში სხვა ქართველი მხატვრებიც იყვნენ: დავით კაკაბაძე,ლადო გუდიაშვილი,შალვა ქიქოძე..სწორედ მათ ურჩიეს დამუკიდებელი მხატვრობის სკოლაში შესვლა.ოთხი წელი დადიოდა იტალიელი მოქანდაკე ფილიპო კოლაროსის კერძო სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად.სკოლა ხშირად აწყობდა ახალგაზრდა მხატვრების გამოფენას,რომელზეც ელენე ახვლედიანის ნახატები გამოირჩეოდა.ამიტომაც იყო ,რომ მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ პაბლო პიკასო და პოლ სინიაკი .მოდილიანთან ნაცნობობას,მოქანდაკე მაიოლთან მეგობრობას არ შეეძლო გავლენა არ მოეხდიანა მის შემოქმედებაზე.ელენე ახვლედიანის პარიზული ცხოვრება მეტად ნაყოფიერი იყო-შეიცვალა მისი ფერთა პალიტრა,ფუნჯის მონასმი უფრო დახვეწილი და ფაქიზი გახდა.მკაფიოდ ჩამოყალიბდა ნისი ინდივიდუალური ხელწერა,გარე სამყაროს მისეული აღქმა.
ელენე ახვედიანს არაერთი პარიზული პეიზაჟი აქვს დახატული. მისი პარიზი სადაა, ხმაურიანი, უბრალო ხალხით სავსე. იქ შესრულებულ პეიზაჟებში ჩანს, თუ როგორ უყვარს სამშობლო.პიკასომ მოიწონა ახვლედიანის ტილო "კახეთი" ",ზამთარი" და ყიდვა მოისურვა. ელენემ კი კახური პირდაპირობით უპასუხა, ეს სურათი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს გავყიდიო.რაღაც უცნაური დაინახა იმ წუთებში უკვე გენიოსად აღიარებულმა პიკასომ. მის წინ იდგა სიფრიფანა აღნაგობის უცხოელი ქალი, იდგა ლამაზი და განყენებული იმ ყველაფრისგან, რასაც მლიქვნელობა,მაამებლობა,კარიერისკენ სწრაფვა ან თავის გამოჩენის წადილი ჰქვია.პიკასო მიხვდა,რომ მის წინ იდგა დიდი ადამიანი.მას შემდეგ ისინი დამეგობრდნენ.
1926 წელის ოქტომბერში პარიზში მოეწყო ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა, რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.თუ პარიზში ელენე ახვლედიანის შემოქმედებამ ფრანგი კრიტიკოსების დიდი ყურაღება მიიპყრო, ცოტა ხნის შემდეგ მისი ნამუშევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სურათების გამოფენაზე გაიგზავნა.შემდეგ ისევ პარიზში. შემდეგ შვეიცარიაში..ჰოლანდიაშიც მიიწვიეს , თუმცა მისი გამოფენა აგარ შედგა,რადგან დედის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოუვიდა სამშობლოდან. 1927 წელს ელენე სამშობლოში გამოემგზავრა და შემდგომში უცხოეთში წასვლაზე აღარც უფიქრია. დედა მისი ცხოვრების ტკივილად იქცა.
სამშობლო
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოფენები მოეწყო თბილისში, თელავში,ქუთაისში,სადაც ქართველი საზოგადოება გაეცნო საფრანგეთიდან ჩამოტანილ მის ნამუშევრებს.
ელენე ახვლედიანის გამოფენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ რუსეთიდან ახალდაბრუნებულ კოტე მარჯანიშვილს მისი ნახატების შემდეგ ბარათები მიუწერია ელენესთვის:’თქვენთან შეხვედრა მინდა“. კოტე მარჯანიშვილი ქუთაისის თეატრში მუშაობდა,როცა ელენე ახვლედიანი მიიწვია.
ელენე ახვლედიანმა 72 სპექტაკლი გააფორმა მხატვრულად, როგორც საქართველოს თეატრებში,ისე მოსკოვში,კიევსა და ხარკოვში.ელენემ დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მისი ხასიათის მთავარი თვისება სიმართლისმოყვარეობა და უშიშრობა იყო. ელენე გახლდათ ძალიან ტემპერამენტიანი. მეამბოხე და რაც მთავარია ,ორიგინალური ადამიანი. ძალიან ხელგაშლილი და ქველმოქმედი იყო. ხელოვან ბავშვებს საახალწლოდ თავის დარბაზს უთმობდა.თვეობით მასთან ცხოვრობდნენ ნათესავები ან მეგობრის მეგობრები.მისი კარი არასდროს იკეტებოდა და ამიტომ მარტო არასდროს იყო.ადამიანების დახმარება მისთვის ერთგვარი მოვალეობა იყო.რა თხოვნითაც უნდა მოსულიყვნენ მასთან, თავის საქმეს მიატოვებდა და გაჰყვებოდა დასახმარებლად. მისთვის მთავარი ხნეობრივი ღირებულებები გახლდათ.დაუშრეტელი ენერგიის წყალობით გარიჟრაჟიდან დაღამებამდე შეეძლო შრომა,სამუშაო დღე იწყებოდა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში დილის 6 საათიდან...
მართალია, შვილები არ ჰყავდა, მაგრამ მასში იმდენად იდო დედის პოზიცია,რომ უამრავ ადამიანს უნაწილებდა მზრუნველობასა და სიყვარულს.მას უზომოდ უყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა.
1960 წელს მას საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მხატვრის წოდება მიანიჭეს.1971 წელს კი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
შემოქმედება
საქართველოს ლანდშაფტების, თელავის, ქუთაისის, სიღნაღის ძველი უბნებისგან მომავალი ემოცია ელენე ახვლედიანის
შემოქმედებაში ფერის ნატიფი, უტყუარი შეგრძნებით აისახა. მისი შემოქმედების ფერწერულობა ფერით მეტყველება მოქნილი და სრულყოფილი საშუალებაა მხატვრის ხელში,რომ ემოცია გააცოცხლოს და ისეთივე
საშუალებით განგვაცდევინოს, როგორითაც თავად განიცადა.ფერთა სიმფონიაში,სწორედ ისე,როგორც მუსიკალურ
ნაწარმოებში,კულმინაციური აკორდით ჩნდება განათება,რომელსაც კონკრეტული ემოციური ჟღერადობის მაქსიმუმამდე
აყვანა და შარავანდედით შემოსვა შეუძლია.“ყოველთვის ძალზე მძაფრად განვიცდი ბუნების ცვლილებებს.ერთი
გაყვითლებული ფოთოლი,ტყვიისფერი ცა მე უკვე მიმღერის ნაღვლიან სიმღერას“-ამბობდა ელენე ახვლედიანი.
მას ძალიან უყვარდა თოვლი.
ერთხელ უთქვამს,თოვლი. ხომ იცით რატომ მიყვარს განსაკუთრებით ბუნების ეს საოცრება? ოცა დავბადებულვარ,
აპრილი იდგა,18 აპრილს,დღისით,მზისით, თოვლი მოსულა, სულ გადაპენტილა თელავი,ვახვახიშვილის ციხეკოშკები.
ამიტომ ნახე,ჩემს სურათებში რამდენი თოვლია’.წარმავლობისთვის ყოველი წუთი ენანებოდა,ისევე როგორც ყოველი
ფიფქი,მზის სხივი,ღრუბელი,გზა და კორდი,მთა და სახლი–ამას თვითონ ნახატები გიამბობენ.
დრო გადიოდა..ხანდახან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ..სწორედ ასეთ დროს უთქვამს:’ძალიან მშვენიერია თბილისი,მე კი მგონი, მივიდარო“.გული ნამდვილად სწყდებოდა.არ უნდოდა განშორება ქალაქთან,რომელასაც არასოდეს არც ერთ ქალაქში არ გაცვლიდა.’მშვენიერია პარიზი,მაგრამ თბილისი სასწაულია’-ამბობდა ის.1975 წლის 30 დეკემბერს,თბილისში, ელიჩკა გარდაიცვალა...ზუსტად ამ დღეს მისი ინიციატივით მოეწყო მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა ფინანსთა სამინისტროს შენობაში.სიტყვით გამოსვლის დროს მხატვარი მოულოდნელად ჩაიკეცა."მოკვდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეფერებოდა სიკვდილი..მისივე თაოსნობით მოწყობილი გამოფენის დახურვის დროს,თავის მეგობრებისა და პატივისმცემლების წრეში,როცა მადლობისა და სიყვარულის სიტყვებით მიმართავდა საზოგადოებას,უცებ ჩაიკეცა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ გრძნობაზე არც მოსულა.წავიდა სიხარულის წუთებში.."- წერს ვახტანგ ბერიძე.
სტატიის ავტორი:
წყარო: http://elenedevdariani.blogspot.com
2021-05-31
სრულად ნახვა
დავით კაკაბაძე - მხატვარი ჩარჩოებს მიღმა
დავით კაკაბაძე – პირველი, რაც თავში მოგდის, იმერული პეიზაჟებია, სურათის ჩარჩოებს მიღმაც რომ უქმნის მნახველს წარმოდგენას მის უკიდეანო სივრცეზე. მისი ნახატების მსგავსად არასდროს მოუქცევია ჩარჩოებში არც თავისი ცხოვრება, არც შემოქმედება და არც, თუნდაც თავისი მრავალრიცხოვანი ინტერესები.
მხატვარი, გამომგონებელი, ფოტოგრაფი, მკვლევარი...
ერთი მხრივ – მშვიდი, დარბაისელი, გაწონასწორებული, მეორე მხრივ კი- მუდმივად ძიებაში მყოფი, თანამედროვე, რაციონალური აზროვნების შემოქმედი, რომელიც თავის თავში აერთიენებდა მხატვარს, გამომგონებელს, ფოტოგრაფს, მკვლევარს, ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ისტორიის მემატიანეს.
თითოეული მათგანი კი, თავისი კუბისტური კომპოზიციების მსგავსად, ისევ იყოფოდა პატარ-პატარა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ნაწილებად: რეალისტურ და ალეგორიულ, კუბისტურ და აბსტრაქციულ მხატვრობად სოფლის პეიზაჟებითა და პარიზული ჩანახატებით, ბუნების სურათებითა და ინდუსტრიული ხედებით…
კონტრასტული იყო მისი შინაგანი ბუნებაც – განათლებით ფიზიკოსსა და მათემატიკოსს, როგორც ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენელს, არასდროს უთქვამს უარი თავისუფალ, უკომპრომისო აზროვნებაზე, არასდროს შეგუებია ჩარჩოებს…
კაკაბაძის მხატვრობაზე ბევრი დაწერილა და თქმულა, კიდევ ამოუწურავად ბევრი შეიძლება, ითქვას. მაგრამ მისი ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის სხვა მხარე არანაკლებ საინტერესოა ჩვენთვის.
ორი კულტურის: ქართული და ევროპული საწყისების მატარებელი
მრავალმხრივი შემოქმედებით ყველა დროის თანამედროვე იყო. იძიებდა წარსულს და ხიდს დებდა მომავალთან, მისთვის ძვირფასი და სათუთი იყო თითოეული ქართული ჩუქურთმა, მათი სიმბოლური კავშირები დროსა და ისტორიასთან, ქართულ იდენტობასთან.
აკი, შემოიარა კიდეც მთელი საქართველო ფეხდაფეხ და ჯერ ფოტოებზე და შემდეგ ფირებზე აღბეჭდა ყოველი ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, თუ ჩუქურთმა, გააკეთა უმნიშვნელოვანესი კვლევა ორნამენტის გენეზისზე, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა მის დოკუმენტურ ფილმს, სურდა ერთ მთლიანობაში მოექცია ყოველივე ეს, მაგრამ აქაც ვერ ჩაჯდა „საბჭოთა ჩარჩოებში“ და მოსკოვის მკაცრი ხელით განადგურდა პირველი ფირები და წერტილი დაესვა დოკუმენტური ფილმის შექმნის თაობაზე მის ჩანაფიქრს.
მოგვინებით მისი კვლევების საფუძველზე პარმენ მარგველაშვილმა გამოსცა წიგნი ორნამენტის გენეზისზე, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დავით კაკაბაძის საარქივო მასალებს, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ იკვლევს ავტორი ორნამენტის წყობას, მის კავშირებს წარსულთან, ქართულ თუ ევროპულ კულტურასთან. ეს კავშირები მისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელი იყო, კონცეფციაც კი შეიმუშავა ევროპისა და აზიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთკავშირზე.
თვითონ ორი კულტურის: ქართული და ევროპული საწყისების მატარებელს, გასაკვირიც კი იქნებოდა, არ ეძებნა მათ შორის შეხების წერტილები.
იმერეთის ულამაზეს სოფელ კუხში დაბადებულსა და გაზრდილს არ გასჭირვებია, ფეხი აეწყო ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი პარიზის სისხლსავსე ცხოვრებისათვის. პარიზში ჩასვლიდან რამდნიმე წლის შემდეგ Canard Enchaine-ის კრიტიკოსმა პარიზის „დამოუკიდებელთა სალონის“ გამოფენაზე სამი ათას ხუთას ნამუშევარს შორის გამოარჩია ქართველი მხატვრის ნამუშევრები და დამთვალიერებლებს პირდაპირ მოუწოდებდა, მისულიყვნენ მის სანახავად: „მაშ, მიდით, იხილეთ, ბატონ კაკაბაძის მხატვრობაო!“
მკვლევარი და გამომგონებელი
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დავით კაკაბაძის ამოუწურავი და მრავალმხრივი შემოქმედება ისევ გაკვირვებას იწვევს მნახველებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებში, სადაც მან წარმატებით მოსინჯა ძალები. მან გაუსწრო დროს არა მხოლოდ როგორც შემოქმედმა, არამედ როგორც გამომგონებელმა და მკვლევარმა.
ის მძაფრად გრძნობდა დროს, რომელსაც თავად „მაშინიზმის და კინემატოგრაფის“ ეპოქა უწოდა. შავ-თეთრი, მუნჯური კინემატოგრაფიის ეპოქაში იგი ოცნებობდა სამგანზომილებიანი კინოს შექმნაზე.
1922 წელს მან შექმნა უსათვალო სტერეო აპარატი, რისთვისაც პატენტები მიიღო ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მან მოსინჯა ძალები ტექნიკური აპარატისა და პირველი გამოსახულების შექმნაშიც, მაგრამ უსახსრობამ გზა მოუჭრა საბოლოო მიზნისკენ მიმავალს.
მუდმივ ძიებაში მყოფმა ახალი ვერსია მოუგონა თავის ამ აღმოჩენას, რის საფუძველზეც შექმნა კოლაჟი, რაც ითვლება სახვით ხელოვნებაში მის განსაკუთრებულ მიღწევად.
მის თავისუფლებამოყვარე ბუნებას კარგად უგებდა პარიზი, მისი ცნობადობა და აღიარებაც აძლევდა საშუალებას, მშვიდად განეგრძო ცხოვრება იქ. თუმცა, პირველ რიგში, ნოსტალგიამ და შემდეგ უკვე დაგროვლი ცოდნისა და გამოცდილების თავისი ხალხისთვის გაზიარების სურვილმა მაინც დააბრუნა სამშობლოში.
პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, 1926-1927 წლებში შექმნილ ფერწერული აბსტრაქციების სერიაში ნათლად ჩანს, რომ მხატვარი არის მეცნიერი-ბუნებისმეტყველი. შიდა და გარე ჩარჩოებში მოქცეული ნახატი, თითქოს, აქაც სცილდება ჩარჩოებს და ერწყმის კოსმიურ სამყაროს.
მაგრამ მალე ისევ შეახსენა თავი მხატვარს საბჭოთა სინამდვილემ. 1948 წელს გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან იმ მოტივით, რომ ვერ უზრუნველყოფდა სტუდენტთა აღზრდას კომუნისტური მეთოდით. უფრო ადრე კი ფორმალისტის იარლიყმიკერებული მხატვარი უამრავმა მეგობარმა და ნაცნობმა უარყო. როგორც უკომპრომისო და ჭეშარიტმა ხელოვანმა არც ამჯერად უღალატა თავის მრწამსს და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. 62 წლის ასაკში შეიწირა კიდეც ამ ჭიდილმა შემოქმედის სიცოცხლე.
ვინ იცის, რამდენი იდეა თუ სურვილი დარჩა განუხორციელებელი დიდ შემოქმედს. დავით კაკაბაძე წარსულსა და დღევანდელობას შორის ხიდიაო ამბობს მისი შვილიშვილი მარიამ კაკაბაძე, რომელიც ბაბუის საქმეების უკვდავსაყოფად და თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო წამოწყების ავტორი გახდა. მისი თაოსნობით 2012 წელს შეიქმნა “დავით კაკაბაძის ფონდი”. მარიამის თქმით, ფონდის პირველი გამოფენა ამავე წელს ქუთაისში გაიმართა. სიმბოლური იყო გამოფენის ქუთაისში მოწყობა, რადგან დავითმა სწორედ აქ დაამთავრა გიმნაზია, სანამ პეტერბურგში წავიდოდა სასწავლებლად.
სტატიის ავტორი:
წყარო: tormeti.com
2021-05-26
სრულად ნახვა
“ყველა მხატვარი მიყვარს, ვინც კი ხატავს” – ინტერვიუ ტიტე შეყილაძესთან
ტიტეს ყაყაჩოები და ტიტეს ზამთარი, ტიტეს გვირილები და ტიტეს ბროწეულები – ყველასთვის საყვარელი მხატვრის, ტიტე შეყილაძის ხელწერა სწორედ იმ უბრალოებაშია, რომელმაც ის ყველასთვის საყვარელ სახალხო არტისტად აქცია…
ასე “უბრალოდ” და ასე ყველასთვის მოსაწონად ხატვა მხოლოდ ტიტეს შეუძლია და ალბათ, სწორედ ამიტომაც გიჟდება ფიროსმანზე, რომლის “უბრალოება” დღეს უკვე მსოფლიო მხატვრობის მწვერვალებს იპყრობს…
მხატვრისგან ჩანაწერის გამოქვეყნების უფლება მივიღე და გადავწყვიტე ისევე ბუნებრივად და უბრალოდ დამეტოვებინა, როგორიც თავად ტიტე და მისი ნახატებია…ამიტომაც ეს ინტერვიუ, რომელსაც ვიდეოში მოისმენთ, დაუგეგმავი და დაუმონტაჟებელია…
“ყველა მხატვარი მიყვარს, ვინც კი ხატავს – ასე პასუხობს კითხვას – “ყველაზე მეტად რომელი მხატვარი გიყვართ?” გამორჩეული ქალი არ ჰყავს, ყველა ქალი უყვარს ვისაც ხატავს…
თავისი წილი ფიროსმანი ჰყავს, განსაკუთრებული სიტყვებით შეფასებული. პოეტებიდან ყველაზე მეტად პოეტების მეფე – გალაკტიონი უყვარს. და ესეც მისი შესრულებული ლექსის ვიდეოჩანაწერი გახლავთ…
– ახლა წაგვიკითხეთ ლექსად, “ადამიანი ყოფილა მხეციო…” და მართლა მხეცია ადამიანი?
– ხო, ადამიანი მხეცია, აბა რა არის? რამდენჯერ გაგიგიათ, მოხუცებს რომ დაიბრიყვებენ ხოლმე, შეუვარდებიან, დააყაჩაღებენ და კბილებსაც კი ამოაცლიან… ეს არ არის სიმხეცე? მხეცისგან განსხვავებით, ადამიანი აზროვნებს და სისასტიკეს აზროვნებას უმატებს კიდევ და საშინელება გამოდის…
– მგონი, დიდად ჟურნალისტები არ უნდა გხიბლავდეთ…
– ჟურნალისტებს გააჩნია… კაცი არ გაძლევს ინტერვიუს და დასდევ ძაღლივით უკან, ეგ რა წესია? გაანებე რა თავი! ასეთი დამწოლი ჟურნალისტები არ მიყვარს…
– ბატონო ტიტე, ყველაზე მეტად რომელი მხატვარი გიყვართ?
– ყველა მხატვარი მიყვარს, ვინც კი ხატავს…
– ყველაზე მეტად რის ხატვა გიყვართ?
– ყველაზე უფრო ქალების ხატვა მიყვარს, როგორც ყველა მხატვარს…
– ყველაზე ლამაზო ქალი ვინ იყო, ვინც დაგიხატავთ?
– ყველაზე ლამაზი ქალი არ არსებობს, გავიმეორებ მარჩელო მასტროიანის ნათქვამს, – ყველაზე ლამაზი ქალი ვინ იყო, ვისთანაც იყავითო როცა კითხეს, მან უპსუხა:ის ქალი, ვისთანაც იმ წუთში ვიყავიო.
– თქვენს გულთან ყველაზე ახლოს რომელი მხატვარია?
– ყველაზე ძალიან მიყვარს კაკაბაძე, მაგრამ ფიროსმანზე ვგიჟდები!
– რატომ გიჟდებით ფიროსმანზე? შეუძლებელია, ფიროსმანზე არ გაგიჟდე, მაგრამ თქვენეული ახსნა მაინტერესებს…
– იმიტომ, რომ ფიროსმანი რომ ხატავს… ავიღოთ ათასი პროფესიონალი მხატვარი, ვინც გინდათ ის ავიღოთ, თუ გინდა პიკო ავიღოთ, ვერცერთი ხელებს ვერ ხატავს…ფიროსმანი რომ ხატავს ტახს, იმას თავის ფრჩხილებიც აქვთ, თავისი ქუსლებიც აქვს, ე. ი ბოლომდე ხატვა იცის. ხატავს თავისებურად, მაგრამ ზუსტად ურტყამს. არ რცხევენია, როგორც შეუძლია ისე ხატავს… შიშვლდება და არ რცხვენია, იმიტომ რომ მისი სიშიშვლე არ არის აუტანელი…
სტატიის ავტორი:
თამარ ლეფსვერიძე
2021-05-26
სრულად ნახვა
უცნობი გიგო გაბაშვილი
გიგო გაბაშვილის უცნობი ფოტოხელოვნება
ცნობილი ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის შემოქმედებას საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ხელოვანი ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. მისი ფოტოხელოვნება ისეთივე მნიშვნელოვანი და გამორჩეულია, როგორც მხატვრობა.
გიგო გაბაშვილი 1862 წელს დაიბადა, იგი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებლად მიიჩნევა. 1886 წელს მხატვარი პეტერბურგის სკოლაში ჩაირიცხა და წარმატებით განაგრძო სწავლა. მან პეტერბურგშივე გაიცნო ილია ჭავჭავაძე, რომელიც მისი ჩანახატებით აღფრთოვანდა და გაზეთ „ივერიაში“ ახალგაზრდა მხატვრის წარმატების შესახებ სტატიები დაბეჭდა. სწორედ ილიას დახმარებით გიგომ პირველი ფოტოაპარატი შეიძინა. 1888 წელს მან პეტერბურგში სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა და სამშობლოში წარმატებული ხელოვანის სახელით დაბრუნდა. ხელოვანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ინფორმაციების მიღებასა და საკუთარი ნამუშევრების დახვეწას ცდილობდა. ის განათლებას უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მისი ნამუშევრები მე-19 საუკუნის რუსული და ევროპული რეალიზმის ფერწერის ძირითად პრინციპებს იზიარებს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
ფოტოების გადაღება, რომლებმაც ჩვენამდე შუშის ნეგატივების სახით მოაღწია, გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო, მან მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის სახეები გააცოცხლა, უმეტესად ნატურალისტური, შიშველი ქალები, სამარყანდის, ხევსურეთისა და ძველი თბილისის ელემენტებით გადაიღო. არაჩვეულებრივი შუქჩრდილები, ხასიათის საოცარი გამოხატულება, შიშველი სხეული და ძალიან თანამედროვე ნარატივი ხელოვანის ნიჭიერებასა და განსაკუთრებულ ხედვას უსვამს ხაზს.
გაბაშვილი ხშირად სტუდიურ, ხელოვნურად დადგმულ ფოტოებს იღებდა. შავ-თეთრ ფოტოებში მთავარ როლს შუქჩრდილები თამაშობს, განათებული სხეულები, რომლებსაც მზის სხივები ეცემა და ჩაბნელებული უკანა ფონი. ხელოვანი ხშირად ფონს ფირების ერთმანეთზე გადადებით აბნელებდა და მისტიკურ, თეატრალიზებულ განწყობას ქმნიდა. არაჩვეულებრივი გემოვნებით, სისადავითა და სწორად დასმული აქცენტებით გადაღებული ფოტოსურათები ნამდვილად წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველზე, რომელსაც დრამატული განწყობა ეუფლება.
გიგო გაბაშვილი თავისი ნამუშევრებით ფერწერასა და ფოტოგრაფიას შორის სიმბიოზურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ფრთებით წარმოდგენილი ქალები, შიშველი სხეულები, რომლებიც თითქოს ჰაერში ლივლივებენ მისი ფერწერის დამახასიათებელი ელემენტებია, რომელიც ავტორის ფოტოხელოვნებაშიც ვლინდება. გიგო გაბაშვილს არაჩვეულებრივ ფოტოგრაფად განათება აქცევს, რომელიც მის მიერ გადაღებულ ყოველ სურათში შესანიშნავად აისახება და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
გაბაშვილი, როგორც ფოტოგრაფი, საზოგადოებამ საკმაოდ გვიან გაიცნო, თუმცა მისი დამსახურება, როგორც მხატვრის, ყოველთვის ძალიან დიდი იყო. იგი არის შემოქმედი, რომელიც ხელოვნების ორივე მედიუმს არაჩვეულებრივად ფლობს და გამორჩეულ, ინდივიდუალურ სტილს წარმოგვიდგენს.
რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში
ქართული ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში გიგო გაბაშვილი (1862-1936) რეალისტური ფერწერის ფუძემდებლად არის აღიარებული. თუმცა მისი ფოტოარქივის გასაჯაროვების შემდეგ გაბაშვილმა განსაკუთრებული ადგილი ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაშიც დაიკავა.
იმ შემოქმედებით სივრცეში, სადაც საბჭოთა იდეოლოგიური დოგმები და მკაცრი პურიტანული განწყობები დომინირებდა მე-20 საუკუნის 20-იანი და 30-იან წლებში , გიგო გაბაშვილი - აღიარებული რეალისტი მხატვარი - თათამამი და დახვეწილი ეროტიზმით გაჯერებული არტისტული ექსპერიმენტების ავტორად გვევლინება. გაბაშვილის გარდა შიშველ სხეულებზე შესრულებული ამ მასშტაბისა და რაოდენობის ეტიუდები ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას, მითუმეტეს, საბჭოთა პერიოდში,უბრალოდ არ შემოუნახავს.
საბჭოთა რეალობამ პარტიული იდეოლოგის პროპაგანდის ზეწოლით,ფაქტიურად, ხელოვნების ყველა დარგის, მათ შორის ვიზუალური ხელოვნების “ასფიქსია“ მოახდინა. ამგვარ გარემოში პროგრესული, ეპოქის შესატყვისიდა გულრწფელი შემოქმედების ადგილი აღარ დარჩა.
© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი II. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
საბჭოთა კავშირის ყველაზე მძვინვარე პერიოდის - მისი პირველი ათწლეულების ნამდვილი ტერორის ფონზე, როდესაც განსხვავებულად ხედვა, აზროვნება, ცხოვრების წესი და მისწრაფები სასტიკად ისჯებოდა, გიგო გაბაშვილის “არაკანონიკური“ ფოტოგრაფიასაბჭოთადოგმების, „კანონიკურად" დაშვებული სიუჟეტების, ერთფეროვნებისა და ბანალურობის წინააღმდეგ ამბოხად შეიძლება განხილული იყოს.
გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მის სახელოსნოში შექმნილი ფოტოების დიდი სერიაა - ეტიუდიები - ექსპერიმენტები შიშველ სხეულზე.
© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი III. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
როგორც ნატურალისტი და კომპოზიციის ჭეშმარიტი ოსტატი, გიგო გაბაშვილი თავდაპირველად ფერწერული ტილოების შესაქმნელად იყენებს ფოტოგრაფიის შესაძლებლობებს. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ევროპელ მხატვრებში ფოტოგრაფიის გამოგონების პირველი წლებიდანვე. საქართველოში იმ მხატვრებს შორის, ვინც აქტიურად იყენებდა ფოტოებს მუშაობისას სხვებთან ერთად ნიკო ფიროსმანიც იყო. თუმცა სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ნამუშევრებს იყენებენ ხატვისას, გიგო გაბაშვილი თვითონ იღებს, თვითონ არის ფოტოგრაფი.
© გიგო გაბაშვილი. ეტიუდი IV და V. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფია, ისევე როგორც ფერწერა სავსეა რელიგიური და მითოლოგიური ქვეტექსტებით და სიმბოლიკით, ისევე როგორც ალეგორიებით და ფანტაზიებით. თუმცა გაბაშვილის ფერწერა “კანონიკურია“. მაშინ როდესაც ფოტოგრაფია, როგორც ვიზუალური პრაქტიკა, გიგო გაბაშვილს დოგმებისგან თავისუფალი ექსპერიმენტული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. აქ გაბაშვილი ცენზურისგან და, მეტიც, თვითცენზურისგან თავისუფლდება. მისი ფოტოები ეპოქისთვის და რეჟიმისთვის უჩვეულო ეროტიკული სიმძაფრით გამოირჩევა და დიდი ფერმწერის, სოც რეალიზმის ფუძემდებლის დაფარულ და უაღრესად მომხიბლავ მისწრაფებს ააშკარავებს.
შიშველი სხეულზე მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების გარდა, გაბაშვილის არქივი შუააზიაში - ბუხარასა და სამარყანდში, ისევე როგორც საქართველოში, ქართლის მთიანეთში და თუშ-ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის ამსახველ ფოტო მასალასაც აერთიანებს.
მხატვრის ფოტო არქივი, რომელიც 684 ნეგატივს აერთაინებს, 1936 წელს, მისივე ანდერძის თანახმად, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სადაც დღემდე ინახება. მხატვრის გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი მისი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ფართო პუბლიკისთვის უცნობი იყო. და მხოლოდ ფოტოების ნაწილის პირველი საჯარო გამოფენის და წიგნის პუბლიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი ქართულ ფერწერაში რეალიზმის ფუძემდებლის - გიგო გაბაშვილის - თამამი და პიკანტური ფოტოგრაფიული ექსპერიმენტები.
© გიგო გაბაშვილი. ნატურმორტი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.
სტატიის ავტორი:
წყარო: ირინე შავლაძე hammockmagazine.ge
2021-05-25
სრულად ნახვა
ლადო გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილი იშვიათად მრავალმხრივი ადამიანი იყო: ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, ერთხელ ფილმშიც კი ითამაშა.
დაიბადა 1896 წელს თბილისში. თავდაპირველად მშობლებმა ლადო მუსიკის მასწავლებელს მიაბარეს, თუმცა მალევე ექიმთან მიყვანა მოუხდათ - ვიოლინოზე დაკვრისას ემოციებისგან ბავშვს გულის ტკივილები ეწყებოდა. ექიმმა დაადასტურა, მუსიკა მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოაო, ამიტომ პატარა ლადომ ახლა ხატვაზე დაიწყო სიარული, მით უფრო, რომ ესეც მშვენივრად გამოსდიოდა.
მერანი
ლადო გუდიაშვილი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. სწორედ ამ დროს მიიქცია ექვთიმე თაყაიშვილის ყურადღება. აქედან მოყოლებული ლადო ექვთიმეს ექსპედიციებში დაჰყვებოდა და შუა საუკუნეების ქართულ ფრესკებს სწავლობდა. ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ მისი ხატვის სტილი სწორედ შუასაუკუნეების კედლის მხატვრობას უკავშირდება.
ლადო გუდიაშვილის მიერ გადახატული ხახულის ფრესკა.
„ილუზია, მითი, ფანტასტიკა, ქალი - ეს იყო მისი თემები. მას ინდივიდუალური ხედვა ჰქონდა.
როგორც პიკასო არ გამოსახავდა რეალურ ადამიანს და ხატავდა ისე, როგორც თავად აღიქვამდა,
ასევე ლადო გუდიაშვილიც“, - ამბობს ნინო ხუნდაძე.
ფრესკის ღიმილი
გუდიაშვილი მთელი ცხოვრება ზღაპარს ხატავდა. ამის ცხადი მაგალითი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტია, რომელიც რეალობისგან ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოღვაწეობდა, რაღაცნაირად მოახერხა, საბჭოთა თემები მის მიღმა დარჩენილიყო.
მოცეკვავე გუდიაშვილი
ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ლადო გუდიაშვილი შედის იმ დიდ ოთხეულში, რომლითაც მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობა იწყება. თავად გუდიაშვილის გარდა, ამ ოთხეულში შედიან დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი.
„თითოეულ მათგანს გამორჩეული ინდივიდუალობა ჰქონდა და მათ შორის ყველაზე მეტად ლადო გუდიაშვილს.
ძალიან ეროვნული იყო. აბსოლუტურად ჯდება ქართული მხატვრობის, ფრესკული მხატვრობის ნიშაში და, ამავე დროს, არის ძალიან ევროპულიც.
ამ დიდმა ოთხეულმა განათლება საფრანგეთში მიიღო. კავშირი ჰქონდათ ევროპის ყველაზე გამორჩეულ მხატვრებთან.
მიუხედავად ამისა, ლადო გუდიაშვილი მაინც იმდენად თვითმყოფადია, რომ შეუძლებელია მისი რომელიმე
ნამუშევარი ნახო და ვერ მიხვდე, ვინ დახატა“, - ამბობს ლელა ოჩიაური.
საფრანგეთში მხატვარი 6 წელი დარჩა, ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება იქ გაეტარებინა, მაგრამ 1926 წელს საქართველოში დაბრუნდა.
„გულისხმიერი და ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მშვიდი, წყნარი. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა... იყო ძალიან არტისტულიც“, - ამბობს ნინო ხუნდაძე.
ლადო გუდიაშვილი გადაღებულია ფილმში „მზე შემოდგომისა“. ის იქ ეპიზოდურ როლს თამაშობს - სკამიდან ადგება, წაუცეკვებს და ისევ დაჯდება, თუმცა ეს რამდენიმე კადრიც შთამბეჭდავი გამოვიდა.
როდესაც „ქეთო და კოტეს“ იღებდნენ, მსახიობმა გიორგი შავგულიძემ ლადო გუდიაშვილს სთხოვა, ყარაჩოღელების ცეკვა მასწავლეო. ლადომ ცეკვა არა, მაგრამ ასწავლა, როგორ უნდა დამდგარიყო და ტანი როგორ დაეჭირა, ანუ ის პლასტიკა დაანახვა, რომლითაც თავად ხატავდა ყარაჩოღელებს.
შტურმით აღებული გალერეა
1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, კალისტრატე ცინცაძემ, ლადო გუდიაშვილს ქაშუეთის ტაძრის მოხატვა დაავალა. გუდიაშვილმა საკურთხევლის კონქში გამოსახა ღვთისმშობელი ყრმით. ეს ფრესკა დანარჩენი კანონიკური ხატებისგან გამოირჩევა იმით, რომ მასზე გამოსახული ღვთისმშობელი ფერადი და სიცოცხლით სავსეა.
საბჭოთა მთავრობამ ლადო გუდიაშვილს ეკლესიის მოხატვა არ აპატია. პარტიიდან გარიცხეს, ლექციების ჩატარება აუკრძალეს, აღარც მისი გამოფენები იმართებოდა. ასე გაგრძელდა 1957 წლამდე.
„საბოლოოდ, ნება მისცეს გამოფენა მოეწყო, მაგრამ წინა საღამოს ცენზურამ დაათვალიერა ნახატები და ისევ აკრძალა. მაშინდელი აკადემიის სტუდენტები - ლევან ცუცქირიძე, დიმა ერისთავი, ზურაბ ნიჟარაძე... ეს თაობა - აქტიურად იყვნენ ჩართულები გამოფენის მოწყობაში. მთელი ღამე გალერეასთან გაათიეს, რომ ნახატები არავის ჩამოეხსნა, დილით კი ძალით შეიჭრნენ შენობაში და ხალხიც შეიყვანეს, რომ მათ გამოფენის გაცნობის საშუალება ჰქონოდათ“, - ამბობს ნინო ხუნდაძე და დასძენს, რომ უკვე მაშინ გამოფენაზე მხატვრის 800 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ლოჟაში
მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ მხატვარს ისევ წყალობის თვალით გადმოხედა. მას უამრავი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. გარდაიცვალა 1980 წლის ივლისში 84 წლის. ლადო გუდიაშვილი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
სტატიის ავტორი:
წყარო: თეა თოფურია radiotavisupleba.ge
2021-05-24
სრულად ნახვა
ფიროსმანი
,,მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა’’, ალბათ ყველამ იცანით ლადო ასათიანის ეს სიტყვები, რომელიც მან ნიკო ფიროსმანს მიუძღვნა. მართალია მან აუტანელ სიღარიბეში დალია სული, მაგრამ მის ნამუშევრებს დღეს ბევრი თაყვანისცემელი ყავს და დამსახურებულად იკავებს ადგილს მსოფლიოში აღიარებული მხატვრების გვერდით.
ბიოგრაფია
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
შემოქმედება
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს – მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან – გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის.
ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ – გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში – მირზაანში – გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდია დაუდგენელია.
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა – საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან „პანორამულ“ კომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.
ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ – ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ – ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ – ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ – ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც („რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე მეორე“, „გიორგი სააკაძე“ – არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; „შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“) არის შთაგონებული.
ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.
მემკვიდრეობა
როდესაც ფიროსმანს მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად, თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იან წლებში მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი პოვა ქართველ მხატვართა ახალ თაობის წარმომადგენლებში, რომელთაც სამართლიანად მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. დღეს ფიროსმანის შემოქმედება საყოველთაო სახალხო სიყვარულით სარგებლობს.
საინტერესო ამბები ფიროსმანზე
- ქიზიყში სოფ. მირზაანში ფიროსმანის მშობლიურ სახლში ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.
- მირზაანში ყოველწლიურად ოქტომბრის თვეს ტარდება ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ზეიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
- ნიკო ფიროსმანი გამოსახულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე – 1ლარიანზე.
- ქალაქ სტამბოლში, თურქეთი, პერიოდულად იბეჭდება ორენოვანი ჟურნალი, სახელწოდებით „ფიროსმანი“.
- საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
- 2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა
- 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.
- 2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო – „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“ საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.
სტატიის ავტორი:
წყარო: Public Domain
2021-05-22
სრულად ნახვა
გამორჩეული ქართველი მხატვრები
ბოლო ორი ათწლეულია საქართველო განსაკუთრებული საერთაშორისო დაინტერესების ეპიცენტრში მოექცა: ადგილობრივი ისტორიული ძეგლები, კულინარიული კერძები, მრავალფეროვანი ბუნება თუ კლუბური ცხოვრება გამორჩეულად მიმზიდველი აღმოჩნდა უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქვეყანაში აღმოცენებულ ყველა კულტურულ სფეროზე იქონია გავლენა: აზიისა და ევროპის გასაყარზე ამ ორი დიდი ცივილიზაციის ერთმანეთთან იდეალურად შერწყმული და თან ამავდროულად სრულიად ახალი კულტურული ფორმები განვითარდა.
ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული მხატვრობა ყოფილა, რომელმაც განსაკუთრებული აღმასვლა მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ახლა სწორედ იმ ათი ქართველი გამორჩეული მხატვრის შესახებ გიამბობთ, რომლთაც თავიანთი შემოქმედებით არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობაში სათანადო ადგილი დაიმკვიდრეს.
1. ნიკო ფიროსმანი (1862 – 1918)
1862 წელს დაბადებულმა ნიკო ფიროსმანმა, რომელსაც ხშირად ნიკალასაც უწოდებენ, მთელი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ის ძირითადად დუქნებსა და სამიკიტნოებს უხატავდა აბრებსა თუ სხვადასხვა ნახატებს და ასე ირჩენდა თავს.
ფოტო: WikiCommons
ფიროსმანის ნახატები, რომლებიც მხატვარმა თავის სიცოცხლეში ლუკმა-პურის საშოვნელად შექმნა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაფასდა სათანადოდ. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ის ერთ-ერთ გამორჩეულ პრიმიტივისტ მხატვრად აღიარეს თავისი ნაივური სტილის გამო. 1972 წელს კი დიდი პატივისცემის ნიშნად მისი პორტრეტი პაბლო პიკასომ დახატა.
პიკასოს მიერ დახატული ნიკო ფიროსმანი
ფოტო: Public Domain
2. ელენე ახვლედიანი (1898-1975)
ქართულ მხატვრობაში ელენე ახვლედიანს ყველასგან გამოარჩევს ფერები, რომლებიც მის ნახატებს განსაკუთრებულ ემოციას მატებს. მის შემოქმედებაში მოდერნისტული ფორმები და ადგილობრივი ქართული ტრადიციები თანაბრადაა შეზავებული, რაც მის ნახატებს უჩვეულო ხიბლს მატებს.
ფოტო: Public Domain
ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა პეიზაჟებსა და არქიტექტურულ ობიექტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თბილისის ხედები, სადაც ძველი თბილისური აივნები, კიბეები, მოჩუქურთმებული კარები თუ ხალიჩები ავთენტურადაა შემონახული.
ფოტო: Public Domain
3. პეტრე ოცხელი (1907-1937)
პეტრე ოცხელი ქართულ თეატრში კოსტიუმების დიზაინერად მუშაობდა, რამაც იქონია კიდეც მის შემოქმედებაზე გავლენა და საოცრად დახვეწილი ესკიზები თუ ნახატები შექმნა. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა, რომ კიდევ დიდხანს ემუშავა ამ სფეროში და 30 წლის ასაკში 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.
ფოტო: Public Domain
4. ლადო გუდიაშვილი (1896-1980)
მართალია, მომავალი მხატვარი რკინიგზის ღარიბი მუშის ოჯახში დაიბადა, მაგრამ შემდეგ მას მაინც მიეცა შესაძლებლობა, რომ პარიზში მიეღო განათლება. დასავლურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაზე, თუმცა მას სურდა ადგილობრივი, ქართული სტილი ეპოვა და თავისებურად დაეხვეწა. ამის გამო მისი ნახატები ერთგვარი მისტიკურობით გამოირჩევა, რომლებსაც ერთდროულად ატყვია დასავლური, აღმოსავლური, კავკასიური და ქართული კულტურის კვალი.
ფოტო: Public Domain
5. გიგო გაბაშვილი (1862-1936)
გამორჩეულმა ქართველმა მხატვარმა, გიგო გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შუა აზიაში იმოგზაურა და იქიდან დაბრუნებულმა აზიური არქიტექტურისა და ლანდშაფტის უნიკალური ჩანახატები ჩამოიტანა.
ფოტო: Public Domain
მან ასევე მისთვის დამახასიათებელი ხედვით აღბეჭდა ყოველდღიური ცხოვრების სცენები ქართულ კულტურაში, რის გამოც მას სრულიად დამსახურებულად ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევენ.
ფოტო: Public Domain
6. დავით კაკაბაძე (1889-1952)
დავით კაკაბაძეს შეეძლო თვალისმომჭრელი პორტრეტები და პეიზაჟები თავისი ფუნჯით ტილოზე ერთნაირი წარმატებით გადმოეტანა. მას ერთდროულად ხიბლავდა, როგორც საოცრად რეალისტური ნახატების შექმნა, ისე სრულიად უსაგნო და აბსტრაქტული ფორმების ხატვა.
ფოტო: Public Domain
მხატვრობასთან ერთად დავით კაკაბაძე მუშაობდა თეატრში და მისი დიზაინით გაფორმებულია ისეთი ცნობილი სპექტაკლები, როგორებიცაა ყვარყვარე თუთაბერი, სამანიშვილის დედინაცვალი და კოლმეურნის ქორწინება. ასევე მუშაობდა რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად ფილმის მარილი სვანეთს შექმნაზე.
ფოტო: Public Domain
7. ავთო ვარაზი (1926-1977)
ავთო ვარაზის ნახატები დღეს მსოფლიოს არაერთ დიდ მუზეუმშია გამოფენილი, თუმცა მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულად ითვლება. ის პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა, რის გამოც მეოცე საუკუნის ქართულ მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ავთო ვარაზმა მხატვრულად გააფორმა გიორგი შენგელაიას ფილმი ფიროსმანი და ამავდროულად მანვე შეასრულა მთავარი, ნიკო ფიროსმანის როლი.
ფოტო: Baia Gallery
8. მერაბ აბრამიშვილი (1957–2006)
ქართული საეკლესიო ფრესკებითა და აღმოსავლური მინიატურების შთაგონებით მერაბ აბრამიშვილმა მოახერხა და არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ფერწერული სტილი შეიმუშავა.
ფოტო: Public Domain
9. რუსუდან ფეტვიაშვილი (1968 – )
როგორც თავად იხსენებს, რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ორი წლისაც არ იყო. მას შემდეგ კი ხელიდან ფუნჯი არ გაუშვია, რაც მისი ხატვის სტილზეც ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ - ფეტვიაშვილის ტექნიკის უნიკალურობა ფუნჯის აუღებლად, ერთი ხელის მოსმით ხატვაა. მისი ნახატები ინახება ისეთი ცნობილი პიროვნებების პირად კოლექციებში, როგორებიც არიან მარგარეტ ტეტჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი და სხვა.
ფოტო: Rusudan Petviashvili
10. ეთერი ჭკადუა (1966 - )
თანამედროვე გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ეთერი ჭკადუამ მოახერხა, რომ თავისი ხმა მსოფლიოსთვის მიეწვდინა. მისი ავტობიოგრაფიული დეტალებით გამდიდრებული ნახატები, რომლებიც ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია, არაერთი კრიტიკოსის მიერაა აღიარებული შთამბეჭდავ ფერწერულ ნიმუშებად.
ფოტო: Eteri Chkadua
სტატიის ავტორი:
წყარო on.ge
2021-05-21
სრულად ნახვა
ხელოვნება ჩემთვის მარტივი სიხარულია – ვინმე უნდა გავახარო და მორჩა! – ინტერვიუ სიკეთის სახელოსნოში ზურა გომელაურთან (ვიდეო)
არის ზღაპრული ნახატები… არის ზღაპრები ნახატებში… არის სიხარულის მომტანი ნახატები… და არის სიკეთით სავსე ნახატები… ეს ყველაფერი, ძირითადად, არის ასე, გაბნეულად და ცალ-ცალკე…
მაგრამ, არის მხატვარი, რომელმაც ამ ყველაფერს: სიკეთეს, სიხარულს, მარადიულ ბავშვობას და ზღაპრებს ზღაპრულ ნახატებში ერთად მოუყარა თავი….
“ძირითადი ადამიანური საფუძვლები თუ არ იცი, აბდაუბდა გამოგივა ყველაფერი“ – ასე მარტივად და უბრალოდ ახსნა ადამიანთა ყოფის მთელი ფილოსოფია მხატვარმა ზურაბ გომელაურმა, რომელიც დღეს ჩემი რუბრიკის „ამბები ადამიანებზე „ სტუმარია…
ვუყურებ თქვენს ნახატებს და თითქოს ზღაპრებია გადმოტანილი თავისი პერსონაჟებით. როგორ ფიქრობთ, სჭირდება თანამედროვე ადამიანს ზღაპარი?
როგორ არ სჭირდება, მგონი ყველაზე დიდი აუცილებლობაა ჩვენთვის, იმიტომ რომ იმდენი აგრესიაა ჩვენს გარშემო და ისეთი რთული პერიოდია მსოფლიოშიც… ნებისმიერ ურთიერთობაში, თუნდაც მეგობრობაში ზღაპრული გარემო თუ არ შეიქმნა, მემგონი არ შედგება ის მეგობრობა. ჩემთვის მთავარია, რაღაც დღესასწაული შევქმნა. როდესაც ნახატს მიკვეთავენ და მეუბნებიან ჩქარა მინდაო, ვეუბნები არას… მე თუ არ ვისიამოვნე, ბოლომდე თუ არ დავიხარჯე, გამორიცხულია დავხატო. ნამუშევარზე უნდა იყოს ზღაპარიც, სეირნობაც, ბედნიერების რაღაც ნაპერწკალიც…ხელოვნება არ უნდა გსტრესავდეს, ხელოვნება უნდა გაბედნიერებდეს, ეს არის ჩემი ფილოსოფია.
საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ადამიანები და როდესაც ასეთი უძრაობის ხანა გვაქვს, ვფიქრობ ამას განსაკუთრებულად მძაფრად აღიქვამენ და განიცდიან ხელოვანი ადამიანები, რომლებიც თითქოს გამომწყვდეულები არიან გალიაში და გასაქანი არა აქვთ. თქვენ თუ მოახერხეთ ამის გადალახვა? შეეტყო ნახატებს ეს?
საერთოდ , გამიმართლა მეგობრებში. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეგობრები დავიმსახურე. ძალიან მიყვარს ისინი და როცა გიყვარს, ცუდ ხასიათზე ვერ იქნები. არ მქონია ჩაკეტილობის მომენტი, ვერც ჩავიკეტები. ეგ თემა ჩემთვის არ არსებობს, რომ დეპრესიაში ჩავვარდე. შეიძლება ვინერვიულო რაღაცაზე, ვთქვათ სამშობლოში რაღაც ხდება, ან მეგობარი ცუდად არის, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს შენს სურათებზე. ეს უნდა დატოვო გარეთ და თეთრ ტილოსთან სუფთა გულით უნდა მიხვიდე. ვიმხიარულებ ხოლმე თავს, ცოტა ღვინოს დავლევ, დავურეკავ მეგობრებს, კარგ თემებზე ვსაუბრობთ და ცუდზე ფიქრი არ მინდა. ნამუშევარზე სევდა საერთოდ გამორიცხულია.
ინტერვიუს დაწყებამდე. თქვენ თქვით ძალიან საინტერესო ფრაზა: ვერ ვიქნები ცუდ ხასიათზე, როდესაც ვხატავ,
რადგან ვერ გავატან ადამიანს ცუდი ემოციებით დატვირთულ ნახატსო...
დიახ ასეა, იმიტომ რომ დადებით თემებს ვატან. მიყვარს ბავშვები, ბიჭები, გოგოები, ნაძვის ხე… მარტივია ეს ჩემთვის. ხანდახან ხელოვნებათმცოდნეები და თვითონ მხატვრები სიმბოლიკებზე აკეთებენ აქცენტს, ჩემთვის კი არის მარტივი სიხარული – რომ ვინმე უნდა გავახარო და მორჩა. შეიძლება ძალიან პრიმიტიული აზროვნება მაქვს, მაგრამ ასეთი ვარ. ჯერ მე თვითონ უნდა ვისიამოვნო ნამუშევრით. შენ თუ არ ხარ ბედნიერი, სხვა ვერ იქნება. სულ ვამბობ, შენი სურვილებივითაა შენი ნამუშევრები. ვიღაცა შეიძლება ჩაუჯდეს და მისი ცხოვრების ტრაგედია ან მძიმე სიტუაცია ან ფილოსოფია ჩადოს მის ნამუშევარში. მე ბედნიერება მიყვარს და სულ ქორწილებს ვხატავ.
ამბობენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართო, თქვენი ბავშვობა ისეთივე ფერადი, ლამაზი დღესასწაულებით სავსე იყო, როგორიც თქვენი ნახატებია?
არა, ასე არ არის… შენში უნდა იყოს დღესასწაული. შეიძლება ვიღაც გაიზარდოს ბედნიერ ოჯახში, მაგრამ არ გამოვიდეს ისეთი, როგორიც მშობლები არიან, ან პირიქით. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, პიონერთა სასახლეში დავდიოდი და ჩემს სახლში სულ ამხანაგები იყვნენ, 200 ჭიქა ყავა იყო სულ მზად. ასეთი ვარ, მარტო არ შემიძლია, სახლში როც არავინაა, მეგობრებს ვურეკავ, რომ იქნებ ვინმე მოვიდეს. პირველ სკოლაში ვსწავლობდი ლევან აბაშიძე იყო ჩემი მეგობარი, მეზობელი და სულ რაღაცეებს ვიგონებდით და კარგად ვერთობოდით.
ლევან აბაშიძე ახსენეთ და ყოველთვის მგონია, რომ ყველა შემოქმედის ცხოვრებაში არის ისეთი ადამიანი, რომელმაც
მასზე გავლენა მოახდინა. იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრ რამეს უმადლით დღეს?
ერთი კარგი თვისება მაქვს,-არ ვარ რაღაცაზე ჩამოკიდებული. დღეს ვინც არიან ჩემი მეგობრები, სულ ვაკვირდები როგორ იქცევიან, მომწონს მათი ქცევა და მეც ვცდილობ ასე მოვიქცე. ჩემთვის დიდი ადამიანები არიან ჩემი მეგობრები. ჩვენი ოჯახის მეგობრები იყვნენ რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე… ერთხელ რეზომ მითხრა დახატეო მედეაო და ვერ გავბედე… ისეთი ლამაზი იყო, თან პატარა ვიყავი, ამათ რომ ვუყურებდი ბევრ რამეს ვსწავლობდი მათგან, მაგრამ არ გავჩერებულვარ. დღეს ვისთანაც ვმეგობრობ, მათაც ზუსტად ისე ვუყურებ როგორც რეზო თაბუკაშვილს. ჩვენ საერთოდ გვახასიათებს, არ ვაფასებთ ჩვენს გვერდში მყოფ ადამიანებს, ეს პრობლემა გვაქვს. არ უნდა ჩაიკეტო სადღაც და უნდა დაინახო აი ეს შენი მეგობრები როგორი ბრძენები, როგორი საინტერესოები, როგორი ტკბილები არიან.
სულ არის საუბარი იმაზე, რომ გაუფერულდა და დაიკარგა ფასეულობები და ღირებულებები. თქვენც ასე ფიქრობთ? ადრე უფრო მეტად შეგვეძლო ეს ყველაფერი?
იცით, სიმართლეა… ამიტომ რეკლამირება უნდა მოხდეს ისეთი ადამიანების, რომლებიც მორალს უფრო პატივს სცემენ. თავისუფლება ის ხომ არა არის, რაც გინდა ის გააკეთო. თავისუფლება ჩემთვის ის არის, რომ თქვენი აზრი გავითვალისწინო, თქვენ მოგისმინოთ და აი ეს ცოტა აირია.
საოცარი, უკეთილშობილესი ადამიანები გვყავს და ისინი უნდა წამოვწიოთ წინ, რათა ახალგაზრდებმა ნახონ, გაიცნონ ისინი. ისტორია არ უნდა წაშალო. ძირითადი ადამიანური საფუძვლები თუ არ იცი, აბდაუბდა გამოგივა ყველაფერი.
თქვენ რომ გკითხოთ დამწყებმა მხატვარმა, ან უბრალოდ ახალგაზრდამ, რა მაგალითს მოუყვანდით მას ძირითადი ადამიანური საფუძვლებიდან?
ვეტყოდი, უყვარდეს თავისი საქმე და ადამიანები. მოსმენის, დანახვის კულტურა ჰქონდეს და სხვისი სიკეთე უხაროდეს, არ შეშურდეს. ადრე ბევრი გამოფენა იყო და მაგარი ნამუშევრების ნახვა ძალიან მიხაროდა. მერე ვურეკავდი ავტორებს და ვუზიარებდი ჩემს ემოციებს. თუ სხვისი წარმატება გაგიხარდება, ესე იგი მაგარი ხარ. ყველაფერი ხომ სიყვარულია მაინც და ეს სიყვარული რომ აღარ არის, ესაა პრობლემა.
სულ მგონია, ხელოვანი ხალხისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სიტყვა _ სიყვარულს. თქვენთვის რა არის
სიყვარული, რა ემოციები გაქვთ, როდესაც ამ სიტყვას ახსენებთ?
სიხარული არის ჩემთვის სიყვარული. სიხარული საერთოდ უნდა იყოს ბევრი და ადამიანებმა უნდა გაახარონ ერთმანეთი, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. აი როდესაც ვფიქრობ, როგორ გავახარო ჩემი მეგობარი, ამაზე კარგი საფიქრალი რა უნდა ჰქონდეს ადამიანს? აი, ეს არის სიყვარული. თუ სხვა არ გიყვარს, არც შენი თავი გიყვარს, მერე სულ ცუდ ხასიათზე ხარ, არეული ხარ. სხვისი რომ გიხარია, შენც ბედნიერი ხარ, გახსნილი ხარ.
როდესმე თუ გქონიათ ისეთი პერიოდი, როდესაც საკუთარი თავი ვერ გიპოვიათ, გაჩერებულხართ?
არა, გაჩერებით არასდროს გავჩერებულვარ, მაგრამ სულ ძიებაში ვარ. მეგობრები მეუბნებიან, ბევრი თემა გაქვსო. ახალ გამოსახვით საშუალებებს ვეძებ ხოლმე, ჯერ მე უნდა მომეწონოს. რასაც აკეთებ უნდა გიყვარდეს, ეგოიზმი არ უნდა იყოს, თორემ ეს სიყვარული წავა სხვასთან.
ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ. გარდა იმისა, რომ ტილოზე, მუყაოზე გადმოსული ზღაპრები არის ძალიან
მნიშვნელოვანი, ქართული ორნამენტებისგან გაქვთ შექმნილი ულამაზესი ტილოები.
ჩვენი ორნამენტიკა დატვირთულია სიმბოლიკებით, მათ ვიღებ და რაღაცნაირად ჩემებურად გადმომაქვს ტილოზე ჩემი ინტერპრეტაციით .მიყვარს ეს თემა.
ერთმა ცნობილმა მხატვარმა მითხრა, რომ ზურაბ გომელაურის ერთი ნახატი აუცილებლად უნდა გეკიდოს სახლში, მას მოაქვს ბევრი სიკეთე ადამიანებისთვისო...
თუ მოდის ვიღაც და ყიდულობს ჩემს ნახატს, მიხარია… მადლობელი ვარ თითოეული გულთბილი სიტყვის…
ეს საოცარი ფერები გონებიდან მოდის თუ გულიდან?
მე მგონი, ორივე ერთად უნდა იყოს, თუმცა უფრო გულით. საერთოდ, სიკეთეს რომ აკეთებ, გულით უნდა გააკეთო, ან შეიძლება სიკეთე სულ არ გაუკეთო ვიღაცას, მაგრამ გულით თუ დალოცავ, ამას აქვს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა. მხატვრობა მხატვრობისთვის არ არის ჩემთვის, ჩემთვის მხატვრობა არის ადამიანებისთვის. ნახატთან ტყუილი არ შეიძლება. პანდემიის დროს კოცნა რომ არ შეიძლებოდა დავიტანჯე, უნდა შევეხო, ჩავეხუტო. შეიძლება ძალიან მარტივი ადამიანი ვარ.
ძალიან საინტერესო ტერმინი გამოიყენეთ, “ნახატთან ტყუილი” არ შეიძლებაო და რას ნიშნავს “ტყუილი ნახატთან”?
აი მაგალითად, მე რომ ჩემი მეგობარი მოვატყუო ან გავუცინო და მერე რაღაც ცუდი ვთქვა მასზე, ეს ხომ გამორიცხულია! უბრალოდ, ვერ ჩავხედავ თვალებში. ასეა მხატვრობაც ჩემთვის. გულწრფელი უნდა იყო ყველგან. ხშირად უთქვამთ დიპლომატია არ გაქვსო. უბრალოდ არ მიყვარს ტყუილის თქმა, იმიტომ რომ მერე დისკომფორტი მაქვს.
სხვების არაგულწრფელი ქმედებების გამო ხშირად გტკენიათ გული?
არ ვაქცევ ყურადღებას. ერთმა მკითხა, არ ბრაზდებიო? როგორ არ ვბრაზდები. მაგალითად, მე იმ მაღაზიაში არ შევალ, სადაც ცუდად მომექცევიან, იქ შევალ სადაც კარგად მომექცევიან. უბრალოდ, თუ ვინმემ რამე მაწყენინა, მე რომ გულში ჩავიდო, გავბრაზდე და ამაზე ვიფიქრო, ვერ ვიმუშავებ, გამორიცხულია. ამიტომ ის წყენა 5 წუთში მავიწყდება.
ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ საკუთარი მიკროსამყარო გაქვთ – სიკეთის, სადაც ცხოვრობთ და გარდა იმისა რომ თქვენ თვითონ გრძნობთ თავს ბედნიერად, სხვებსაც ანიჭებთ ბედნიერებას. მაგრამ, როდესაც აქედან გადიხართ და რეალობას ეჯახებით, არ ფიქრობთ, რომ ძალიან სასტიკი და რთულია ეს ცხოვრება?
როგორც გითხარით, ყოფილა რომ ცუდად მოგექცევიან, მაგრამ ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობ. მერე შეიძლება დამიძახოს ახლა უნდა მოგეფეროო, ისევ მივალ და გადასარევია ასე… არ მაქვს რეაქცია ასეთ რაღაცებზე, არ შემიძლია გავბოროტდე და ვაკეთო ცუდი. მე რომ ცუდი გავუკეთო ვიღაცას, მერე თვითონაც ცუდად ვიქნები.
ამბობენ რომ მხატვრობა ნიჭია და „ზემოდან“ მოდის… თქვენი ურთიერთობა ღმრთთან როგორია?
ალბათ, ცუდი მორწმუნე ვარ. არადა, ეს ხომ უფლის მადლი და წყალობაა, რომ რაღაც შემიძლია. არ ვთვლი, რომ მიღწეული წარმატება ჩემი დამსახურებაა, ეს ღმერთის წყალობა და ჩემი მეგობრების დამსახურებაა. მუზები უნდა გყავდეს შენს წრეში. მაგალითად, როდესაც გინდა რომ მეგობარი გყავდეს, ამისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ასევეა ნახატებიც, უნდა იშრომო შედეგი რომ მიიღო.
ძალიან კარგი ისტორია მოყევით სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ მოყვეთ როგორ შეიძინა ერთმა პატარა გოგონამ თქვენი ნახატი
სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ამბავი. 7-8 წლის გოგონა მოიყვანეს მშობლებმა, შენი ნახატის ყიდვა უნდაო. მოვიდა ეს ბავშვი, დაათვალიერა ყველა ნამუშევარი, დაფიქრდა, თუ რომელი მოუხდებოდა მის ოთახს, დიდი ხნის შემდეგ აარჩია, მშობლებმა უყიდეს ეს ნახატი და ბედნიერი წავიდა. იმდენად საქმიანად აკეთებდა ამ ყველაფერს, გეგონებოდა ზრდასრული ადამიანი იყო უკვე.
იმდენი ისაუბრეთ სიკეთეზე, ხშირად გქონიათ იმისი განცდა, რომ გაკეთებული სიკეთე თქვენი მხრიდან უკან
დაგბრუნებიათ სხვადასხვა სახით?
ყველაფერი, რაც გამაჩნია უფლის წყალობაა. ვერასდროს ვიტყვი, რომ რაღაც სიკეთე გავაკეთე. გული უნდა გქონდეს სუფთა. ადამიანს ცუდი არ უნდა უსურვო და ეს არის მთავარი.
სტატიის ავტორი:
თამარ ლეფსვერიძე
2021-05-16
სრულად ნახვა
თემო გოცაძე 80 წლისაა! – ისტორიები, მხატვრის აქამდე გაუხსნელი არქივიდან (ნაწილი პირველი)
საოცარ ხელოვანთა პლეადა, დიდი ქარტეხილები, ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, პროტესტი, ბოჰემური ცხოვრება, სამხატვრო აკადემია, ქუჩის აკადემია, ნამდვილი რუსთაველის გამზირი და „ლურჯა ცხენები“…
ამ ყველაფერს, პირობითად დავარქვით თემო გოცაძის ანუ „ლურჯა ცხენების“ პერიოდი და გადავწყვიტეთ მოგიყვეთ თქვენ შეულამაზებლად და „დაუვარცხნელად“… ზუსტად ისე, როგორც იყო…
ჩვენი მემატიანე ცნობილი ქართველი ფერმწერი, თემო გოცაძეა. ინტერვიუ მომზადდა მხატვრის 80 წლის იუბილისთვის…
სტატიის ავტორი: თამარ ლეფსვერიძე; ფოტოები: სულხან ნამიჭეიშვილი
თავი პირველი: ომი და ბავშვობა, სადაც თამაშის საშუალებაც არ იყო
როგორც მხატვარი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, მისი ბავშვობა, ომის პერიოდს დაემთხვა.
თემო გოცაძე: სამი თვის ვიყავი, როდესაც მამა ჯარში წაიყვანეს. დავრჩით ორი ძმა და დედა. ამ დროს დედა მუშაობდა. ძმა ჩემზე 8 წლით უფროსი იყო. რეალურად გავიზარდე ბებიასთან და ბაბუასთან. დედა ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი იყო. ბაბუამ და ბებიამ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე სახლის მშენებლობა დაიწყეს. ამ დროს,უკვე 2-3 წლის ვარ.
გახსოვთ ის გარემო, რომელიც იმ პერიოდში თქვენს გარშემო იყო? ამბობენ, ომის პერიოდში სულ სხვანაირად იზრდებიან ბავშვებიო…
გარემო იყო აბსოლუტურად ცარიელი. წარმოიდგინეთ, არაფერი არ არის, არავინ არ არის, თამაშის საშუალებაც არ იყო. მახსოვს, რომ ამან განაპირობა ჩემი დაკავება ხატვით. ჩემთვის რაღაცეებს ვხატავდი. ასე გაგრძელდა სადღაც 1949 წლამდე. მამა 1947-ში დაბრუნდა, მაგრამ 1949-მდე ფოთში იყო, გამწესებული. ფოთიც მახსოვს ცოტათი.. ცურვა იქ ვისწავლე. მამაჩემმა პირდაპირ ჩამაგდო წყალში, გაანძრიე ხელები, თუ არადა დაიხრჩობიო.
მამის ჩამოსვლის შემდეგ იწყება ჩემი სერიოზული დაინტერესება ხატვით. მამა ექიმი გახლდათ. ომში წასვლამდე პათ-ანატომიის კათედრაზე მუშაობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვამებზე, კუნთოვან, ნერვულ სისტემებზე უწევდა მუშაობა. მაშინ ნათიშვილი იყო კათედრის გამგე, ხოლო მალაევი გახლდათ პროფესორი, მამაჩემი კი მალაევის ასისტენტი იყო. ითვლებოდა ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა კაცად. თავის სადისერტაციო ნაშრომებში ჩართული ჰქონდა პათოლოგიური კუნთოვანი სისტემების ნახატები, რომლებსაც თავად ხატავდა. ფერად ფანქარში იყო სულ შესრულებული. მახსოვს ამ მასალებიდან ფრაგმენტებს ვხატავდი. მაშინ 4-5 წლის ვიყავი. 1449-ში მესამე ძმაც დაიბადა და უკვე სამი კაცის მოვლა იყო საჭირი. ამიტომ ორივე მშობელი მუშაობდა. იმ პერიოდში დედა უკვე იმდენად წარმატებული იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, 50-იან წლებში სამმართველოს უფროსად მუშაობდა….
როგორც ვხვდები, მამა კარგად ხატავდა, ის ხომ არ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი?
მამაჩემი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ურთულესი სკოლა გაიარა ლენინგრადის ბლოკადაში, სადაც სამხედრო ქირურგი იყო ფაქტიურად. თვითონ არ უყვარდა მოყოლა არაფრის. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, რუსეთმა გამოაქვეყნა წითელი ვარსკვალის ორდენის კავალერი ექიმების ვინაობა და მათი ბიოგრაფია. ჩემმა ძმისშვილმა მოძებნა მამაჩემის ბიოგრაფია. ორი ათასზე მეტი ურთულესი ოპერაცია ჰქონია ჩატარებული და რომ დაბრუნებული, უკვე ჩამოყალიბებული ზოგადი ქირურგი იყო.
სანამ ძმა სკოლიდან დაბრუნდებოდა სახლში მარტო მიწევდა დარჩენა, ამიტომ მამა მიტოვებდა დავალებებს. რვეულში დახატავდა მაგალითად ქათამს, ურემს, ხარს. ჩანახატები ცალ-ცალკე უნდა გამეკეთებინა და მერე ერთიან კომპოზიციაში შემეკრა, ანუ დეტალებიდან უნდა ამეგო სიუჟეტი, ან სურათი. სკოლაში ჯერ არ დავდიოდი, რადგან ტიფი გადავიტანე. ეს ხდებოდა კალინინზე, სამსართულიან დიდ სახლში, ძველ თბილისურ ეზოში.
ხატვის მეტი არაფერი მაინტერესებდა. გავიდა წლები. მამას დამსახურებულ პენსიაზე უნდოდა გასვლა და გადაწყვიტა უფროსი ვაჟი მეტალურგი გამოსულიყო, მისი აზრით მე აგრონომი უნდა გამოვსულიყავი, უმცროსის კი ქირურგობისთვის ამზადებდა. პატარა თავად გაზარდა. როცა დაიბადა, მიიკრა გულში და მის მეტი მამისთვის არავინ არსებობდა. ომის შემდგომი მდგომარეობიდან სწორედ ჩემმა უმცროსმა ძმამ გამოიყვანა. დედა კი დილიდან გვიან საღამომდე სამსახურში იყო..
გამოდის, რომ საკუთარი თავი თავად გამოზარდეთ?
რეალურად ასეა ალბათ, მაგრამ არა მარტო ჩვენ, რადგან ჩვენს დროს ქუჩა ქუჩა იყო, უბანი უბანი. ეს არის პერიოდი, როდესაც ვაკის პარკი შენდებოდა. იყო დიდი, მოშიშვლებული ადგილი, სადაც დოღები ტარდებოდა ხოლმე.
თავი მეორე: დოღი ვაკის პარკში, ქუჩა, უბანი და ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის…
როგორც თემო გოცაძე გვიყვება, ვაკის პარკში გამართულ დოღზე მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ მონაწილეები. კუს ტბიდან ცხენებით ეშვებოდნენ და ძალიან კარგი სანახაობა იყო. იყო სხვა თბილისი, სხვა ქუჩა და სხვა ეპოქა…
თემო გოცაძე: მეგრელები ცხენებზე სასწაულებს ახდენდნენ. მთელი ქალაქი აქ იყრიდა თავს. მერე დაიწყო პარკის მშენებლობა, სადაც ბიძაჩემი შალვა დიასამიძე აღმოჩნდა აგრონომი. ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. უკვე ბარნოვზე ვიყავით გადასული და მე-6 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ ამ სკოლას იპოლიტეს გიმნაზია ერქვა. ძალიან კარგი, უგანათლებულესი, ბრწყინვალე ოჯახისშვილები იყვნენ ჩემი კლასელები. ძალიან საინტერესო კლასი იყო. სახლიდან სკოლამდე საკმაოდ დიდი გზა იყო, ქუჩები უნდა გამევლო, სადაც ბაღნები არიან, უნდა მეჩხუბა, ისე ვინ გაგატარებდა, ან შენ გცემენ ან შენ ცემ. თუ არ შეგეშინდება ხმას არ გცემენ, თუ შეგეშინდა ჩემს მტერს. ასე გაჩნდა უბანი, ქუჩა ცხოვრებაში, სადაც ფეხბურთის თამაში იყო.დავდიოდით კუს ტბაზე, სულ ბუჩქებით და გველებით იყო სავსე იქაურობა, მაგრამ დღეში ორ- სამჯერ მაინც დავდიოდით.
მართლა სულ სხვანაირი ურთიერთობები იყო თბილისში მაშინ? ამბობენ, ჩხუბითაც კი სხვანაირად ჩხუბობდნენო. აბუქებენ თუ მართლა ასე იყო?
ოოო, ჩხუბი ბევრი მქონდა, სკოლაშიც და ქუჩაშიც, მაგრამ ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი ხდებოდა. აი, მაგალითად სკოლის გვერდით მრავალბინიანი სახლი იდგა და იმ სახლის იქით არაფერი აღარ იყო. კუთხეებში ჩამჯდარი იყვნენ ბიჭები, ზარს აგორებდნენ. ერთხელაც მოვდივართ ბიჭები სკოლიდან, დავადექით ვიღაცეებს თავზე, ზიან აგორებენ ზარს. ერთ-ერთმა ამოიხედა, ადგა, – თქვენ აქ რა გინდათო, ჩაგვავლო ქეჩოში ხელი და ერთმანეთზე თავები გვატყმევინა. აქ არ დაგინახოთო, თქვენი საქმეა სკოლა და სახლი, სახლი და სკოლაოო. წავედით რა უნდა გვექნა….
ეს იყო ციხიდან ახალი ძალიან საინტერესო პიროვნება, თავის დროზე კარგი კალათბურთელი, მაგრამ წაუვიდა თუმცა ის შერჩა, რომ ახალგაზრდა თაობა არ უნდა გაფუჭდეს. ყველაფერი უნდა გაააკეთო რომ ააცილო ცუდ სიტუაციას, და მისმა საქციელმა აგვაცილა მართლაც ცუდს. შიშით მე აღარ გავკარებივარ იმ ადგილს.
ანუ, თბილისი იყო ურთიერთობა…
იყო, აბა არ იყო?! ეს ისეთი ამბავია, რომ სულში ჩამრჩა ბოლომდე. ახლა უბანი რა არის _ უბანში უბატრონოდ კაციშვილი ხმას არ გაგცემდა. თან მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი. წარმოიდგინეთ, ბარნოვის ქუჩიდან პირველ მუსიკალურ სკოლამდე 7 წელიწადი დავდიოდი. ჩხუბები მანდ იყო, თუ იყო! ხელში გიჭირავს ნოტები და მათ თვალში ხარ სირისტიანი. მე და ვახტანგ ჭავჭანიძე ნოტების რვეულით ვართ მაგრამ, მიშიკო შენგელია „სკრიპკით“ ხელშია. სკრიპკას რომ დაინახავდნენ, ატყდებოდა წიოკი. მიშა დადებდა სკრიპკას და იწყებოდა ჩხუბი. სასწაულად ჩხუბობდა. თავი ჰქონდა უძლიერესი. თბილისის ჟოლოპები სულ მისი ტავით იყო შეჭყლეტილი. ერთხელაც თუჯის მილი შეხვდა…
20 კაცი გვერტყა გარშემო, არავინ არ ერეოდა, ვიღაცას უნდა მოეგო, ვიღაცას უნდა წაეგო, ასე იყო წესი. გაულახულვარ კიდეც და გამილახია კიდეც. გავაგრძელებდით გზას, ჩავიდოდით მუსიკალურში, ამოვიდოდით მუსიკალურიდან, ისევ დაგვხვდებოდნენ, ისევ იგივე ვარიანტი უნდ გაგვეკეთებინა, მერე მოვდიოდით სახლში. მაგრამ ამასობაში იყო ნაცნობობა ამ ბიჭებთან, სადღაც 1-2-3 თვის შემდეგ, ჩხუბიც აღარ იყო უკვე, გამარჯობა გაგიმარჯოთი ვხვდებოდით ერთმანეთს, რაღაცეებს ვეკითხებოდით ერთმანეთს და ნორმალური ურთიერთობა განვითარდა. მერე, რომ გავიზარდეთ, ასე თუ ისე ყველა საქმის კაცი იყო და ნიჭიერი გამოდგა.
თავი მესამე: ვალენტინა მასწავლებელი… „ვონ იზ კლასა“ ყველაზე ნიჭიერებისთვის…
ყველა მოსწავლის ცხოვრებაშია მასწავლებელი, რომელთან ურთიერთობაც ზეიმივითაა, მთელი ცხოვრება გაგყვება და არასდროს გავიწყდება. ასეთი მასწავლებელი თემო გოცაძისთვის ვალენტინა ჩხენკელი იყო.
თემო გოცაძე: მაშინ, სკოლაში ან უნდა მიგეღო ელემენტარულად განათლება, ან უნდა ჩაწერილიყავი გარკვეულ წესრიგში. იმ წესრიგში მეც მომიწია ყოფნა და საინტერესო მასწავლებლებთან ურთიერთობა. მგალითად, ქართულში მყავდა საოცარი მასწავლებელი, თინათინ დოჭვირი. თუ რამე ლექსი ვიცი, ან დაინტერესებული ვარ ქართული პოეზიით, ან პროზით, მისი დამსახურებაც არის. ეს ყველაფერი ხდება მე-6 საშუალო სკოლაში. იქვე ხდება ერთი ძალიან დიდი ინციდენტი ფიზიკის მასწავლებელთან. გამომიძახა დაფასთან, ენა მებმებოდა და დამება მაშინაც, ვერაფრით ვერ გადავაბიჯე „დ“-ს. ამან მიყურა, მიყურა და რა დდდ აგიტყდაო, დამცინა.
გამიერთიანდა თვალები ერთ წერტილში. გავფრენილვარ და პირდაპირ თავი მიგლეჯია, გავატანიე კარები. ამ დროს კარების უკან მდგარა სკოლის დირექტორი იპოლიტე სურგულაძე. მოხდა ისე, რომ სკოლიდან უნდა წავსულიყავი. მომკიდეს ხელი და გადამიყვანეს პირველ საშუალო სკოლაში. აქ იწყება ფაქტობრივად ძალიან საინტერესო რამ ჩემს ცხოვრებაში. ჯერერთი, იყო საოცარი კლასი, რომელშიც ძალიან საინტერესო ადამიანები სწავლობდნენ.
რუსულს მიკითხავდა ჩემი მუსისკის მასწავლებლის დედა, ვალენტინა ჩხენკელი. ამ ქალს კვირაში სამჯერ სახლში ვხედავდი, რადგან კარს ის მიღებდა და ასე თუ ისე მიცნობდა. ორი-სამი გაკვეთილი მაცალა და მერე უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდა კლასში და თქვა: გოცაძე, მრევლიშვილი (სანდრო მრევლიშვილზეა საუბარი. ავტ) „ვონ იზ კლასა“. ავდექით ავიწურეთ, არ ვიცით მიზეზი, ვერ გაუბედავდი ვერაფერს, ისეთი ქალი იყო. მერე უცებ გაგვაჩერა, – „ვერნიტეს აბრატნა, ზაბერიტე ტო, ჩემ ვი ბილი ზანეტი, ი ვონ იზ კლასაო“.
ესეიგი, წაიღეთო ის რითაც იყავითო დაკავებული გაკვეთილზე და გადითო გარეთ.
ასეთს რას აკეთებდით? რით იყავით დაკავებულები?
მაგაშია საქმე, რითი ვიყავით დაკავებულები: ან აკრძალულ წიგნებს ვკითხულობდით, ან ვხატავდი ჩემს რვეულში, ჩანახატებს ვაკეთებდი სულ. მოკლედ, დღეში ორი საათი ვიყავით ჩვენს თავთან და იმას ვაკეთებდით, რაც გვინდოდა. ვალენტინამ მოგვცა საშუალება, ყოველდღე 2 საათი საკუთარი თავით ვყოფილიყავით დაკავებულები, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ მოქმედებდა სწავლაზე.
რომ გამოგვიძახებდა, არავისზე ნაკლები რუსული არ ვიცოდით და არავისზე ნაკლებად არ ვმეცადინეობდით. რადგან ის მაძლევდა საშუალებას ჩემი საქმე მეკეთებინა, მე არ ვაძლებდი თავს იმის უფლებას, რომ მის წინაშე ვყოფილიყავი უპასუხისმგებლო.
დავამთავრეთ სკოლა, ვიცეკვეთ ვალენტინასთან ვალსი და დავიშალეთ. მე აკადემიაში ვსწავლობდი 6 წელი, სანდრომ თბილისში ჩააბარა მაგრამ, მერე გადავიდა ლენინგრადში, 5 წელი იქ იყო. მოკლედ, დაბრუნდა სანდრო და ერთ მშვენიერ დღეს რუსთაველის პროსპექტზე შევიკრიბეთ. იქ ვიკრიბებოდით ხოლმე ყველა. უცებ გაჩნდა იდეა, ვალენტინა მასწავლებელი ხომ არ გვენახაო. თქმა და შესრულება ერთი იყო. რომ მივედით, კარი გააღო ძალიან მოხუცმა ქალმა, დიდხანს გვიყურა და გვითხრა: „კაკ მნოგა პანადობილას ვამ დლია ტავო, შტობი პანიატ კემ ია ბილა დლია ვას“. ესეიგი, რომ გაგვახსენდა, გაუხარდა, მაგრამ რამდენი დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ გეგრძნოთ, მე რა ვიყავიო თქვენთვის. ასეთი ბევრი ისტორია მაქვს.
თავი მეოთხე: ქუჩის აკადემიიდან სამხატვრო აკადემიამდე…
სამხატვრო აკადემიასთან, გამოცდაზე, ფიზკულტურის მასწავლებელი ელოდებოდა. ვახტანგ მარსაგიშვილს თემო გოცაძე იხსენებს როგორც უაღრესად ეროვნულ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდების პირველი გულშემატკივარი და ხელისშემწყობი იყო….
თემო გოცაძე: მყავდა ფიზკულტურის მასწავლებელი ვახტანგ მარსაგიშვილი. ეს იყო ტანმოვარჯიშეების კლუბ „შევარდენის“ წევრი. სხვათა შორის, ეს იყო ძალიან ცნობილი კლუბი და ვახტანგ მარსაგიშვილი თავადაც ხატავდა და მეც რომ ვხატავდი, ამაზე გიჟდებოდა. მეც, დავდიოდი ტანვარჯიშზე, თავად მავარჯიშებდა.
გამოცდის ჩარჩო ვახტანგ მარსაგიშვილმა გამიკეთა, ტილოც მან გადაჭიმა, ფუნჯები და საღებავებიც მან მომიტანა, გამომყვა და ბოლომდე მიცდიდა გარეთ. დედა და მამა კი არ იყვნენ.. იქ, ვახტანგ მარსაგიშვილი იყო, საოცარი პიროვნება. სხვათაშორის, მისი ვაჟი, გია მარსაგიშვილი წლების წინ ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო, უგანათლებულესი ბიჭი, ირაკლი აბაშიძის სიძე. ჩემს მეხსიერებაში ორივე, მამა-შვილი, დარჩნენ, როგორც უვაჟკაცესი ადამიანები, რომლებსაც გული შესტკიოდათ ქვეყანაზე და ფიქრობდნენ ახალგაზრდობის განვითარებაზე.
მაშინდელი აკადემია სამხატვრო აკადემიის გარდა, ალბათ ცხოვრების აკადემიაც იყო…
აკადემიაში რომ ვაპირებდი ჩაბარებას, უნდა მოვმზადებულიყავი, სხვა ვარიენტი არ არსებობდა. ათკლასდამთავრებული ვიყავი და რაც არ უნდა მეხატა, ან როგორც არ უნდა მეხატა, პროფესიონალური სკოლა არ გამივლია. პროფესიონალური სახელოსნო მხოლოდ ბოლო წელს, მეათე კლასში გავიარე. ჩემს კურსზე კი სწავლობნენ მხატვრები, რომლებსაც ტექნიკუმი ქონდათ დამთავრებული და უკვე ფაქტიურად მხატვრები იყვნენ.
მე კი ლაწირაკი შევედი და იქ, სადაც 28, 30 წლის ხალხი სწავლობდა. ვემზადებოდი ხიტა ქუთათელაძესთან, აპოლონ ქუთათელაძის ვაჟთან. აპოლონი იყო აკადემიის ლექტორი. აპოლონის მეუღლე ქალბატონი ვერა ქარდავა კი დედაჩემის კოლეგა და მეგობარი გახლდათ. ხიტა ერთ-ერთი უძლიერესი თანამედროვე მხატვარი იყო. ჩემი პროფესიის ანბანი სწორედ ხიტასთან ვისწავლე.
ის დაზგური ფერწერის მეტრი იყო და სეზანი უნვარდა ამავდროულად. “სტანკავისტებისთვის“ ყოველი სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო დატვირთული ფერადოვანი ლაქებით. მე კი აკადემიაში ორ მეტრიან ფიგურებს ვხატავდი და ამისთვის სულ შენიშვნას მაძლევდნენ, მაგრამ არა, ორმეტრიანის დილიხორი მქონდა! სულ თავპირის მტვრევა იყო ამაზე, მაინც ვაკეთებდი!
ჯგუფში ბევრნი ვიყავით, ხიტამ ყველა სხვადასხვა მიმდინარეობაზე გადაანაწილა. ყველაზე უმცროსს რადგან მცირე პრაქტიკის გამო კერამიკაზე ჩაბარება მირჩია. რა მნიშვნელობა აქვს, მოხვდები და მერე გადახვალ ფერწერაზეო.
უმცროსი რადგან იყავით, იჩაგრებოდით?
არა, რას ამბობ! სულ პირიქით! ჩავაბარე კერამიკაზე და კიდევ კარგი აქ ჩავაბარე. ასეთი სიკეთე ჩემთვის არავის გაუკეთებია. მოხდა ისე, რომ მე და ჩემი მეგობარი, გივი ვაშაკიძე ერთად ვაბარებდით, დაგვაკლდა ერთი ქულა. როდესაც სერგო ქობულაძე კომპოზიცია ნახა, იკითხა, რა ნიშანია დაწერილი და აქ როგორ დაწერეთ სამიო? გოგი მესხიშვილს, მე და გივი ვაშაკიძეს სამები ხუთიანებად გადაგვიკეთეს.
მერე შეიცვალა სერგო და რექტორად დაინიშნა აპოლონ ქუთათელაძე. აპოლონმა დაგვიშვა თავისუფალ მსმენელებად და გვითხრა, თქვენ ივლით, ყვლაფერს გააკეთებთ და წლის ბოლოს დიდი გამოფენა გადაწყვიტავს ჩაირიცხებით თუ არო. ერთი მომენტის ზახგასმა მინდა, მაშინ ჯერ არ ვიყავი სტუდენტი და თუ ვინმე ახლობელი მყავდა, ყველა ჩემზე 7-8 წლით უფროსი იყო, ყველა მგულშემატკივრობდა. ამანაც ბევრი რამ გააკეთა, იცით?
ერთ ფრაზას გეტყოდნენ და ვხვდებოდი როგორ უნდა გამეკეთებინა. ასე გაიარა ამ ერთმა წელიწადმა. პირველ მაისს გარდაიცვალა მამა, 1959 წელია… მახსოვს, პანაშვიდზე მოვიდა აპოლონ ქუთათელაძე, მიუსამძიმრა დედას და უთხრა, თქვენი შვილი ჩარიცხული აკადემიაშიო. ცრემლები მომერია. ასე მოვხვდი აკადემიაში.
თავი მეხუთე: აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნო და ოსტატების დიდი სამეული
როგორც თემო გოცაძე იხსენებს, კერამიკაზე მუშაობის პერიოდს უშედეგოდ არ ჩაუვლია.
„ჩემი კერამიკაზე ყოფნა ერთი რამით იყო კარგი. მე ქანდაკებას ვერ გავივლიდი ვერსად. ქანდაკება გავიარე კერამიკაზე. ორი წელიწადი ვაკეთე ქანდაკება, ყველაფერი მაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი ბრყინვალე მოქანდაკე, ირაკლი ოქროპირიძე გვასწავლიდა.
ეს საოცარი ფერთა ჭიდილი, რაც თქვენს ნახატებზეა, ვისი დამსახურებაა, რომელი პედაგოგის?
სულ სამი ნამდვილი მასწავლებელი მყავდა: ფერი რომ მოგწოთ ჩემი, ეს არის ხიტა ქუთათელაძე, ფერის გიჟი იყო… კომპოზიციაში თუ რამეს ვქმნი, ეს აპოლონ ქუთათელაძის დამსახურებაა, ხოლო მონუმენტურალიზმი კოკი მახარაძის.
ასე ვისწავლე და დამთავრებაც ძალიან საინტერესო იყო. ნამუშევრების წარდგენაზე, ჩამოიარა კომისიამ, სერგო ქობულაძემ შეხედა ჩემს ნახატს და ასე ჩაილაპარაკა: ზიგმუნდ ვალიშევსკი.
ვდგავართ, და ვეკითხები: ჩტო ვი სკაზალი სერგეი სალამონოვიჩ?
ზიგმუნდ ვალიშევსკი! მიპასუხა.
სალამონოვიჩ, მე ვუთხარი, ია ხოტ ვ 20 -ომ ტომ ვეკე ვალაიუს, ესლი ეტო ზიგმუნდ ვალიშევსკი, ია ზნაუ ხუდოჟნიკოვ კატორიე იზ ჩეტვიორტოვო პაკალენია ნე ვიშლი მეთქო!
კავო პადრაზრუმივაეშო, – მკითხა,
ვას! -ასე ვუპასუხე.
როგორი ნაგლი უნდა იყო, წარმოიდგინეთ. მაგრამ უნდა მეთქვა!
არ გაბრაზებულა, მაგრამ მერე სამაგიერო გადამიხადა. დააწერა ბურჟუაზიული ხელოვნების აპოლოგეტიაო. მოგვიანებით კი, როცა მის სახელოსნოში მივედი, რა გინდა აქო – მკითხა, მე შენს წინააღმდეგ დავწერეო, აღარ დამიმალა.
ამ ყველაფრის შემდეგ, იმ დროს მინც დაგიშვეს გამოცდაზე? „ბურჟუაზიული ხელოვნების აპოგოლეტს“ დიპლომი მოგცეს?
გამოცდაზე არ მიშვებენ, რადგან დახატული მქონდა ქალიშვილის პორტრეტი და კომისიამ ამაზე ზიგმუნდ ვალიშევსკიო განაცხადა. გაგიჟდნენ ჩემი ძმაკაცები. წავედით ბებიასთან, დავსვით სკამზე ეზოში, პორტრეტი და ხელები დავხატე მე, ჩაცმულობა გააკეთა ზაურა ბებრიშვილმა, ნატურმორტი გააკეთა გივი ვაშაკიძემ და და ფონი დახატა ბუდუ სირბილიძემ.
დაცვაზე სველი ნამუშევარი შევიტანეთ. კომისიის თავმჯდომარე რუსი მხატვარი მაჩალსკი იყო. თავმჯდომარეები, როგორც წესი, მოსკოვიდან მოდიოდნენ. ორი ნამუშევარი მქონდა წარმოდგენილი. ერთი, ბებიის პორტრეტი და მეორე ხიროსიმა 4 მეტრი სიგრძის კომპოზიცია. მკითხეს თუ რამე მქონდა სათქმელი. მე კი ვუპასუხე – მადლობელი ვარ ჩემი ატანისთვისთქო. იმიტომ, რომ სულ მრიცხავდნენ, სულ წიოკი იყო ჩემს გარშემო და აპოლონი კი მუდამ იძახდა – დაანებეთ თავი ამ კაცს, ხომ მუშაობს, არ მოგწონთ ნუ დაუწერთ ნიშანს, გარიცხვით რატო რიცხავთო. მაგრამ არა, მრიცხავდნენ იმიტომ, რომ „სნიატ სტიპენდიუო“ რომ დაიძახებდა მკურნალი, მე და ხასანი ინაიშვილი ყელში ვწვდებოდით ხოლმე. გამოცდებზე ყირაზე შევდიოდი ხოლმე… სულ ყირაზე დავდიოდი, კიბეზეც კი.
რატომ იქცეოდით მასე? პროტესტი იყო თქვენი?
ეს პროტესტი იყო ჩარჩოში მოქცევის წინააღმდეგ. მერე მივხვდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი, იქ ისეთი რამ ვისწავლე, რასაც ვერასდროს ვერსად მისწავლიდი. დიპლომის დაცვის ბოლოს მაჩალსკიმ მითხრა – თქვენ ბებიამ გადამარჩინათო.
თავი მეექვსე: ოჯახი, ბოჰემური ცხოვრება და განადგურებული ნახატები...
აკადემიის დამთავრების შემდეგ, ძალიან მალე, თემო გოცაძე დაოჯახდა. თუმცა, ოჯახური თანაცხოვრება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რამაც მხატვრის შემოქმედებაზეც იმოქმედა. დეპრესიამ და გაურკვევლობამ ის თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა…
თემო გოცაძე: აკადემიის დამთავრებიდან დაახლოებით ერთ თვეში 1964 წელს დავოჯახდი. 1965-ში დაიბადა ჩემი პირველი ვაჟბატონი ბექარი. ასე თუ ისე, გავაგრძელე ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ეს ცხოვრება გაახარებს ვინმეს განაო. იმიტომ რომ, არ შეიძლება ძალიან ახალგაზრდამ ოჯახი შექმნა. ეს ერთი, მეორე – არ შეიძლება ისე იცხოვრო, რომ ახალგაზრდობა არ გაიარო. მაშინ როცა უნდა მეცუღლუტა, გოგოებისთვის მედევნა და რაღაცეები და ამბები… ვიჯექი ვხატავდი, ვჩხირკედელაობდი ჩემთვის და ვსვამდი ბიჭებთან ერთად.
ოჯახი რომ დალაგდა, მერე უცებ გაჩნდა სხვა ადამიანიც.. ღამე სახლში არ შევდიოდი. ჩემი ბრალია მოკლედ. ამ სიტუაციამ დაშალა ოჯახური თანაცხოვრება და მე მიმიყვანა ძალიან ცუდ რაღაცამდე. თავის მოკვლის მცდელობაც მქონდა. როდესაც მეუღლეს დავშორდი აბსოლუტურად ყველა ნამუშვარი დავწვი.
სოფელში მატარებლით მიმავალი დედა, რაღაც ძალამ გორიდან უკან მოაბრუნა და სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა. სახლში ვენებგადაჭრილი და თითქმის სისხლისგან დაცლილი დავხვდი.
რას განიცდიდით ასე ძალიან, დანაშაულის გრძნობა გქონდათ?
მარტოობის გრძობა იყო… მოკლედ, ყველაფერი გავანადგურე, რაზეც მწყდება გული, იმიტომ რომ ბევრი რამე იყო იქ ისეთი, რომლის გაგრძელება მომავალში შეიძლებოდა ძალიან საინტერესოდ.
თქვენი ახლობელი მხატვრები ყვებიან, რომ საოცარი სახელოსნო გქონდათ, ფაქტობრივად დიდი თავშეყრის ადგილი ხელოვანი ადამიანებისთვის…
აკადემიაში ჩავაბარე თუ არა, დედაჩემმა ამიშენა დიდი სახელოსნო ეზოში. მე ვიყავი პირველი ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც თავისი 20 კვადრატული მეტრი ჰქონდა. არ არსებობდა თბილისში ვინმე ახალგაზრდა შემოქმედი, რომელიც ამ სახელოსნოში არ იყო ნამყოფი. მთელი აკადემიის პერიოდი, დილით იყო მუშაობა, საღამოს იყო ჰარი ჰარალე.
რამაზ გიორგობიანი, თემურ ბაბლუანი, ზურაბ ხავთასი, ჟანრი ლოლაშვილი, თუ კი ვინმე იყო ხელოვნების სფეროში, ყველა იქ მოდიოდა. ამანაც ძალიან დიდი როლი შეასრულა.
თავი მეშვიდე: გალაკტიონი, ფარაჯანოვი და ლურჯა ცხენები…
თემო გოცაძის შემოქმედების პირველი ნამუშევარი მაინც მისი „ლურჯა ცხენებია“…ამ ნახატთან დაკავშირებულ ისტორიას მხატვარი ასე იხსენებს
„მახსოვს ერთ ზაფხულს თბილისში ვარ დარჩენილი… ძალიან ცხელოდა და სახელოსნოშიც დიდი სიცხე ტრიალდებოდა. ნაბახუსევზე სავარძელში ვიჯექი და ძილბურანში მესიზმრა „ლურჯა ცხენები“…. თუმცა ამასაც ჰქონდა წინა ისტორია. გალაკტიონ ტაბიძის გასვენება და პანაშვიდები დეტალურად დავიმახსოვრე. იქაურობას არ მოვცილებივარ, შემდეგ კი დავხატე კუბოში დასვენებული მწერალი უკანა ფონზე ლურჯა ცხენებით, მაგრამ ეს ყველფერი დავწვი.
ცოტა ხნის შემდეგ ვნახე ფარაჯანოვის ფილმი, სადაც ერთი კაცი კლავს მეორეს, ნაჯახს არტყამს და ამ ნაჯახიდან გდამოსული სისხლით ეკრანზე რელატიურად გაიწელა წითელი ცხენები. ეს კადრი ეტყობა ქვეცნობიერად ჩამრჩა სადღაც. ობიექტურად რომ გითხრათ, ჯერ ლურჯა ცხენები დავხატე და შემდეგ ვნახე ის კინო კადრი. უფრო სწორად, მერე მოვიდა ფარაჯანოვი გამოფენაზე და მის სახლში წამიყვანა. მაშინ მაქვს ეს კადრი ნანახი მის კედელზე.
ფარაჯანოვთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
დამირეკეს გამოფენიდან, ფარაჯანოვი მოვიდა და მოდიო. მითხრა, პირველად ვხედავ ამ ქვეყანაში ასეთსო და წამიყვანა სახლში. კედელზე მაჩვენა ცხენების ეს ცნობილი კადრი და საიათნოვას სიკვდილი.
მახსოვს ერთხელ მე და ჩემი მეგობარი მივემგზავრებოდით რუმინეთში, გავიარეთ კიევი და ძმაკაცმა მითხრა აქ ჩემი ნაცნობი ფრაჯანოვია და მინდა გავუარო, მარტო ნუ გამიშვებ ერთად წავიდეთო.
მაშინ პირველად ვნახე ფარაჯანოვი. ძალიან კარგად მიგვიღო. უკანანა გზაზე კიევში 2 დღეს დავყოვნდით და სწორედ იმ დროს ბალანჩინსი სპექტაკლი დაგვემთხვა. ფარაჯანოვმა ბალანჩინზე დაგვპატიჟა და თავად მოვიდა რომაული ტოგით ბრილიანტებში ასხმული, ლამაზი სავგვრემანი ბიჭის, მხარზე ქონდა ხელი ჩამოდებული. წარმოიდგინეთ კიევის ბომონდი და ფარაჯანოვის ამ ფორმაში გამოჩენა.. იქ ამბავი ხდებოდა…მამალი სოციალიზმია, უფრო მძაფრი, ვიდრე მოსკოვში.
მეორე დილა გათენდა და რეკავს, სად ხართო, რეაქცია აინტერესებდა. ვემზადებთ უნდა გავფრინდეთქო, არა შემოიარეთ, უჩემოდ არ წახვიდეთო. რომ მივედით, შევესწარი ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდ – თქვენ ხომ ხალხი არ ხართ, ქართველებმა ის მაინც გააკეთეს, ჯამი და ხმალი დააჭერინეს ქართლის დედას, თქვენ მარტო ხმალი დააჭერინეთ, იმიტომ რომ არაფრის გაცემა არ გიყვართ, მე თავი დამანებეთ, მანდ არ ჩამოვალ და ფილმებს მხოლოდ საქართველოში გადავიღებო.
სასწაულად იცვამდაო, თქვენზე ასე ამბობენ, რა სტილი გქონდათ ასეთი გამორჩეული?
წარმოიდგინეთ „ჩოლკა“, მწვავე შარვალი ბუტილკა, თამბაქოს ფერი მძიმე ბატინკები და წითელი ან სერი, ძალიან მაგრად ნაქსოვი ჯემპრი დეკოლტე.
სად შოულობდით ასეთ რამეებს იმ დროს?
ვაკერინებდი. თავზე ბერეტი ან შლაპა მეხურა.
ფოტოები როგორ არ შემორჩა?
იყო გადაღებული, მაგრამ სად არის, კაცმა არ იცის.
ფარაჯანოვმა რა გამოგატანათ კიევიდან?
10 ცალი სამუზეუმო მოოქროვილი ჩარჩო. როდესაც დავინახე გული წამივიდა, სასწაული იყო. ეს ჩემგან ფეშქეშიო. სწორედ ამის მერე მოვიდა ფარაჯანოვი ჩემს გამოფენაზე, იმიტომ რომ მიცნობდა.
მოსკოვში ამხელა გამოფენა როგორ გაგიკეთეს „ბურჟუაზიის აპოლოგეტს“?
1988 წელს მქონა დიდი გამოფენა. მხოლოდ საქართველოს სახვით ხელოვნებას ჰქონდა მსგავსი გამოფენა და მეტი არავის.
როგორ მოხდა და, მე ამერიკაში ვიყავი. ნამუშევრები რომ ჩავიდა და ნახეს რაც იყო, თქვეს ამის გამოფენა იმ პატარა სივრცეში არ შეიძლებაო. გაათავისუფლეს დიდი საგამოფენო დარბაზი. მე რომ ჩამოვედი, გამოფენა უკვე მომზადებული იყო.
გაქანებული საბჭოთა კავშირის დროს იყავით ამერიკაში?
დიახ, გაქანებული საბჭოთა კავშირის დროს, მე ერთი თვით სამუშაო მივლინებით ვიყავი ამერიკაში, სადაც კოკა იგნატოვთან ერთად კულტურის ცენტრის დარბაზი მოვხატეთ.
შტატებში გამოფენის მოსაწყობად დავზვერე საგამოფენო სივრცეებიც, თუმცა მალე საქართველოში სიტუაცია აირია.. ამისთვის აღარავის არ ეცალა.
თავი მერვე: ჩემს „ლურჯა ცხენებს“ ელენე ახმლედიანმა წაკრა ფეხი და УБРАТЬ ЭТУ КАРТИНУ отсюда -ო!
თემო გოცაძე: ამხელა მახინა მივაყუდე კედელზე და წამოვედი. მეორე დღეს მივედი, კედელზე აღარ იყო მიყუდებული, იატაკზე იდო და წავასწარი ასეთ სცენას, ელენე ახმლედიანმა წაკრა ფეხი და „უბრატ ატსუდაო“ თქვ&
სტატიის ავტორი:
თამარ ლეფსვერიძე
2021-05-11
სრულად ნახვა
ლეგენდა, სახელად “პიკო” – ინტერვიუ ზურაბ ნიჟარაძესთან (ვიდეოჩანაწერი მონტაჟის გარეშე)
ინტერვიუს მოსმენისას მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში – “ლეგენდა”… განუმეორებელია არა მხოლოდ მისი მხატვრობა, არამედ ამ მხატვრობაში ჩადებული ის მსოფლმხედველობა, რომელმაც რევოლუციური გარდატეხა მოახდინა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ როდესაც იდეოლოგიასთან ბრძოლა ფაქტობრივად, ნიშნავდა ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ.
ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ჩვენი რუბრიკის “ამბები ადამიანებზე” სტუმარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე გახლავთ.
პიკო: სიმართლე არის მშვენიერება…
“მთელი ცხოვრება ვიფიქრე და მივხვდი, რომ სიმართლე არის მშვენიერება“ – აცხადებს ლეგენდარული ქართველი მხატვარი, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე “აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, რომ მთავარი ამ ცხოვრებაში – მთავარის დანახვაა…
ბატონო ზურა, დელაკრუამ თქვა ერთხელ, მხატვრობა არის თვალის დღესასწაულიო. ალბათ, მარტო იმ დღესასწაულს არ გულისხმობდა რასაც შედევრების ყურებით განვიცდით, არამედ იმ დღესასწაულს, რომელიც მოდის მხატვრის ფუნჯიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მეც ასე ვფიქრობ დაახლოებით… უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ერთგვარი ორიენტირი საზოგადოებრივი ესთეტიკისა. პიროვნება ყალიბდება ამ საკითხების გამოჩენით, თუ როგორ შეუძლია მას ამ დღესასწაულის აღქმა… მაგრამ, დღეს, სამწუხაროდ, ეს დღესასწაული დაიკარგა, რაღაც ისეთს იგონებენ, რასაც დიდი პერსპექტივა არ მგონია ჰქონდეს…
ხელოვნება იმისთვის კი არ არის, რომ რაღაც იდეური გამოხატოს, არამედ უნდა შექმნას რამე ესთეტიკისა და ჰარმონიის ფარგლებში. ხელოვნებას აქვს თავისი კანონები, რომლის შინაარსი არის, ჰარმონიული, მშვენიერი, ლამაზი.
ეს სინამდვილე უნდა გააკეთო შენი მასალით და ოსტატობით. სინამდვილე არის თვითმყოფადი, მას არაფერი არ სჭირდება, ეს ყველაფერი უნდა ქმნიდეს ფასეულობას.
კარგი მხატვარი ის არის, რომელთა ნამუშევრები საუკუნეებს უძლებს, თქვენთვის როგორია კარგი მხატვარი, როგორ უნდა შექმნას ისე, რომ დროს გაუძლოს?
როგორ შექმნას? გარკვეულწილად, ორიენტირი უნდა იყოს სწორედ ის, რომ გაერკვეს რა არის მშვენიერი და რა არის არამშვენიერი. ესთეტიკური ხედვა უნდა ჰქონდეს სულში გამჯდარი…
მხატვრობის ანტიკურ ეპოქას რომ შევხედოთ, იქ ხელოვნების ნიმუშები ყველასთვის თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი. მშვენიერი იყო იმდენად გახსნილი, იმდენად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალებებაში….
როდესაც საზოგადოებაში ღიად არის ეს მოცემული, იქ თითქმის არცაა საჭირო იმაზე საუბარი, რა არის საჭირო სულისთვის. იმიტომ რომ თვალნათლივ, პირდაპირ ჩანს რაც არის. მხატვრობა, ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა, პოეზია სწორედაც აყალიბებს ადამიანს ადამიანად.
ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ადამიანი, რომელიც სილამაზეს აღიქვამს ის არ შეიძლება იყოს ნაძირალაო, ასეა მართლა? ნაძირლებს არ შეუძლიათ სილამაზის აღქმა?
ეგრეა, ეგრე…იმიტომ რომ კარგი საქციელი, ხომ ასრულებს როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამიტომ მისი ხარისხი უნდა იყოს მაღალი და ხელოვნება სწორედ ეხმარება ადამიანს ამ პროცესში პიროვნების ჩამოყალიბებაში.
მშვენიერებას ცხოველებიც გრძნობენ… ადამიანი სულიერებით განსხვავდება, ჭეშმარიტი სილამაზე კი სულის დიდებაშია.
პიკო: საბჭოთა კავშირმაც კი ვერ შეჭამა ნამდვილი ხელოვნება, რადგან თავისუფლება არის განცდა…
90-იანი წლებში, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა იდეოლოგია გამსაზღვრავდა მხატვრობას, რამდენიმე მხატვარმა, მათ შორის იყო პიკოც, ცხადია, გამოფენა მოაწყვეს. ფაქტობრივად, ეს იყო გარდატეხა, როდესაც ფერწერა გამოვიდა საბჭოთა ბნელი ფონიდან შუქზე. და ამ გარდატეხის მოთავე სწორედ ზურაბ ნიჟარაძე გახლდათ…
თქვენ ახალი სიტყვა თქვით ქართულ ხელოვნებაში, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში რევოლუციასავით იყო… თითქოს თქვენი გაშიშვლებული ნახატებით, იმ პერიოდს, იმ რეჟიმს აშიშვლებდით. არ იყო ეს რთული, არ გხვდებოდათ ბევრი წინააღმდეგობა?
ბევრი რამე ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. იქ უფრო წინა პლანზე იყო წამოყენებული საზოგადოებრივი აზროვნება, საზოგადოებრივი იდეოლოგია. იდეოლოგიამ შეჭამა ხელოვნება, იმიტომ რომ წნეხი იყო დიდი. ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი აუცილებლად და თვითონ იმოქმედებს ადამიანის ჩამოყალიბებაზე, თუ ღიად არის მოცემული, როგორც ანტიკურ საზოგადოებაში იყო.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამ იდეოლოგიისა, საქართველოსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძალიან მაღალი დონე. ვგულისხმობ ტაძრებს, არქიტექტურას, მხატვრობას, მუსიკას, პოეზიას. ვაჟასთანა დიდი პოეტი სადღა არიან ახლა?! თუმცა არიან დღეს ნიჭიერი პოეტებიც და პროზაიკოსებიც. არიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ ვაჟასთანა აღარ…
გალაკტიონის ერთი ლექსი უნდა გითხრათ: „ჩვენს შესანიშნავ პროზას, თუ გამოვაკლებთ ოზას, დავუმატებთ უწუნს, მივიღებთ პრუწუნ პრუწუნს…“
დიდი ენამწარე ადამიანი იყო, მაგრან უნიჭიერესი.
უცხოელი მხატვრებიდან ვინ იყო თქვენთვის ყველაზე ახლოს?
უცხოელებიდან ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პიკასო. რომელიც ითვლებოდა ავანგარდისტად. ასეთი ავანგარდისტი იყო სეზანიც. მან ძალიან ბევრი რამ აიღო იმპრესიონიზმისგან, მაგრამ მერე ზურგი შეაქცია იმპრესიონალიზმს და კონსტრუქციული მომენტი წამოწია წინ. მონე კი, რომელიც ხატავდა თივის ზვინებსა და მსგავს რაღაცეებს, ირკვევა ახლა, რომ თივის ზვინებს კი არ ხატავდა, არამედ ხატავდა იმ შუქს, რომლითაც იყო განათებული. ესე იგი განათებაზე მუშაობდა და არა თვითონ საგანზე. გესმით რაშია საქმე? სეზანმა წინა პლანზე გამოიყვანა კონსტრუქციული მომენტი და ამიტომ სეზანიც ავანგარდისტი იყო, მაგრამ სხვა მიმართულება ქონდა. მან განათებას კი არ მიაქცია ყურადღება, არამედ საგანს.
თქვენ ბრძანეთ, რომ თავისუფლება მხატვრისთვის და შემოქმედი ადამიანისთვის არის ყველაფერი. თქვენთვის რა არის თავისუფლება, რას გრძნობთ, როდესაც ამ სიტყვას წარმოთქვამთ?
თავისუფლება არის განცდა! ეს უნდა იყოს განცდილი და როდესაც ინტელექტუალური ელიტა, ამას უპირისპირებს მარტო რაციონალურ საწყისს, მაშინ უკვე აღარ არის თავისუფალი. მაგრამ, თავისუფალ ადამიანს ვერ მოერევა ვერანაირი იდეოლოგია, გამორიცხულია!
საუბრის დასაწყისში მითხარით, მხატვარი, იმას კი არ უნდა ხატავდეს რასაც ყველა ხედავს, არამედ იმას უნდა ხატავდეს, რასაც სხვები ვერ ხედავენო… რა არის ნახატში მთავარი?
ნახატში მთავარი მთავარის დანახვაა… თუ დააკვირდით ზამთარში ხის ტოტებს, შიშვლდება ხე, გამოჩნდება ის, რაც არ ჩანდა და სინამდვილეში მთავარია, იმიტომ რომ ხეში მთავარი ფოთლები კი არ არის, მთავარი თვითონ ხეა. აი ვთქვათ კამპანია მიდის ბუნებაში, დაინახეს მშვენიერი ხე, მაგრამ საკმარისია თვალები გადაიტანო ტოტებზე, მშვენიერი ხე გაქრება და დარჩება ტოტები. მშვენიერი ტოტები…
თქვენთვის რა არის მშვენიერება?
ცუდის და კარგის გარჩევის უნარი ხომ აქვს ადამიანს, ეს ზნეობრივი ასპექტია. ასევე სილამაზის გარჩევის უნარიც უნდა ჰქონდეს, რა არის მშვენიერი და რა არის უშნო. ეს ორიენტირი აყალიბებს ესთეტიკას. სეზანს შიშველი ფიგურა არა აქვს, იმიტომ რომ მას აინტერესებდა თვითონ საგანი და არა როგორ არის განათებული.
სამაგიეროდ, თქვენ გაქვთ ბევრი შიშველი ფიგურა, თქვენ რა გაინტერესებთ?
მეც თვითონ საგანი მაინტერესებს, მაგრამ მისი განათებაც მნიშვნელოვანი კომპონენტია შთაბეჭდილებაში, რომელსაც ტოვებს.
თქვენ თვლით, რომ შიშველი ქალი ყველაზე მშვენიერია? თქვენი ქალები გამორჩეულად შიშვლები არიან, თითქოს ვერც გრძნობ ამ სიშიშვლეს, ისეთ სიშიშვლეს, თვალს, რომ მოარიდებ, პირიქით სულ გინდა რომ უყურო და უყურო…
დიახ, ეს განცდა, რომლიც ადამიანს უჩნდება, ჩვენი სხეულის არსია. მთავარი უნდა დაინახო… აი მაგალითად, თქვენ გიყურებთ თვალებში, ეს თვალები არის ძალიან ძლიერი. რატომ არის ძლიერი? იმიტომ რომ ყველაზე კარგად ჩანს მასში განცდა. მასალა, რომლისგანაც იქმნება ნახატი, უნდა დაიხარჯოს მთავარზე და არა მეორე ხარისხოვანზე.
“პიკო”: ორი რამ არასდროს იკარგება ამ ცხოვრებაში – მშვენიერება და ღირებულებები…
“მოქანდაკე, არქიტექტორი მასალას აცოცხლებს და ახალ სიცოცხლეს აძლევს. მე ჩემი საღებავები უნდა გავაცოცხლო. საღებავი საღებავად რჩება, მაგრამ ობიექტური რეალობა უნდა გავაცოცხლო.
არაფერთან ბრძოლაში ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რატომ გადაარჩენს სილამაზე კაცობრიობას. ვინც სილამაზეს გრძნობს, არ შეიძლება იყოს არამზადა – ამბობს ზურაბ ნიჟარაძე
რა არის მთავარი თქვენს ცხოვრებაში, რაზეც მთელი ცხოვრება ააგეთ, რასაც არასდროს ღალატობდით?
მთავარი იყო გარკვევა რა არის მშვენიერება რა არის სიმახინჯე.
და რა დაადგინეთ, რა ყოფილა მშვენიერება?
სიმართლე. სიმართლე არის მშვენიერება.
ამბობენ, რომ ბოლო დროს ღირებულებები დაიკარგა საქართველოში, ადამიანებმა ფასეულობები და ღირებულებები დაკარგესო. ეთანხმებით ამას?
არა, ეს ისეთი რამეა რომელიც არ იკარგება საერთოდ. მშვენიერება არ იკარგება, მშვენიერება რჩება. გარჩევა მშვენიერსა და არამშვენიერს შორის რჩება როგორც ფუნქცია საზოგადოებრივი ცხოვრების. მე მგონია, რომ მშვენიერება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში, ის არ იკარგება. მხატვრის როლია გამოაჩინოს ეს.
ადამიანის ზნეობრივ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაქვთ ძალიან საინტერესო მოსაზრება… ამბობთ, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ, როდესაც ზნეობრივმა კატეგორიებმა იმძლავრა, საზოგადოების ყურადღება და ინტერესი გადაიხარა თანასწორობისკენ
ქრისტეს ქადაგება სულ სხვა რამეს გულისხმობს. ქრისტე არის პირველ რიგში ზნეობრივი მომენტის გამოვლინება. ხელოვნებაზე და ესთეტიკაზე აღარ საუბრობს. განა სადმე უთქვამს რა არის მშვენიერება და რა არ არის? რატომ? იმიტომ, რომ ქრისტიანული იდეოლოგია პირველ ადგილზე აყენებს ზნეობას. იმისთვის რომ ქრისტიანი იყო, შეიძლება ესთეტიკა არ ჩავრიოთ ამ ამბავში, იმიტომ რომ ქრისტეს ქადაგება არის ზნეობრივი ასპექტი.
90-იან წლებში, როგორც იქნა, კულტურა და მათ შორის მხატვრობაც, რაღაც დოზით გამოვიდა საბჭოთა ესთეტიკიდან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის ლექტორიც იყავით, თუმცა, სულ იბრძოდით მთელი ეს პერიოდიც და მალევე დატოვეთ ეს პოზიცია.
დიახ, იმიტომ რომ ამ იდეოლოგიამ შეჭამა ყველაფერი. ყურადღებას აღარ აქცევდნენ ესთეტიკურ მხარეს. რა დროს ესთეტიკა იყო, როდესაც იდეოლოგია იყო წამოწეული წინ. ეს ახშობდა ხელოვნებას. მაშინ ჩვენი საზოგადოება არ იყო მზად ესთეტიკური ხედვის აღსაქმელად. საბჭოთა კავშირის დროს იდეოლოგიამ შეჭამა ხელოვნება და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია, რომ იცოდეთ.
დღესაც ვიმკით ამის შედეგს?
რა თქმა უნდა. მხატვრობაში, არქიტექტურაში, პოეზიაში, პროზაში და ასე შემდეგ. თითქმის ყველა სფეროში გამოიხატება ეს.
დიდი დრო სჭირდება საბჭოთა იდეოლოგიის საბოლოდ დასრულებას?
ლენინს სულ არ აინტერესებდა ესთეტიკა, მისთვის მთავარი იყო იდელოგია, სურდა მთელი მსოფლიო კომუნისტური აზროვნების საგნად გადაექცია. ამან დიდი გავლენა მოახდინა აზროვნებაზე, რაც ბევრი წელი გრძელდებოდა…
“პიკო”: გარჩევა მშვენიერის და სიმახინჯის, ეგოიზმია განა?!
ამბობენ რომ დიდი მხატვრები და ნამდვილი ხელოვანი ადამიანები ეგოისტები არიან, ეგოსტი ხართ?
გარჩევა მშვენიერის და სიმახინჯის, ეგოიზმია განა?
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგიქმნიათ ცხოვრებაში, რა იყო?
რა თქმა უნდა, მხატვრობა. მოქანდაკე, არქიტექტორი მასალას აცოცხლებს და ახალ სიცოცხლეს აძლევს. მე ჩემი საღებავები უნდა გავაცოცხლო. საღებავი საღებავად რჩება, მაგრამ რეალობა უნდა გავაცოცხლო და დავტოვო ისეთი, რომელსაც წლები ვერაფერს დააკლებს…
თქვენს მხატვრობას ვის პოეზიას შეადარებდით?
უხერხულად ვგრძნობ თავს. „რამ შემქმნა ადამიანად,რატომ არ მოვედ წვიმადა“…. ცრემლები გადმომდის. ვაჟა პირველი ნომერია.
ზუსტად იმიტომ, რომ მუდმივად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში იყავით, დაჩაგრულხართ თქვენს საქმეში, უცდიათ რომ დაეჩაგრეთ?
ჩვენ ვიყავით თავისუფლების მომხრეები. უაზრო თავისუფლების კი არა, რომელსაც მივყავართ უაზრო ანარქიამდე. პირიქით, თავისუფალი ადამიანი როგორ ესთეტი და როგორც შემოქმედი. ძალიან ბევრი კარგი პოეტი და მხატვარი გვყავს ჩვენ.
რომელს გამოარჩევთ ქართველი მხატვრებიდან?
ედმუნდ კალანდაძე და რეზო თარნხან – მოურავი… თუმცა, ბევრი იყვნენ, რომლებიც შრომობდნენ. მხატვრობა არის მუდმივი შრომა, იმიტომ რომ თვითონ საგანი არის მუდმივი, უსასრულოდ მარადიული.
ქალის როლზე მინდა გკითხოთ თქვენს ცხოვრებაში. თქვენი მეუღლე ცნობილი მსახიობია, ქალბატონი ციცინო ციციშვილი. როგორია ორი ხელოვანი ადამიანის თანაცხოვრება. არის მუდმივად ომი, ჭიდილი თუ პირიქით – ხელშეწყობა?
ორივე ეკუთვნის ხელოვნებას, ერთი არის მხატვარი, მეორე მსახიობი. არ არის არანაირი დაპირისპირება. ეს ერთი და იგივე სამუშაოა, უბრალოდ იქ სპეციფიკა თეატრალურია, კინომატოგრაფიაა, ჩვენთან კიდევ მხატვარი, სკულპტორი და არქიტექტორია, ვინც ქმნიან საგნებს…
„პიკო“ პიკასოზე: მიყვარს ეს მხატვარი, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად ავანგარდისტია
„პიკოს“ გეძახიან და ისე ბუნებრივად ჟღერს ეს სახელი თქვენთან მიმართებაში, ზოგჯერ ვიხსენებდი კიდეც თქვენს ნამდვილ სახელს. რატომ შეგარქვეს „პიკო“?
რა ვიცი რატომ მეძახიან. მიყვარს ეს მხატვარი. თუმცა, უკიდურესი ავანგარდისტია, მაგრამ მან მოძებნა ისეთი ფორმა ამ ავანგარდის, რომელიც მე არ მიშლის ესთეტიკური მომენტის ჩართვაში ხელს. ჩემთვის პიკასო მხატვარია და ამდენად შეხება აქვს ესთეტიკასთან.
გაქვთ მთავარი ნახატი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე და სულ გემახსოვრებათ?
ერთ ნახატზე ვერ ვისაუბრებ, რადგან უშველებელი სფეროა. მგონი, არ ვღალატობ იმ დებულებებს, რომელზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ჩემი გზა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვებისგან, იმიტომ რომ უშველებული სფეროა. სილამაზის და ესთეტიკის თავისებურად აღქმა აყალიბებს მხატვარს ისეთად, როგორ ნამუშევრებსაც შემდეგ ქმნის… ესთეტიკა უნდა იგრძნო…
ხომ არ დაკარგეს ადამიანებმა ესთეტიკის შეგრძნება?
არა, ეს ისეთი რამაა, რამელიც არ იკარგება. მე მასწავლიდა მოსე თოიძე, რომელიც იყო რეალისტი. მან ასეთი რაღაც თქვა რუსულად, მაშინ ყველა რუსულად საუბრობდა, „ნადა რისავატ ,ტო ჩტო ნე ვიდნო“. დიახ, მეც ამას გეტყოდით, მასალის სიძლიერე უნდა გამოიყენო მთავარზე და არა მერე ხარისხოვანზე…
სტატიის ავტორი:
თამარ ლეფსვერიძე
2021-05-11
სრულად ნახვა