×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

ახლანდელ ბაქრაძის ქუჩაზე, წითელი აგურით ნაგებ სამსართულიან სახლში, წლების წინ XIX საუკუნის ტფილისური ხელოვნების უდიდესი ქომაგები, კირილ და ილია ზდანევიჩები ცხოვრობდნენ. „კირპიჩნი პერეულოკის“ სახლი იყო საწყისი წერტილი, სადაც დაიბადა და განხორციელდა უამრავი ნოვატორული იდეა; მას ბევრი უცხოელი და კიდევ უფრო მეტი ტფილისელი ახსოვს, ისინი ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების სანახავად მოდიოდნენ ხოლმე... 





კირილ და ილია ზდანევიჩების წინაპრები 1831 წლის რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ ვარშავის აჯანყების შემდეგ კავკასიაში გადმოასახლეს. მათი მამა - მიხაილ ზდანევიჩი თბილისის გიმნაზიაში ფრანგულს ასწავლიდა, დედა კი თავადის ქალი - ვალენტინა გამყრელიძე - პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე გახლდათ. ვალენტინა მდიდარი პოლონელის, დლუჟანსკის ქალიშვილი ყოფილა, მას 40 წლისას გაუგია, რომ  მშობლებს ჩვილობისას გაეშვილებინათ და სინამდვილეში გაღარიბებული აზნაურის - როსტომ გამყრელიძის ქალიშვილი ყოფილა.





კირილ ზდანევიჩი 1892 წლის 16 ნოემბერს დაიბადა. 8 წლიდან სწავლობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 15 წლის კირილი დეიდაშვილთან ერთად წერდა მოთხრობებს და თავად აფორმებდა ნახატებით. ეს იყო კალის ჯარისკაცის თავგადასავალი, რომელმაც ფაბრიკიდან ტფილისის მაღაზიაში ამოყო თავი. ზოგადად, რვეულებსა და ჩანაწერებს დიდი ადგილი უჭირავს ძმების ცხოვრებაში, რადგან დედამ ისინი ადრეული წლებიდანვე მიაჩვია დღიურების წერას. 





1913 წელს კირილ ზდანევიჩი პარიზში ფერწერის შესასწავლად მიემგზავრება. ალექსანდრე არხიპენკოს სახელოსნოში მუშაობისა და საკმარისი ნახატების დაგროვების შემდეგ იმართება მისი ნახატების პირველი გამოფენა, რომელსაც პაბლო პიკასოც დაესწრო და კედელზე სამახსოვრო წარწერა - „5+ პიკასო“ დაუტოვა.



 

„ფერწერა ნატურის კოპირების ხელოვნება არ არის. ხელოვნებაა ულამაზესი სახით განალაგო ტილოზე ფერები“, - წერდა კირილ ზდანევიჩი. მართლაც, მის კომპოზიციებში შემთხვევითი არაფერია, განსაკუთრებით - მრავალფეროვანი პალიტრა -  და თითოეული დეტალი საბოლოო ფორმირებამდე დიდ გზას გადის ხელოვანის ხელში. ის იყო გაბედული მხატვარი, ნოვატორული სულისკვეთებითა და სავსე თავისუფლების იდეით. მისთვის დამახასიათებელი მეტაფორიზმი იდეალურად ერწყმის ფერადოვან პეიზაჟებს, რომლებშიც იშვიათად თუ გაიელვებს დრამატიზმი. მართალია, საზოგადოება მას დაზგური ფორმატის მხატვრად მიიჩნევს, მაინც უნდა ითქვას, რომ ხელოვანის შემოქმედება აერთიანებს ისეთ მიმდინარეობებს, როგორიცაა: ფუტურიზმი, აკადემიზმი, კუბიზმი, იმპრესიონიზმი, პრივიტივიზმი...





„მენშევიზმის დროინდელ ჩემს ბიოგრაფიაში ორ შემოქმედებით მოვლენას გამოვყოფ: პირველი - კლუბ რესტორან „არგონავტების ნავის“ მოხატულობა, შესრულებული მატისისა და ვან დონგენის სტილით, ლამაზად და ფერადოვნად“ - „არგონავტების ნავი“ იყო ბოჰემური ტიპის  თეატრ-სტუდია, რომლის კედლებიც კირილ ზდანევიჩთან ერთად ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს. მსგავსი ადგილები ტფილისის ავანგარდული ხელოვნების ცენტრს წარმოადგენდა, აქ თავს იყრიდნენ მოდერნისტები და იმართებოდა ლექციები, გამოფენები, კონცერტები და სხვა. „არგონავტების ნავის“ მსგავსად, მისი მოხატული უნდა იყოს თბილისის სხვა კაფეებიც: „ფარშევანგის კუდი“ და „ქიმერიონი“, მოსკოვში კი - რესტორანი „არაგვი“. სამწუხაროდ, „ფარშევანგის კუდის“ მოხატულობა დღეს დაკარგულად ითვლება.

 



კირილ ზდანევიჩი თეატრში გამოჩენილ რეჟისორთან, კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა და აღტაცებული იყო მასთან თანამშრომლობით,  წერდა,  ოცნებები ამიხდაო. მისთვის დამახასიათებელ, პიესის თემატიკასთან შესაბამის ფერადოვან დეკორაციებს ქმნიდა პეტრე ოცხელთან ერთად.


1949 წელს რეპრესირებული კირილ ზდანევიჩი 15 წლით გადაასახლეს ვორკუტაში, თუმცა თბილისში 1958 წელს ავადმყოფი დაბრუნდა. გადასახლების წლებს ის დიდი სინანულით იხსენებდა და ფიქრობდა, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრად უფრო ღირებულ საქმეს გააკეთებდა სამშობლოში: „აშკარაა ამ წლების განმავლობაში შემეძლო ფერწერაში რაიმე შთამბეჭდავი, მონუმენტური შემექმნა, რაღაც „უსახლკარო ზანგების მარშის“ მსგავსი“. კირილ ზდანევიჩი 1969 წელს თბილისში გარდაიცვალა.




„დავიბადე სამი კბილით, თანაც, წარმოუდგენლად ლამაზი. დედაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მეორე შვილი გოგო ჰყოლოდა, დღიურშიც ასე ჩაწერა: დაიბადა გოგონა, დავარქვი - ილია, ამიტომ დიდხანს გრძელი კაბებით მატარებდნენ. გიმნაზიაშიც ქალის ტანსაცმლით მიმიყვანეს, საქმეში სკოლის ინსპექტორი ჩაერია, მშობლები იძულებულები გახდნენ შარვალი ეყიდათ ჩემთვის. პროტესტის ნიშნად უკუღმა სიარული დავიწყე, ეს ამბავი კატასტროფით დამთავრდა - დავეცი, თუმცა არ მოვკვდი“, - წერს თავის დღიურში ილია ზდანევიჩი, ლიტერატურული ავანგარდის ერთ-ერთი ლიდერი, დიზაინერი, მკვლევარი, პოეტი, ნიკო ფიროსმანაშვილის პირველი ბიოგრაფი, რომელიც ამ დაცემამ არ მოკლა, თუმცა სამუდამოდ ხეიბარი დარჩა. მას იცნობდნენ ილიაზდის ფსევდონიმით, რომელიც, როგორც თვითონ ამბობდა, შთაგონებული იყო ეპიკური ნაწარმოებით „ილიადა“.




ილია ზდანევიჩი დაიბადა 1894 წლის 20 აპრილს, დაამთავრა თბილისის I ვაჟთა გიმნაზია და 1911 წელს სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. ავანგარდისტულ წრეებთან დაახლოებული ილიაზდი სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში კითხულობს მოხსენებებს ფუტურიზმზე. იმავე წელს არდადეგებზე ჩამოსულმა ილიამ, კირილმა და მხატვარმა ლე-დანტიუმ აღმოაჩინეს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები და დაიწყეს მათი შეგროვება. 

„ჩვენ მოვძებნეთ მხატვარი; მივედით სახლთან მალაკნების ქუჩაზე. აქ მიგვითითეს ნიკოზე, რომელიც ტროტუარზე იდგა. ის ფუნჯით აკეთებდა წარწერას: „მოლოჩნაია“. შემობრუნდა ჩვენკენ, დიდი ღირსებით მოგვესალმა და გააგრძელა საქმიანობა, ხანდახან რეპლიკებით ჩაერთობოდა ხოლმე საუბარში. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან იდგა მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში და რბილი ფეტრის შლაპით, ტანმაღალი, მშვიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ მის ქმედებაში გარკვეული სიმწარე გამოსჭვიოდა“. - წერდა ილია თავის დღიურში. 



1921 წლის ოქტომბერში ის გაემგზავრა პარიზში, სადაც მიხეილ ლარიონოვის ხელშეწყობით გაეცნო რუს ხელოვანებს, აგრეთვე - პაბლო პიკასოს, რობერტ და სონია დელონეებს, ტრისტან ტრაზას, პოლ ელუარს და ბევრ დადაისტს. სწორედ პარიზში ჩატარებულ ერთ-ერთ  კონფერენციაზე, 1922 წელს, გამოყენა პირველად ფსევდონიმი „ილიაზდი“. ამ ამბიდან 5 წელში არტისტმა მუშაობა დაიწყო კოკო შანელთან მხატვრად. ფაბრიკაში  მუშაობის პერიოდში, ქართული ტექნიკის გამოყენებით, ქსოვის ახლებური მანერა შექმნა და მალევე დანიშნეს ფაბრიკის დირექტორად. 



შანელის სახლში აღმოჩენილია წიგნი „აფატი“, რომელიც ილია ზდანევიჩის მიერ რუსულად დაწერილი ლექსების კრებულია და საკუთარი ავტოგრაფით მიუძღვნა 5 ცნობილ ადამიანს, მათ შორის - პაბლო პიკასოსაც. მეხუთე ეგზემპლარი კოკო შანელს ერგო და ამიტომაც აქ გვხვდება დიზაინერისადმი მიძღვნილი ერთი განსაკუთრებული ლექსი; წიგნის ილუსტრაციები ეკუთვნის პიკასოს. შანელს ერთი ჩვევა ჰქონია: საყვარელ წიგნს „C“ სიმბოლოთი აღნიშნავდა ხოლმე და ილიაზდის „აფატიც“ ამ წიგნების მოკლე სიაშია. შანელისა და ილია ზდანევიჩის ახლო მეგობრობაზე მეტყველებს ისიც, რომ კოკო შანელი იყო ილიაზდის შვილის - მიშელის ნათლია. განსაკუთრებული იყო პიკასოსა და ილიაზდის მეობრობაც. ილიაზდი იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის წიგნისთვისაც პიკასო ასრულებდა ბეჭდურ გრაფიკას, თანაც ილიას მითითებებით. თბილისელმა არტისტმა წარუდგინა პიკასოს ნიკო ფიროსმანი და  მოხიბლულ მხატვარს უნახავი ნიკო ისე დაუხატავს, როგორც ილიაზდმა აღუწერა. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ფოტოგრაფ ლე მილერის დაჭერილი კადრი ორი კარგი მეგობრის გულითად ემოციებს აღწერს.



„ძვირფასო ილია! ხვალ, 4 საათზე მე უკან მივემგზავრები ტფილისში. მე ვფიქრობდი, რომ შენ უკან გამომიგზავნიდი ვიზას და მე წამოვიდოდი შენთან და ერთად ვიმუშავებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საქმე უნდა გადავდოთ. მე ვიმუშავებ ტფილისში პარიზისთვის. როდესაც ასე თუ ისე მოეწყობი, გამომიგზავნე ვიზა ტფილისში. გკოცნი მაგრად, შენი კირილე“ - ასე წერდა კირილ ზდანევიჩი 1922 წელს ძმას. სამწუხაროდ, ძმების შეხვედრა მხოლოდ 45 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მიუხედავად წლების განშორებისა, ძმებს შორის მჭიდრო სულიერი კავშირი და სითბო ყოველთვის არსებობდა. ორივენი ცალ-ცალკე თავიანთ დიდ ცხოვრებას ერთი იდეის ირგვლივ აშენებენ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან ემსახურებოდნენ მას. ილია ზდანევიჩის შემოქმედება, როგორც პოეტის, არტისტის, ქართული და სომხური ეკლესიების მკვლევრის (ის იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოსწავლე), ვერ დაიტევს რამდენიმე ფურცელს. დღეს დასავლეთში ის აღიარებულია XX საუკუნის უდიდეს გამომცემლად. ილიაზდი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ქართული ხელოვნება გაეტანა საზღვრებს გარეთ და მაქსიმალურად შორს მიეწვდინა ამბავი ტფილისური ავანგარდის არაჩვეულებრივ წარმომადგენლებზე.

სტატიის ავტორი ანი დიდიშვილი; წყარო: hammockmagazine.ge, 2021-06-08


კომენტარები