×
ნახატები
მხატვრები
გალერეები
ტექნიკა
ჟანრი
ჩარჩოები
პრინტი
ქანდაკება
ბლოგი
USD
(0)
artrooms

ყველა ამბავი იწყება ბავშვობიდან… ეს ამბავიც, რომელზეც ახლა გიამბობთ, ბავშვობიდან დაიწყო ყველასთვის საყვარელი მხატვრის და ბევრი ცნობილი მხატვრის მასწავლებლის, დათიკო ურუშაძის სახელოსნოში…

ტელესკოლის” ხატვის მასწავლებელი ანი გოგორიშვილი იხსენებს: მეცხრე კლასის შემდეგ ნიკოლაძის სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც მასწავლიდნენ – დათიკო ურუშაძე, ქრისტინე შერმადინი, ცისია ელისაშვილი და სხვები. დათიკო ურუშაძე ლექციის დროს გალაქტიონის ლექსებს გვიკითხავდა, დღემდე გონებაში მაქვს ჩარჩენილი მისი ლექციები…

დიდი დათიკოს რჩევები და მის სახელოსნოში გატარებული დღეები გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი შვილიშვილის, უმცროსი დათო ურუშაძისთვისაც,  რომლის შემოქმედებასაც დღეს წარმოგიდგენთ.

“ჩემი ბავშვობა იყო მხიარული და ლაღი. დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუასთან დავიწყეთ ხშირად სიარული, ბიძას დავყავდით.  პირველად რომ ევაბიჯე ბაბუას სახელოსნოი, ლამაზ სივრცეში ნანხმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც შაბათი  დღე თენდებოდა, ერთი სული გვქონდა, ბაბუასთან წავსულიყავით, კიდევ მენახა ეს ყველაფერი და რაც შეიძლება მეტხანს დავრჩენილიყავით. იქ ბევრი საინტერესო მხატვრის ნამუშევრებს ვეზირე. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და სადღაც 15 წლის ასაკიდან გადავწყვიტე,  შემეღო კარი ხელოვნების სივრცეში.

ჩემს ქუჩაზე აღმოვჩინე, რომ თურმე არსებობდა სამხატვრო სტუდია. იმ დროს ბაბუა უკვე გარდაცვლილი იყო, 2000 წელს დაიღუპა. როდესაც შევაღე სახელოსნოს კარი და დავინახე მოლბერტი, გავიფირე, – ეს არის ჩემი საქმე. იქიდან დაიწყო ჩემი მონაწილეობა ხელოვნებაში. ამაში დიდი როლი ბაბუამ, დათიკომ ითამაშა…” – ასე იხსენებს დათოკოსთან გატარებულ წლებს დათო ურუშაძე..

მისი ნახატების დიდი ნაწილიც სწორედ იმ დროს, 90-იანი წლების თბილისს, თბილისურ ზამთარს და რთულ, მაგრამ მაინც ბედნიერ ბავშვობას ასახავს…

 

როგორც დათო გვიყვება, დათიკოს სახელოსნოში ნამდვილი საოცრება ტრიალებდა…

დათო ურუშაძე: კარებს რომ შეაღებდი,  ერთ კუთხეში იდო ძველებური ხაპები, გურიის ვარიატში მოწყობილი, ცოტა იქეთ  იმერლების კუთხე იყო, მოშორებით ყარაჩოღელების ტაბლა იდო. აქეთ ბერძნული ქანდაკებები, წმინდა გიორგის ქანდაკება, დანტე ალიგიერი, ვენერას ტორსი, მოკლედ,  გარეთ გამოსვლა არ მოგინდებოდა. სახლში მოსულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზღაპრული სამყაროდან, რეალურ სამყაროში დავბრუნდი…

მაშინ,  რეალურ სამყაროში, ჭვარტლიანი ლამპების ხანა იდგა, თუმცა სირთულეების მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობები პეწს არ კარგავდა..

90-იანი წლების ჭვარტლიანი ლამპები, რომელიც დათომ თავის შემოქმედებაში გადაიტანა, სულ მალე, ცალკე სერიად გამოვა…

 

დათიკო ურუშაძესთან გატარებულმა წლებმა მაინც თავისი ქნა და დათო ურუშაძემ აკადემიის კარი შეაღო.. დიდ აუდიტორიაში კი მას დიდი თემო გოცაძე დახვდა…

როგორც დათო გვიყვება, თემოსთან გატარებულმა წლებმა და მასთან ურთიერთობამ, მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა…

“თემო გოცაძე ჩემთვის არის ადამიანობის მისაბაძი მაგალითი… გამორჩეულია არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ ადამიანურ ურთიერთობაშიც… მასთან ერთად გატარებულმა წლებმა ძალიან ბევრი რამ მომცა არა მხოლოდ მე, არამედ აკადემიის ძალიან ბევრ სტუდენტს…

“ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი არჩილ კორძაია   დაგვპატიჟა თავის სახელოსნოში. რომ შევაღეთ კარი, უზარმაზარი სურათები დახვდა. პირდაღებული ვისხედით, რა უნდა გვეთქვა, რა გველაპარაკა არ ვიცოდით. სულელი ბავშვივით დავდიოდი და ვათვალიერებდი ყველაფერს… არასდროს დამავიწყდება ქალბატონი მარინას შეხვედრაც, ისე მიგვიღო, თითქოს ძალიან ახლობლები ვიყავით…

 

 

დათო ურუშაძე: ბატონი თემოს შემდეგ იყვნენ მხატვრები გივი თოიძე, გოგი წერეთელი, რომლებმაც ძალიან დიდი სტიმული მომცეს. ერთხელ მახსოვს, სამების საგამოფენო დარბაზში იმართებოდა გამოფენა.  მითხრეს  შენი ნამუშევარი მოიტანეო.  დახატული მქონდა იესოს ნათლობა იორდანეს მდინარეზე. მითხრეს ამას ვერ გამოვფენთო, გული მეტკინასავით და ავიტანე ზემოთ, ჩემს მეგობრებთან… შემოდის გოგი წერეთელი, – ვა ეს ნახატი ვისიაო, ბატონო გოგი ჩემია-თქო. აქ რატომ დადევიო? უბრალოდ ქვემოთ გამოფენას აკეთებენ და დამიწუნეს-მეთქი. გინდა ახლავე ჩავიდეთ, გამოგყვები და ვეტყვი, რომ ეს ნახატი იმსახურებს გამოფენასო? არა ბატონო გოგი არაა საჭირო-მეთქი.

გული არ დაგწყდეს, შენს ხელოვნებას გაყევიო. მან ამ სიტყვებით მომცა ძალიან დიდი სტიმული.  აკადემიაში ჩემი პედაგოგები იყვნენ ასევე გიორგი ჩაჩანიძე, ალფრედ ეპიტაშვილი, უაღერესად განათლებული ადამიანები. ერთხელ შევეკითხე, რა არის პერსპექტივა-მეთქი და მითხრა , წერტილს ხომ ხედავ, აი ეს არის პერსპექტივაო.

 

კითხვაზე – საბოლოოდ რომელი წერტილი აიღე, რა გახდა შენი პერსპექტივა და მიმართულება მხატვრობაში? – დათო  ამბობს, რომ ეს წერტილი ფერწერა გახდა…

“რა თქმა უნდა, ფერწერა. რომელიც არის ჩემი სულის გამომხატველი. ამაში უფრო გამოვხატავ იმ ყველაფერს რაც ადამიანის გულს ათბობს და აღვიძებს. კი გრაფიკაშიც შეიძლება ყველაფერი გადმოსცე ორი მონახაზით, თუნდაც ჩანახატით, მაგრამ ფერით გადმოცემულში სულ სხვა სიძლიერე და ენერგიაა.”

 

თუმცა, მთავარი ამბავი, რასაც დათო ურუშაძის გამოფენაზე ნახავთ უახლოეს მომავალში, 90-იანი წლების ზამთრის თბილისი და გამჭვარტლული ლამპები იქნება..

ვიცი, რომ ახლა მუაობ 90-იანი წლების თემებზე, თავისი გამჭვარტლული ლამპებით, მცივანა და მძიმე, თუმცა ხალისიანი ბავვობით,  ამაზე მინდა ვისაუბროთ…

გეტყვით ახლაეს იდეა როგორ მოვიდა _  ვიჯექი ჩემთვის, რაღაც პატარ-პატარა  ჩანახატებს ვაკეთებდი და შემთხვევით ზამთრის ფორმა მოვხაზე, შემდეგ დავიწყე ემოციის გაკეთება ზამთრის თემაზე, მერე რომ დავფიქრდი, რასთან შეიძლებოდა ეს დამეკავშირებინა, გადავწყვიტე  ჩემი ბავშვობის სითბო გამომეხატა, მძიმე და თბილი მოგონებებით…

დათო ურუშაძე: იყო გაჭირვება, უშუქობა, მაგრამ ბუნდოვან ლამპის შუქზე ზოგი ლექსებს კითხულობდა, ზოგი ჭადრაკს თამაშობდა, ზოგი კარტს. ავიღე ეს  თემა და გადმოვეცი ისე, როგორც მე მინდოდა. ერთი ტილო მაქვს გაკეთებული, გაჭვარტლული ლამპები და ოქროსფერი უკან. ეს ოქროსფერი არის იმ სითბოს სულიერი გადმოცემა, რაც ბავშვობაში გავიარეთ.

 

დათო ურუშაძის ზამთრები ფერადია, თან ზამთარია, თან თბილა, თან რთული პერიოდია, მაგრამ ყველა ბავშვი მაინც ბედნიერია – ესეც 90-იანი წლების თემატიკაა…

დათო ურუშაძე: რა თქმა უნდა, 90 -იანებია, იმ პერიოდისაა. ერთხელ, კარგად მახსოვს შემოვედი სახლში, შუქი არ იყო როგორც ყოველთვის, ლამპა ანთია. ზუსტად 10 წუთში შემორბის ჩემი ძმა, რა ხდება მეთქი, გარეთ რამხელა თოვლი დევსო. გავგიჟდით კინაღამ, 10 წუთში მუხლებამდე თოვლი მოსულა. რომ დავიწყეთ გუნდაობა, დილამდე ვერ შემოგვიყვანეს მშობლებმა, ისეთ დღეში ვიყავით. ეს თბილი განცდები მაქვს ასახული ძირითადად ნახატებში. სიცივეში სითბო არის ჩემთვის უძვირფასესი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა.

რაც შეეხება გეგმებს, გეგმები ბევრი აქვს…

“ჩემი თავისგან ვითხოვ უფრო მეტს, ვიდრე სხვისგან. ალბათ დადგება დრო, როცა ჩემი ნამუშევრებიც გამოიფინება. პერსონალურ გამოფენაზეც ვფიქრობ,  უბრალოდ თავი გავაცნო ადამიანებს, ყველას აზრს მოვუსმენ.

 

სტატიის ავტორია თამარ ლეფსვერიძე - Ipress.ge

 

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე, 2021-12-14


კომენტარები