×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

დავით კაკაბაძე – პირველი, რაც თავში მოგდის, იმერული პეიზაჟებია, სურათის ჩარჩოებს მიღმაც რომ უქმნის მნახველს წარმოდგენას მის უკიდეანო სივრცეზე.  მისი ნახატების მსგავსად არასდროს მოუქცევია ჩარჩოებში არც თავისი ცხოვრება, არც შემოქმედება და არც, თუნდაც თავისი მრავალრიცხოვანი ინტერესები.

მხატვარი, გამომგონებელი, ფოტოგრაფი, მკვლევარი...

ერთი მხრივ – მშვიდი, დარბაისელი, გაწონასწორებული,  მეორე მხრივ კი- მუდმივად ძიებაში მყოფი, თანამედროვე, რაციონალური აზროვნების შემოქმედი, რომელიც  თავის თავში აერთიენებდა მხატვარს, გამომგონებელს, ფოტოგრაფს, მკვლევარს, ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ისტორიის მემატიანეს.

თითოეული მათგანი კი, თავისი კუბისტური კომპოზიციების მსგავსად, ისევ იყოფოდა პატარ-პატარა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ნაწილებად: რეალისტურ და ალეგორიულ, კუბისტურ და აბსტრაქციულ მხატვრობად სოფლის პეიზაჟებითა და პარიზული ჩანახატებით, ბუნების სურათებითა და ინდუსტრიული ხედებით…

კონტრასტული იყო მისი შინაგანი ბუნებაც – განათლებით ფიზიკოსსა და მათემატიკოსს, როგორც ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენელს, არასდროს უთქვამს უარი თავისუფალ,  უკომპრომისო აზროვნებაზე, არასდროს შეგუებია ჩარჩოებს…

კაკაბაძის მხატვრობაზე ბევრი დაწერილა და თქმულა,  კიდევ ამოუწურავად ბევრი შეიძლება, ითქვას.  მაგრამ მისი ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის სხვა მხარე არანაკლებ საინტერესოა ჩვენთვის. 

ორი კულტურის: ქართული და ევროპული საწყისების  მატარებელი

მრავალმხრივი შემოქმედებით ყველა დროის თანამედროვე იყო. იძიებდა წარსულს და ხიდს დებდა მომავალთან, მისთვის ძვირფასი და სათუთი იყო თითოეული ქართული ჩუქურთმა, მათი სიმბოლური კავშირები დროსა და ისტორიასთან, ქართულ იდენტობასთან.

აკი, შემოიარა კიდეც მთელი საქართველო ფეხდაფეხ და ჯერ ფოტოებზე და შემდეგ ფირებზე აღბეჭდა ყოველი ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის  ნიმუშები, თუ ჩუქურთმა, გააკეთა უმნიშვნელოვანესი კვლევა ორნამენტის გენეზისზე, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა მის დოკუმენტურ ფილმს, სურდა ერთ მთლიანობაში მოექცია ყოველივე ეს, მაგრამ  აქაც ვერ ჩაჯდა „საბჭოთა ჩარჩოებში“ და მოსკოვის მკაცრი ხელით განადგურდა პირველი ფირები და წერტილი დაესვა  დოკუმენტური ფილმის შექმნის თაობაზე მის ჩანაფიქრს.

მოგვინებით მისი კვლევების საფუძველზე პარმენ მარგველაშვილმა გამოსცა წიგნი ორნამენტის გენეზისზე, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დავით კაკაბაძის საარქივო მასალებს, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ იკვლევს ავტორი ორნამენტის წყობას, მის კავშირებს წარსულთან, ქართულ თუ ევროპულ კულტურასთან. ეს კავშირები მისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელი იყო, კონცეფციაც კი შეიმუშავა ევროპისა და აზიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთკავშირზე.

თვითონ ორი კულტურის: ქართული და ევროპული საწყისების  მატარებელს, გასაკვირიც კი იქნებოდა, არ ეძებნა მათ შორის შეხების წერტილები.

იმერეთის ულამაზეს სოფელ კუხში დაბადებულსა და გაზრდილს არ გასჭირვებია, ფეხი აეწყო ჯერ პეტერბურგის,  შემდეგ კი პარიზის სისხლსავსე ცხოვრებისათვის. პარიზში ჩასვლიდან რამდნიმე წლის შემდეგ  Canard Enchaine-ის კრიტიკოსმა პარიზის „დამოუკიდებელთა სალონის“ გამოფენაზე სამი ათას ხუთას ნამუშევარს შორის გამოარჩია ქართველი მხატვრის ნამუშევრები და დამთვალიერებლებს პირდაპირ მოუწოდებდა, მისულიყვნენ მის სანახავად: „მაშ, მიდით, იხილეთ, ბატონ კაკაბაძის მხატვრობაო!“

მკვლევარი და გამომგონებელი

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დავით კაკაბაძის ამოუწურავი და მრავალმხრივი შემოქმედება ისევ გაკვირვებას იწვევს მნახველებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებში, სადაც მან წარმატებით მოსინჯა ძალები. მან გაუსწრო დროს არა მხოლოდ როგორც შემოქმედმა, არამედ როგორც გამომგონებელმა და მკვლევარმა.  

ის მძაფრად გრძნობდა დროს, რომელსაც თავად „მაშინიზმის და კინემატოგრაფის“ ეპოქა უწოდა. შავ-თეთრი, მუნჯური კინემატოგრაფიის ეპოქაში იგი ოცნებობდა სამგანზომილებიანი კინოს შექმნაზე.

1922 წელს მან შექმნა უსათვალო სტერეო აპარატი, რისთვისაც პატენტები მიიღო ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მან მოსინჯა ძალები ტექნიკური აპარატისა და პირველი გამოსახულების შექმნაშიც, მაგრამ უსახსრობამ გზა მოუჭრა საბოლოო მიზნისკენ მიმავალს.  

მუდმივ ძიებაში მყოფმა ახალი ვერსია მოუგონა  თავის ამ აღმოჩენას, რის საფუძველზეც  შექმნა კოლაჟი, რაც ითვლება სახვით ხელოვნებაში მის განსაკუთრებულ მიღწევად.

მის თავისუფლებამოყვარე ბუნებას კარგად უგებდა პარიზი, მისი ცნობადობა და აღიარებაც აძლევდა საშუალებას, მშვიდად განეგრძო ცხოვრება იქ. თუმცა, პირველ რიგში, ნოსტალგიამ და შემდეგ უკვე დაგროვლი ცოდნისა და გამოცდილების თავისი ხალხისთვის გაზიარების სურვილმა მაინც დააბრუნა სამშობლოში.

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, 1926-1927 წლებში შექმნილ ფერწერული აბსტრაქციების სერიაში ნათლად ჩანს, რომ მხატვარი არის მეცნიერი-ბუნებისმეტყველი. შიდა და გარე ჩარჩოებში მოქცეული ნახატი, თითქოს, აქაც სცილდება ჩარჩოებს და ერწყმის კოსმიურ სამყაროს.

მაგრამ მალე ისევ შეახსენა თავი მხატვარს საბჭოთა სინამდვილემ. 1948 წელს გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან იმ მოტივით, რომ ვერ უზრუნველყოფდა სტუდენტთა აღზრდას კომუნისტური მეთოდით. უფრო ადრე კი ფორმალისტის იარლიყმიკერებული მხატვარი უამრავმა მეგობარმა და ნაცნობმა უარყო. როგორც უკომპრომისო და ჭეშარიტმა ხელოვანმა არც ამჯერად უღალატა თავის მრწამსს და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. 62 წლის ასაკში შეიწირა კიდეც ამ ჭიდილმა შემოქმედის სიცოცხლე.

ვინ იცის, რამდენი იდეა თუ სურვილი დარჩა განუხორციელებელი დიდ შემოქმედს. დავით კაკაბაძე წარსულსა და დღევანდელობას შორის ხიდიაო ამბობს მისი შვილიშვილი მარიამ კაკაბაძე, რომელიც ბაბუის საქმეების უკვდავსაყოფად და თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო წამოწყების ავტორი გახდა. მისი თაოსნობით 2012 წელს შეიქმნა “დავით კაკაბაძის ფონდი”. მარიამის თქმით, ფონდის პირველი გამოფენა ამავე წელს ქუთაისში გაიმართა. სიმბოლური იყო გამოფენის ქუთაისში მოწყობა, რადგან დავითმა სწორედ აქ დაამთავრა გიმნაზია, სანამ პეტერბურგში წავიდოდა სასწავლებლად.

სტატიის ავტორი წყარო: tormeti.com, 2021-05-26


კომენტარები