×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

ტიტეს ყაყაჩოები და ტიტეს ზამთარი, ტიტეს გვირილები და ტიტეს ბროწეულები – ყველასთვის საყვარელი მხატვრის, ტიტე შეყილაძის ხელწერა სწორედ იმ უბრალოებაშია, რომელმაც ის ყველასთვის საყვარელ სახალხო არტისტად აქცია…

ასე “უბრალოდ” და ასე ყველასთვის მოსაწონად ხატვა მხოლოდ ტიტეს შეუძლია და ალბათ, სწორედ ამიტომაც გიჟდება ფიროსმანზე, რომლის “უბრალოება” დღეს უკვე მსოფლიო მხატვრობის მწვერვალებს იპყრობს…

 

მხატვრისგან ჩანაწერის გამოქვეყნების უფლება მივიღე და გადავწყვიტე ისევე ბუნებრივად და უბრალოდ დამეტოვებინა, როგორიც თავად  ტიტე და მისი ნახატებია…ამიტომაც ეს ინტერვიუ, რომელსაც ვიდეოში მოისმენთ, დაუგეგმავი და დაუმონტაჟებელია…

“ყველა მხატვარი მიყვარს, ვინც კი ხატავს – ასე პასუხობს კითხვას – “ყველაზე მეტად რომელი მხატვარი გიყვართ?” გამორჩეული ქალი არ ჰყავს, ყველა ქალი უყვარს ვისაც ხატავს…

თავისი წილი ფიროსმანი ჰყავს, განსაკუთრებული სიტყვებით შეფასებული. პოეტებიდან  ყველაზე მეტად პოეტების მეფე – გალაკტიონი უყვარს. და ესეც მისი შესრულებული ლექსის ვიდეოჩანაწერი გახლავთ…

 

 ახლა წაგვიკითხეთ ლექსად, “ადამიანი ყოფილა მხეციო…” და მართლა მხეცია ადამიანი?

– ხო, ადამიანი მხეცია, აბა რა არის?  რამდენჯერ გაგიგიათ, მოხუცებს რომ დაიბრიყვებენ ხოლმე, შეუვარდებიან, დააყაჩაღებენ და კბილებსაც კი ამოაცლიან… ეს არ არის სიმხეცე? მხეცისგან განსხვავებით, ადამიანი აზროვნებს და სისასტიკეს აზროვნებას უმატებს კიდევ და საშინელება გამოდის…

– მგონი, დიდად ჟურნალისტები არ უნდა გხიბლავდეთ…

– ჟურნალისტებს გააჩნია… კაცი არ გაძლევს ინტერვიუს და დასდევ ძაღლივით უკან, ეგ რა წესია? გაანებე რა თავი! ასეთი დამწოლი ჟურნალისტები არ მიყვარს…

– ბატონო ტიტე, ყველაზე მეტად რომელი მხატვარი გიყვართ?

– ყველა მხატვარი მიყვარს, ვინც კი ხატავს…

– ყველაზე მეტად რის ხატვა გიყვართ?

– ყველაზე უფრო ქალების ხატვა მიყვარს, როგორც ყველა მხატვარს…

– ყველაზე ლამაზო ქალი ვინ იყო, ვინც დაგიხატავთ?

– ყველაზე ლამაზი ქალი არ არსებობს, გავიმეორებ მარჩელო მასტროიანის ნათქვამს, – ყველაზე ლამაზი ქალი ვინ იყო, ვისთანაც იყავითო როცა კითხეს, მან უპსუხა:ის ქალი, ვისთანაც იმ წუთში ვიყავიო.

– თქვენს გულთან ყველაზე ახლოს რომელი მხატვარია?

– ყველაზე ძალიან მიყვარს კაკაბაძე, მაგრამ ფიროსმანზე ვგიჟდები!

– რატომ გიჟდებით ფიროსმანზე? შეუძლებელია, ფიროსმანზე არ გაგიჟდე, მაგრამ თქვენეული ახსნა მაინტერესებს…

– იმიტომ, რომ ფიროსმანი რომ ხატავს… ავიღოთ ათასი პროფესიონალი მხატვარი, ვინც გინდათ ის ავიღოთ, თუ გინდა პიკო ავიღოთ, ვერცერთი ხელებს ვერ ხატავს…ფიროსმანი რომ ხატავს ტახს, იმას თავის ფრჩხილებიც აქვთ, თავისი ქუსლებიც აქვს, ე. ი ბოლომდე ხატვა იცის. ხატავს თავისებურად, მაგრამ ზუსტად ურტყამს. არ რცხევენია, როგორც შეუძლია ისე ხატავს… შიშვლდება და არ რცხვენია, იმიტომ რომ მისი სიშიშვლე არ არის აუტანელი…

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე, 2021-05-26


კომენტარები